საქართველოში მაღალია სესხით სარგებლობის მაჩვენებელი. მაგალითად, ბოლო 10 წლის განმავლობაში, საქართველოს ოჯახების 83%-ს აღებული აქვს გარკვეული სახის სესხი ან ვალი. სასესხო ურთიერთობები, მათი სპეციფიკის გათვალისწინებით, შეიძლება პრობლემური გახდეს და ერთი ან მეორე მხარის ინიციატივით სასამართლო დავამდე მივიდეს. კვლევები ადასტურებს, რომ სასამართლოში არსებული სამოქალაქო დავების თითქმის ნახევარი (49%) სწორედ სესხიდან გამომდინარე ურთიერთობებს უკავშირდება. ამ სტატიაში ვისაუბრებთ რა პრინციპებით იხილავს ქართული სასამართლო ამ ტიპის დავებს და რა გამოწვევები აქვს მართლმსაჯულებას ამ სფეროში.
რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?
ვალთან და სესხთან დაკავშირებული ურთიერთობები, ოჯახებისთვის შეიძლება საკუთრების და ზოგიერთ შემთხვევაში, უკანასკნელი საცხოვრებლის დაკარგვითაც კი დასრულდეს. ამდენად, ფინანსურ და ეკონომიკურ მხარესთან ერთად, ამ ტიპის სამართლებრივ დავებს მნიშვნელოვანი სოციალური განზომილება აქვს და ამდენად, სასამართლოს როლიც განსაკუთრებით საყურადღებოა.
ჩვენი კომენტარი
სასესხო ურთიერთობების მონაწილე მხარეები ზოგიერთ შემთხვევაში ერთმანეთთან იმთავითვე უთანასწორო და არათანაბარ მდგომარეობაში იმყოფებიან. არსებული პროცესუალური გარანტიები კი ერთ მხარეს არსებულ ძალაუფლებას, გამოცდილებასა და ფინანსურ უპირატესობას ვერ აბალანსებს.
რა უნდა ვიცოდეთ?
სესხთან დაკავშირებული საკითხები სასამართლოში სამოქალაქო წესით იხილება. ასეთ დავებში სასამართლო განხილვას დაიწყებს, თუ ურთიერთობის მონაწილე რომელიმე მხარე მას თავისი უფლებების დასაცავად მიმართავს. საქმეთა განხილვა რამდენიმე პრინციპს ეფუძნება, მათ შორისაა, დისპოზიციურობა და შეჯიბრებითობა. მოსამართლე, კანონმდებლობის სხვა მოთხოვნებთან ერთად, ამ ორი პრინციპით არის შებოჭილი.
რას ნიშნავს დისპოზიციურობა?
დავის განხილვა იწყება პირის გადაწყვეტილებით, რომ საკუთარი უფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს. იგი სასამართლოს თავად ჩამოუყალიბებს მოთხოვნას, მოთხოვნის საფუძველს, ფარგლებს და მიუთითებს მოთხოვნის ადრესატსაც, ანუ მისი მოთხოვნის შესრულებაზე პასუხისმგებელ პირს - მოპასუხეს. სასამართლო თავისი ინიციატივით არც საქმის განხილვას დაიწყებს და ვერც მხარის მოთხოვნის ფარგლებს გასცდება. მაგალითად, ვერ მიაკუთვნებს მას იმაზე მეტს, რასაც თავად მოსარჩელე ითხოვს. თავის მხრივ, მოპასუხეც უფლებამოსილია თავად განსაზღვროს დაიცვას თავი, აღიაროს მის მიმართ არსებული მოთხოვნა, თუ მორიგდეს მხარესთან. თუ მოპასუხე უარის იტყვის თავდაცვაზე, (მაგ.: არ წარადგენს შესაგებელს ან არ გამოცხადდება სხდომაზე), მაშინ სასამართლო მის დაუსწრებლად მოსარჩელის სასარგებლო გადაწყვეტილებას გამოიტანს. დავის მორიგებით დასრულება შესაძლებელია მაშინ, როცა ორივე მხარე მათთვის მისაღებ პირობებზე შეთანხმდება; სასამართლო ვალდებულია დარწმუნდეს, რომ მხარეები აცნობიერებენ გამოვლენილი ნების სამართლებრივ შედეგებს და საჯარო წესრიგთან მორიგების პირობის თავსებადობას.
რას ნიშნავს შეჯიბრებითობა და რა როლი აქვს პროცესში მოსამართლეს?
სასამართლოსადმი მიმართვისას თითოეული მხარე თავად წყვეტს, რა გარემოებებს უნდა დაეფუძნოს მათი პოზიცია და როგორ უნდა დაადასტურონ ეს გარემოებები. მოსარჩელე მიუთითებს მოთხოვნის საფუძვლად მიჩნეულ ფაქტებს და მათ დასადასტურებლად საჭირო მტკიცებულებებს; ხოლო მოპასუხემ სასამართლოს უნდა წარუდგინოს ყველა ის გარემოება, რომელიც შესაძლოა მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი გახდეს. სასამართლო ფაქტებს, მტკიცებულებებს, სადავო საკითხის ან მოსალოდნელი შედეგების მიმართ პოზიციებს (მაგ.: საცხოვრებლის დაკარგვა), ინდივიდუალურ გარემოებებზე (მაგ.: ოჯახის სოციალური მდგომარეობა) მითითებას და მტკიცებას მხარეებისგან ელის; თავად მათი ყოველმხრივი, სრულყოფილი და ობიექტური სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას. პროცესის შეჯიბრებითობაც მხარეებსა და სასამართლოს შორის სწორედ ამგვარად გადანაწილებულ როლებში ვლინდება.
