პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
ეთნიკური უმცირესობების მონაწილეობა შრომის ბაზარზე − არსებული გამოწვევები და საერთაშორისო მიდგომა
თებერვალი 5, 2024

საქართველოში სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობა ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების თანმდევი მოვლენაა. ეთნიკური უმცირესობები კი დამატებით აწყდებიან პრობლემებს დასაქმების და შემოსავლის გამომუშავების თვალსაზრისით. 

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა? 

 ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში გამოწვევაა სახელმწიფო ენის სათანადოდ ცოდნა.   ეს კი ქმნის არა მხოლოდ ყოველდღიური კომუნიკაციის, არამედ უმაღლეს განათლებაზე, საჯარო თუ კერძო სექტორში დასაქმებაზე და სერვისებზე სრულფასოვანი წვდომის პრობლემას. 

 ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ როგორია საერთაშორისო სტანდარტები და ქვეყანაში არსებული კონტექსტი. 

ჩვენი კომენტარი 

 ეთნიკურ უმცირესობებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ ქვეყნის სოციო-ეკონომიკურ ცხოვრებაში, ამით კი მთელი საზოგადოება იღებს სარგებელს. ეს დემოკრატიის მნიშვნელოვანი ელემენტია, ვინაიდან ხელს უწყობს ერთიანობას, თანასწორობას და უმცირესობების სრულფასოვან ინტეგრაციას. 

როგორია საერთაშორისო სტანდარტები?   

სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება

ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციისთვის აუცილებელია, რომ მათ შეეძლოთ ეფექტიანი სოციალური და ეკონომიკური მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის ცხოვრებაში, აგრეთვე თანაბრად ისარგებლონ ქვეყნის რესურსებითა და საერთო დოვლათით. თანაბარი სოციალური და ეკონომიკური პირობებისა და შესაძლებლობების შექმნა გათვალისწინებულია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაშიც. 

დასაქმებაზე ხელმისაწვდომობა

ეთნიკური უმცირესობების მონაწილეობა სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში გულისხმობს შრომის ბაზარზე ხელმისაწვდომობას, ასევე თვითდასაქმების, ბიზნესის დაწყებისა და განხორციელების შესაძლებლობებს. სახელმწიფოებს ევალებათ ხელი შეუწყონ უმცირესობების მონაწილეობის გაზრდას დასაქმების სფეროებში პოზიტიური მექანიზმების დანერგვის გზით, უზრუნველყონ თანაბარი შესაძლებლობების არსებობა. კერძოდ, ეს ღონისძიებები შეიძლება მოიცავდეს საგანმანათლებლო ან გადასამზადებელ პროგრამებს, დაფინანსების გამოყოფას, გრანტების მიღების შესაძლებლობებს, კვოტებს, საგადასახადო შეღავათებს ან/და სხვა მიზნობრივ პროგრამებს. ასევე, სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ეთნიკური უმცირესობების საჯარო სამსახურებში დასაქმებას როგორც ეროვნულ, ისე ადგილობრივ დონეზე.  

რა გამოწვევებია საქართველოში? 

სიღარიბე  

ეთნიკური უმცირესობები მეტად განიცდიან სიღარიბეს და ფინანსურ სირთულეებს. მაღალია უმუშევრობის დონეც, ხოლო სამუშაო ძალის მიღმა მყოფი პირების წილი, მთელ მოსახლეობასთან შედარებით, ეთნიკურ უმცირესობებში უფრო დაბალია. ეს ორი გარემოება მიუთითებს იმაზე, რომ ეთნიკური უმცირესობები სამუშაოს აქტიურად ეძებენ, თუმცა მათ უფრო უჭირთ დასაქმება. ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში (ქვემო ქართლი და სამცხე-ჯავახეთი) მოსახლეობის დაახლოებით 1/3 სოციალურად დაუცველთა ბაზაშია რეგისტრირებული. ამ გამოწვევებს ადასტურებს საზოგადოებრივი განწყობის ბოლო კვლევაც, რომლის მიხედვითაც, ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში ოთხიდან ერთ მოქალაქეს საკვების ყიდვისთვის საკმარისი ფული არ აქვს.  

დასაქმება 

დასაქმების შემთხვევაშიც ეთნიკურ უმცირესობებს, როგორც წესი, მცირე შემოსავალი აქვთ, ვინაიდან ისინი უფრო მეტად მუშაობენ ისეთ სფეროებში, სადაც შემოსავლები დაბალია. უმცირესობები მეტწილად შინამეურნეობაში არიან ჩართული ან მუშაობენ საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებაში. აგრეთვე, ბოლო პერიოდში, თვალშისაცემია მომსახურების სფეროში ეთნიკური უმცირესობების დასაქმების ზრდაც. 2022 წლის მონაცემებით, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში (ქვემო ქართლი და სამცხე-ჯავახეთი) საშუალო ხელფასები ქვეყნის მასშტაბით არსებულ საშუალო ხელფასზე რამდენიმე ასეული ლარით დაბალი იყო. 2022 წლის ერთ-ერთი კვლევის თანახმად კი, გამოკითხულ ეთნიკურ უმცირესობათა დაახლოებით 60%-ის თვიური შემოსავალი 400 ლარამდე მერყეობდა, 1000 ლარზე მეტი შემოსავალი კი მხოლოდ 6%-ს ჰქონდა. 

დაბალია ეთნიკური უმცირესობების საჯარო სამსახურში დასაქმების მაჩვენებელიც და ამას მრავალი ბარიერი განაპირობებს. არსებობს სტაჟირების შესაძლებლობა 1+4 საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულთათვის. თუმცა, პროგრამა არ უზრუნველყოფს სტაჟირების შემდგომ დასაქმების ხელშეწყობას.  

შესაბამისად, ეთნიკური უმცირესობებისთვის ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში თანასწორი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ შეიმუშაოს სისტემური პოლიტიკა, რომელიც გადამზადებისა და დასაქმების ხელშეწყობის პირობებს შექმნის. 


სტატია მომზადებულია პროექტის ,,საზოგადოების მედეგობის გაზრდა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ინფორმაციისა და ანალიზის ხელმისაწვდომობის გზით“ ფარგლებში, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) მიერ გაცემული ფონდებით, გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. მოსაზრებები, მიგნებები და დასკვნები, რომლებიც გადმოცემულია ტექსტში ეკუთვნის მხოლოდ ავტორებს და ისინი აუცილებლად არ ასახავს IWPR-ისა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობის შეხედულებებს. 

მასალა მოამზადეს
მარიამ სვიმონიშვილი
მარიამ სვიმონიშვილი
ავტორი
მერაბ ქართველიშვილი
მერაბ ქართველიშვილი
რედაქტორი