გიგ-ეკონომიკამ ფუნდამენტურად შეცვალა შრომის ბაზარი, შექმნა მუშაობის ახალი ფორმები, ეს კი შრომითი ურთიერთობებისთვის ახალი გამოწვევაა.
ასეთ შრომას ახასიათებს მოქნილი გრაფიკი, არატრადიციული შეთანხმებები და ციფრული პლატფორმების გამოყენება, რომლითაც იგი უპირისპირდება დასაქმების სტანდარტულ ცნებას.
გიგ-ეკონომიკაში შრომითი ურთიერთობების სირთულეების გააზრება მნიშვნელოვანია ძალაუფლების დინამიკის, თანასწორობისა და მშრომელთა პრობლემების იდენტიფიცირებისათვის.
რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?
გიგ მშრომელთა რაოდენობის ზრდა გრძელვადიან პერსპექტივაში აისახება დასაქმებულთა უფლებებზე, სოციალურ თანასწორობასა და ეკონომიკურ სამართლიანობაზე.
მნიშვნელოვანია, გვქონდეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორი პრობლემების წინაშე დგანან მშრომელები. შრომითი ურთიერთობების რეგულირება ხელს უწყობს სწორი პოლიტიკის ჩამოყალიბებას, რომელიც იცავს მათ უფლებებს და ქმნის მდგრად გიგ-ეკონომიკას.
ჩვენი კომენტარი
გიგ-ეკონომიკაში შრომითი ურთიერთობების გამოწვევებისა და შესაძლებლობების გაანალიზებისას, აუცილებელია ისეთი სამომავლო პოლიტიკის შექმნა, რომლის პრიორიტეტი იქნება მშრომელთა გაძლიერება, სოციალური სამართლიანობა და სოციალური თანასწორობა. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ შრომის ბაზრის მომავალი, რომელიც იცავს ყველა დასაქმებულის უფლებებსა და ღირსეულ პირობებს უზრუნველყოფს.
რა უნდა ვიცოდეთ?
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დადგენილი სტანდარტები აჩვენებს, რომ აუცილებელია, გიგ-ეკონომიკაში დასაქმებული პირების შრომითი ურთიერთობები იყოს მოწესრიგებული. ILO ყურადღებას ამახვილებს ღირსეული შრომის მნიშვნელობაზე ყველა ინდივიდისათვის, მიუხედავად მათი დასაქმების ადგილისა.
თუმცა გიგ-ეკონომიკაში ხშირად რთულია ამ პრინციპების დაცვა, რადგან ამ სექტორში ფაქტობრივად შეუძლებელია სოციალური დაცვის სისტემაში მონაწილეობა, შეზღუდულია კოლექტიური მოლაპარაკების უფლება და არ არის ხელმისაწვდომი სამართლიანი კომპენსაცია.
რა ხდება საქართველოში?
საქართველოში კურიერების პირველი პროტესტი და გაფიცვა 2021 წელს შედგა, როგორც პასუხი უთანასწორო პირობებსა და არასათანადო კომპენსაციაზე. მას შემდეგ არაერთი მსგავსი ერთობლივი წინააღმდეგობის შემთხვევა გვახსოვს. პროტესტის ეს შემთხვევები გიგ-ეკონომიკაში არსებული გამოწვევების თვალსაჩინო მაგალითებია. ეს პროტესტები ნათელს ჰფენს გიგ-ეკონომიკის ფარგლებში შრომითი ურთიერთობების დინამიკას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და მშრომელთა გაძლიერების აუცილებლობას.
როგორც წესი, მიტანის სერვისში დასაქმებულები მინიმალურ შრომით გარანტიებსა და ღირსეული ანაზღაურებას ითხოვენ. თუმცა კომპანიები ხშირად პროტესტში ჩართულ მშრომელებს პასუხად აპლიკაციებზე წვდომას უზღუდავენ და მიუთითებენ, რომ კურიერები რეალურად არა დასაქმებულები, არამედ პარტნიორები არიან.
საგულისხმოა, რომ საქართველოს სახალხო დამცველმა კურიერებთან გაფორმებულ მომსახურების ხელშეკრულებაზე საქართველოს შრომის კოდექსის დაცვის სტანდარტები გაავრცელა და მათ მიმართ განსხვავებული მოსაზრებების ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა.
გაფიცვების სერიამ ყურადღება გაამახვილა ძალაუფლების დისბალანსსა (გიგ-მუშაკებსა და კომპანიებს შორის) და დამოუკიდებელ კონტრაქტორებად კლასიფიცირებული მშრომელების დაუცველობაზე.
შესაბამისად, საჭირო გახდა სამართლიანი შრომითი პრაქტიკის ჩამოყალიბება, მათ შორის, კოლექტიური მოლაპარაკებების მექანიზმების შექმნა, ანაზღაურებისა და შეღავათების მინიმალური სტანდარტების უზრუნველყოფა და დასაქმებულთა დაცვის გაძლიერება.
საერთაშორისო გამოცდილება
საერთაშორისო დონეზე ორგანიზაციები სამართლებრივი მიდგომებით ცდილობენ გაუმკლავდნენ გიგ ეკონომიკაში არსებულ გამოწვევებს. ეს კი გულისხმობს საკანონმდებლო რეგულირებას, გიგ მშრომელების სტატუსის გადაკლასიფიცირებას ან დარგობრივი რეგულაციების დაწესებას.
მაგალითად, საკანონმდებლო მოწესრიგება, რომელიც გიგ-მუშაკებს აქცევს თანამშრომლებად, მათზე ავრცელებს ისეთ მექანიზმებს, როგორებიცაა მინიმალური ხელფასის გარანტიები და სოციალური დაცვის შეღავათებზე წვდომა.
სექტორული რეგულაციებით შესაძლებელია დადგინდეს ინდუსტრიის სტანდარტები, სამართლიანი მოპყრობა და შესაძლებელი გახდეს სპეციფიკური პრობლემების მოგვარება, რომლებიც დამახასიათებელი იქნება გიგ-ეკონომიკის სხვადასხვა სექტორისათვის.