პოლიტიკური პოლარიზაცია მკაფიოდ განსხვავებული შეხედულებების მქონე პირთა დაპირისპირებას, მათ შორის წინააღმდეგობრივი მუხტის გაძლიერებას გულისხმობს. ის ამახინჯებს ჯგუფებს შორის ნორმალურ კომუნიკაციასა და ხელს უშლის შეთანხმებას სტრატეგიულ საკითხებზე. ამ სტატიაში მოკლედ განვიხილავთ პოლარიზაციის მნიშვნელობას, მის ფორმებს და ვიმსჯელებთ, როგორი გავლენა აქვს მას დემოკრატიაზე.
რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?
საქართველოში მწვავედ დგას ემოციური პოლარიზაციის საკითხი, რაც პარტიებს შორის აშკარა და პირად დაპირისპირებაში ვლინდება. პოლარიზაციის დაძლევა ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის ერთი-ერთი პირობაა.
ჩვენი კომენტარი
ემოციური პოლარიზაცია საფრთხეა საქართველოს მყიფე დემოკრატიისათვის, ის არ გვაძლევს განვითარების, ნორმალურ პოლიტიკურ რეჟიმში დაბრუნებისა და საზოგადოებისთვის საჭირობოროტო საკითხებზე მუშაობის საშუალებას.
პოლიტიკური პოლარიზაციის რა ფორმებია ცნობილი?
პოლარიზაცია მთავარი საკითხია თანამედროვე დემოკრატიის კრიზისებზე მსჯელობისას. ის მთელ მსოფლიოში გვხვდება, თუმცა სხვადასხვა ფორმით და მასშტაბით. პოლარიზაცია თანაბარად მნიშვნელოვანი გამოწვევაა როგორც მყარი, ასევე ჩამოყალიბების პერიოდში მყოფი დემოკრატიული სისტემებისათვის.
ყველაზე ხშირად პოლიტიკური პოლარიზაციის ორ ტიპს გამოყოფენ:
იდეოლოგიური პოლარიზაციის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ პარტიების დაყოფა მიგრანტების მიღების მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად დაყოფა. ამგვარ დაყოფაში მხარეებს რადიკალურად განსხვავებული პოზიციები აქვთ ეროვნული მნიშვნელობის საკითხებზე.
აფექტური/ემოციური პოლარიზაციის დროს პოლიტიკური ჯგუფებს შორის წინააღმდეგობა, როგორც წესი, პერსონალურია და ხალხისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე განსხვავებული პოზიციების გამო არ წარმოშობილა. შესაბამისად, იგი აბრკოლებს სახელმწიფოებრივ საკითხებთან დაკავშირებით პოლიტიკური ჯგუფების აქტიურობას, სრულად გადააქვს აქცენტი კერძო დაპირისპირებაზე.
პოლარიზაცია გავლენას ახდენს ამომრჩევლის ქცევაზეც. ასეთ დროს მოქალაქე არჩევანს აკეთებს არა კონკრეტული პარტიის მიმართ საკუთარი სიმპათიების, არამედ მოწინააღმდეგე პარტიასთან დაპირისპირების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, პოლარიზაცია შეიძლება შეგვხვდეს როგორც პარტიებს, ისე ამომრჩევლებს შორის. ამ კლასიფიკაციის მიხედვით განასხვავებენ ელიტურ და სახალხო/მასობრივ პოლარიზაციას:
ელიტური და მასობრივი პოლარიზაცია დამოუკიდებლად ან ურთიერთგავლენის საფუძველზე წარმოიშობა. ელიტურმა პოლარიზაციამ შეიძლება გამოიწვიოს მასობრივი პოლარიზაცია ან, პირიქით, მასობრივი პოლარიზაციის შედეგები პოლიტიკურ ურთიერთობებში გამოვლინდეს.
მასალა მომზადდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი - სამხრეთ კავკასიის რეგიონის დაფინანსებით, პროექტის ფარგლებში „ინკლუზიური და კონსენსუალური პოლიტიკური გარემოს მხარდაჭერა საქართველოში“. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის "კომენტარს" და შესაძლებელია არ გამოხატავდეს ფონდის შეხედულებებს.