შეჯიბრებითობა იმთავითვე გულისხმობს მხარეების თანაბარ საპროცესო უფლებებსა და შესაძლებლობებს, რომ სასამართლოს წარუდგინონ თავიანთი მტკიცებულებები, გაქარწყლონ ან გაბათილონ მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტები. ამას თანასწორობის, იგივე თანაბარი შესაძლებლობების პრინციპი ეწოდება. ამასთან, მოსამართლე სამართლიანად გადაანაწილებს მტკიცების ტვირთს მასზე, ვისაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების დადასტურება ობიექტურად სჭირდება და შეუძლია. მოსამართლე პროცესის ხელმძღვანელობის როლით შემოიფარგლება. მისი ფუნქცია გადაწყვეტილების მიღებამდე სწორედ იმაში ვლინდება, რომ მხარეთა თანასწორობა უზრუნველყოს კანონის დაცვით, ორივე მხარის მიმართ ობიექტური, სამართლიანი, მიუკერძოებელი საქმისწარმოებით და მათი საპროცესო უფლებების, სამართლებრივი შედეგების განმარტებითა და თანასწორად რეალიზებით.
რა პრობლემაა?
მხარეთა კანონით გარანტირებული თანაბარი საპროცესო შესაძლებლობები ყოველთვის ვერ უზრუნველყოფს მათ პრაქტიკულ თანასწორობას. ხშირად მხარეებს საქმის წარმოებაზე სამართლებრივი გავლენის მოხდენის რეალური შესაძლებლობა არ აქვთ და ყველაზე უკეთ ეს პროცესში კვალიფიციური იურიდიული მხარდაჭერის გარეშე მონაწილეობისას ვლინდება. სამართალწარმოება ხარჯიანი პროცესია და სპეციალურ სამართლებრივ ცოდნას მოითხოვს. მათ, ვისაც ეს რესურსი არ აქვთ, საკუთარი ინტერესების დაცვას სასამართლოში სათანადოდ ვერ ახერხებენ. ასეთ პირებს სახელმწიფოები უფასო იურიდიული დახმარების სერვისებს სთავაზობენ, თუმცა ხშირად ეს ვერ სწვდება ყველას, ვისაც სოციალური, ეკონომიკური თუ სხვა ფაქტორების გამო, ამის რეალური საჭიროება აქვს.
რა ხდება ამ მხრივ საქართველოში?
საქართველოშიც დავები შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე განიხილება და მას გამარჯვებული მხარე ჰყავს - ის, ვინც შეძლებს თავისი წილი მტკიცების ტვირთის ზიდვას და უკეთ დაარწმუნებს სასამართლოს თავისი მოთხოვნის დასაბუთებულობაში. მოსამართლეები ამ საკითხზე „კომენტართან“ ინტერვიუში ადასტურებენ, რომ ხშირად პირი პროცესზე ადვოკატის გარეშეა წარმოდგენილი და საკუთარი ინტერესების დაცვას ვერ ახერხებს, მათ შორის ისეთ საქმეებშიც კი, რომლებიც საბოლოოდ, შესაძლოა მათთვის საცხოვრებლის დაკარგვით დასრულდეს. უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის წინაპირობებიც მკაცრად შეზღუდულია და ვერ სწვდება ყველას, ვისაც ეს რეალურად სჭირდება.
მოსამართლეები ამბობენ, რომ სუსტი მხარის ინტერესების დაცვაში საკუთარ როლს მხარეთა მორიგების ხელშეწყობაში ხედავენ; ხშირია მოსამზადებელი სხდომის მოწვევაც, რაც პირს საშუალებას აძლევს, დააზუსტოს ფაქტობრივი გარემოებები და მოსამართლისთვის უფრო გასაგები გახადოს თავისი მოთხოვნისა და პოზიციის არსი. აგრეთვე, მოსამართლეს უფლება აქვს მხარეებს დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენა შესთავაზოს, თუმცა არა კონკრეტულის, და თუკი ისინი დაადასტურებენ რომ მცდელობის მიუხედავად, ვერ შეძლეს მტკიცებულების ვინმესგან მოპოვება, მათივე მოთხოვნის საფუძველზე, თავად გამოითხოვოს ისინი სასამართლოს განჩინებით. თვითინიციატივით მოსამართლეს მტკიცებულებების წარდგენა/მოპოვება მხოლოთ კანონით წინასწარ გაწერილ შემთხვევებში შეუძლია, მაგალითად, საოჯახო დავების განხილვისას.
ეს მექანიზმები შეჯიბრებით პროცესში მხარეთა რეალურ უთანასწორობას ნაწილობრივ აზღვევს, თუმცა პრაქტიკა აჩვენებს და მოსამართლეებიც ადასტურებენ, რომ მათ გამოყენებას სისტემური ხასიათი არ აქვს. მიზეზი რამდენიმეა: როგორც წესი, მოსამართლეები ვალდებულნი არ არიან ზემოთ განხილული მექანიზმები სუსტი მხარის სასარგებლოდ აამუშაონ და მეორე, სასამართლოს გადატვირთულობა მათ არ აძლევთ საშუალებას პროცესზე უფრო აქტიური, გულისხმიერი როლი შეითავსონ. რაც მთავარია, ისინი განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდებიან შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვის საკითხს და ფიქრობენ, რომ მოსამართლის დამატებითი აქტივობა მასთან შესაძლოა წინააღმდეგობრივი აღმოჩნდეს.