უძრავი ქონებით დატვირთული ვალდებულებები ზოგჯერ გამოსახლებით სრულდება. ამის მიზეზი შეიძლება იყოს მაღალი და მზარდი საპროცენტო განაკვეთი, ეკონომიკურად არასტაბილური გარემო და ისეთი უსამართლო ხელშეკრულებები, რომლებიც უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს მსესხებელს.
რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?
საქართველოში გამოსახლების მაჩვენებელი მაღალია, რაც მოწყვლად ჯგუფებს ხშირად უსახლკაროდ ტოვებს. ეს კი ზღუდავს შესაძლებლობას, ადამიანებს ჰქონდეთ ცხოვრების, შრომისუნარიანობისა თუ სოციალური კეთილდღეობისთვის აუცილებელი საჭიროებები.
გამოსახლების პროცედურა ხშირად დამამცირებელია. შესაბამისად, უნდა ვიცოდეთ, ამ მხრივ როგორი კანონმდებლობაა ქვეყანაში, როგორი მდგომარეობაა და როგორი შეიძლება იყოს უკეთესი პრაქტიკა.
ჩვენი კომენტარი
იძულებითი გამოსახლების პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ სახელმწიფო ორიენტირებულია იპოთეკარის/გამსესხებელის ინტერესების დაცვაზე და ნაკლებად ითვალისწინებს მსესხებლის მდგომარეობას. ეს ნიშნავს, რომ არ ცდილობს დამატებითი რესურსის გაღებას პრობლემის უფრო სამართლიანად მოგვარებისათვის.
მაგალითად, საქართველოში არ არსებობს საბინაო პოლიტიკის ისეთი შემადგენელი ელემენტები, როგორებიცაა: საბინაო ფონდი, უსახლკაროდ დარჩენის შემთხვევაში ცენტრალურ დონეზე ფინანსური დახმარება, სამართლებრივი მხარდაჭერა და ა.შ. ეს ღონისძიებები, სამართლიანი დაკრედიტების შემთხვევაში, შესაძლებელს გახდიდა მუშაობას უკანასკნელი საცხოვრისის დაკარგვის მწვავე პრობლემის მოსაგვარებლად.
რა პრაქტიკაა საქართველოში?
იპოთეკური სესხების შედეგად გამოსახლების საფრთხის წინაშე მყოფი ადამიანების ნაწილი, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდ თანხას იხდიან, მაინც რჩებიან უკანასკნელი საცხოვრებლის დატოვების რისკის წინაშე. სოციალური სამართლიანობის ცენტრის კვლევის თანახმად:
- 2010 წელს $15 000-ის მსესხებელს უკვე $54 000 ჰქონდა გადახდილი კრედიტორისთვის, ის კი საპასუხოდ იპოთეკით დატვირთული ბინის გაყიდვას ითხოვდა და დამატებით $65 000-ის მიღება სურდა;
- 2012 წელს $7000-ის გასესხებით კრედიტორი 150 წლის ეზო-კარს დაეპატრონა და ოჯახისგან $22 700-ს ითხოვდა უძრავი ქონების უკან დასაბრუნებლად;
- 2015 წელს $6 000-ის მსესხებელს უკვე $14 000 ჰქონდა გადახდილი კრედიტორისთვის, ეს უკანასკნელი კი მის ბინას მაინც დაეუფლა და მის ორ მცირეწლოვან შვილს ბინიდან გამოსახლებით ემუქრებოდა.
როგორ რეგულირდება გამოსახლებასთან დაკავშირებული საკითხები საქართველოში?
- 2016 წლამდე არსებული რეგულირება ითვალისწინებდა მესაკუთრის განცხადების საფუძველზე, შემჭიდროვებულ ვადებში, პოლიციის მიერ ძალის გამოყენებით გამოსახლების შესაძლებლობას. შემდგომ საკანონმდებლო ცვლილებებით გამოსახლების თაობაზე გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოდ სასამართლო განისაზღვრა;
- საგულისხმოა, რომ ეს რეგულირება გამოსახლებას მხოლოდ საკუთრების უფლების დაცვის კუთხით განიხილავს და მისი ძირითადი მიზანი მესაკუთრის უფლების აღდგენაა. როგორც წესი, სასამართლო არ აფასებს გამოსახლების აუცილებლობასა და პროპორციულობას, გამოსახლების რისკის წინაშე მყოფ პირთა საჭიროებებსა და ამ მიმართულებით სახელმწიფოს ვალდებულებებს;
- გარდა ამისა, ცვლილებებით გამოსახლების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არის შესაძლებელი, რაც გულისხმობს, რომ გამოსახლება შესრულდება გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაშიც;
- ახლებურ მოწესრიგებას ძირეულად არ შუცვლია გამოსახლების ბუნება. მისი „პოზიტიური შედეგი“ არის ის, რომ გამოსახლების პროცედურა უფრო ხანგრძლივი გახდა;
- გარდა ამისა, გამოსახლების პროცესში სააღსრულებო პოლიციაც იღებს მონაწილეობას და თუ პირები საკუთარი ნებით არ ათავისუფლებენ უძრავ ქონებას, ისინი ძალისმიერი მეთოდებით გამოჰყავთ.
საგულისხმოა, რომ საქართველოს კანონმდებლობით არ არის დადგენილი გამოსახლების შეზღუდვა ღამით, ზამთარში ან/და ცუდ ამინდში, რაც, გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებისა და სოციალური უფლებების ევროპული კომიტეტის მიხედვით, საცხოვრებლის უფლების დარღვევას წარმოადგენს.