პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
ხარისხიანი განათლება – ინტეგრაციისთვის
თებერვალი 27, 2024

განათლების უფლება საქართველოს კონსტიტუციით არის გარანტირებული. ამ უფლების სრულფასოვანი რეალიზება აუცილებელია დემოკრატიული სახელმწიფოს შენებისთვის. ამავე დროს, დაბრკოლებები განათლების ხელმისაწვდომობის კუთხით ადამიანს უზღუდავს სრულფასოვანი არსებობის საშუალებას.

ეთნიკური უმცირესობებისთვის ხარისხიანი განათლების მიღება არის პოტენციალის, უნარ-ჩვევების, ცოდნისა და შესაძლებლობების განვითარების წინაპირობა, რაც აუცილებელია მათი თანაბარ პირობებში საზოგადოებრივ ცხოვრებაში ეფექტიანი ინტეგრაციისთვის.

რატომ უნდა მაინტერესებს ეს თემა?

ეთნიკური უმცირესობების განათლების უფლების რეალიზება სწავლების ყველა საფეხურზე გარკვეულ დაბრკოლებებთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა გამოწვევების წინაშე დგანან და რა შეიძლება იყოს გამოსავალი.

ჩვენი კომენტარი

ათწლეულია, ეთნიკური უმცირესობების განათლების მიმართულებით მიმდინარეობს რეფორმები, თუმცა რიგი მნიშვნელოვანი ცვლილებების მიუხედავად, ეს არ ყოფილა ერთიანი სისტემური პროცესი. სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები დღემდე არ არის საკმარისი არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად.

რა გამოწვევებია?

ადრეული და სკოლამდელი განათლება

ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში სკოლამდელი დაწესებულებები არ არის საკმარისი. აგრეთვე, საბავშვო ბაღებთან წვდომის კუთხით შეზღუდულია აღსაზრდელთა ტრანსპორტირების შესაძლებლობებიც.

დეტალურად იხილეთ:

სკოლამდელი განათლების მნიშვნელობა ეთნიკურ უმცირესობებში

გარდა ამისა, ეთნიკურ უმცირესობათა ენობრივ საჭიროებებზე მორგებული ხარისხიანი ადრეული განათლების მიმართულებით არსებობს სხვა გამოწვევებიც:

  • ბილინგვური განათლების სიმცირე – განათლების სამინისტროს მოწოდებული ინფორმაციით, ბილინგვური პროგრამა 2022-2023 სასწავლო წელს 14 ბაღში ხორციელდებოდა, ხოლო 2023-2024 სასწავლო წელს 34 ბაღში მიმდინარეობს, თუმცა აქედან მხოლოდ 4 საბავშვო ბაღი მდებარეობს ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ რეგიონში.
  • აღსაზრდელთა საჭიროებების შესაბამისი კადრებისიმცირე.
  • სათანადო ხარისხის რესურსებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა.

ზოგადი განათლება

სასკოლო განათლება, სკოლამდელ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან შედარებით, უფრო ხელმისაწვდომია. თუმცა, პრობლემურია არაქართულენოვან სკოლებში ხარისხიანი სასკოლო განათლების მიღება. სხვადასხვა ცვლილება, რაც ქართულენოვან სკოლებში დროთა განმავლობაში მიმდინარეობს, არაქართულენოვან სკოლებში ან საერთოდ არ ინერგება, ან ინერგება დაგვიანებით. გარდა ამისა, განათლების პოლიტიკის შემუშავებისას ნაკლებად ითვალისწინებენ ადგილობრივ კონტექსტსა და საჭიროებებს.

დეტალურად იხილეთ:

ეთნიკური უმცირესობების გამოწვევები ზოგადი განათლების მიმართულებით

პროფესიული განათლება

2016 წლიდან ეთნიკურ უმცირესობებს აქვთ შესაძლებლობა მშობლიურ ენაზე ჩააბარონ პროფესიული ტესტირება და სახელმწიფო დაფინანსებით ჩაირიცხონ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ამასთანავე, ისინი გადიან ქართული ენის შემსწავლელ კურსს. შედეგად, მათ მეტ პროფესიულ პროგრამაზე მიუწვდებათ ხელი და ამ მიმართულებით დადებითი ტენდენციებიც თვალსაჩინოა.  ამავე დროს, არსებობს გარკვეული გამოწვევებიც:

  • პროფესიული განათლების პროგრამები სრულად ორიენტირებული არ არის ეთნიკური უმცირესობების საქმიანობის მიმართულებებზე, აგრეთვე, ნაკლებად მოქნილია ვადებისა გეოგრაფიული მდებარეობის მხრივ.
  • მართალია პროფესიული განათლების სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომია სახელმწიფო ენის გაუმჯობესების პროგრამები, თუმცა ის საბაზისო დონე, რომლითაც სტუდენტები ირიცხებიან, არ არის საკმარისი ხანმოკლე დროში ენის ცოდნის იმდენად გასაუმჯობესებლად, რომ სტუდენტმა სრულფასოვნად შეძლოს პროგრამის დაძლევა.

აქვე, საგულისხმოა ისიც, რომ ეთნიკურ უმცირესობათა პროფესიულ განათლებაზე წვდომის გასაუმჯობესებლად, ახალი კოლეჯები შენდება, არსებული დაწესებულებებიც ვითარდება.

უმაღლესი განათლება

1+4 პროგრამა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და წარმატებული მექანიზმია. მისი მოქმედების შემდეგ უნივერსიტეტებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტების რაოდენობა თითქმის ყოველწლიურად იზრდება. თუმცა, ეს საშეღავათო პოლიტიკა ხარვეზებსაც შეიცავს და გაუმჯობესებას საჭიროებს.

დეტალურად იხილეთ:

1+4 პროგრამა ეთნიკური უმცირესობებისთვის - რა უნდა ვიცოდეთ?

ხშირ შემთხვევაში, ეთნიკური უმცირესობების სტუდენტებისათვის რთულია საბაკალავრო პროგრამების წარმატებით დასრულება. ამის მიზეზი ძირითადად ენობრივი ან/და ფინანსური სირთულეებია, ამას გარდა, არსებობს ზოგადი აკადემიური მზაობის პრობლემაც, რასაც ზოგადი განათლების საფეხურზე არასაკმარისად ხარისხიანი განათლება განაპირობებს. შედეგად, სწავლის მიტოვების მაჩვენებელი მაღალია. სტუდენტობამდე მისვლასა და საბაკალავრო პროგრამის დასრულებას, მხოლოდ დაახლოებით მესამედი ახერხებს.

დამხმარე მასწავლებლები

1+4 პროგრამის კურსდამთავრებულებისთვის მოქმედებს „არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა.“ ამ მექანიზმის ფარგლებში 1+4 პროგრამის კურსდამთავრებულები სკოლებში დამხმარე მასწავლებლის სტატუსით ადგილობრივ მასწავლებლებთან ერთად მუშაობენ. ეს კარგი შესაძლებლობაა როგორც მასწავლებელთა საკადრო პრობლემების მოსაგვარებლად და სკოლაში ახალი კადრების შესვლის თვალსაზრისით, აგრეთვე 1+4 პროგრამის კურსდამთავრებულთა დასაქმებისა და პროფესიული განვითარებისთვის. თუმცა, მასწავლებლის სტატუსის მოპოვება პროგრამაში ჩართული პირებისთვის დამატებით ძალისხმევასთან არის დაკავშირებული. მათ უნდა ჩააბარონ საგნის გამოცდა ქართულ ენაზე და გაიარონ „ერთწლიანი მასწავლებლის მომზადების პროგრამა“. ეს პროგრამა კი არაა მოქნილი, რათა უნივერსიტეტის (მათ შორის, 1+4 პროგრამის) კურსდამთავრებულებმა შეძლონ რეგიონებში მუშაობის პარალელურად სწავლა. ისინი არ შედიან მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში და არ გააჩნიათ შესაბამისი სტატუსი.

რა უნდა გაკეთდეს?

განათლების პოლიტიკაში ეთნიკური უმცირესობების სპეციფიკური საჭიროებების გასათვალისწინებლად, მნიშვნელოვანია გადაწყვეტილებების მიღებისა და დაგეგმვისას ადგილობრივი კონტექსტის მხედველობაში მიღება. ამისთვის კი აუცილებელია ადგილობრივი საჭიროებების სისტემატური და კომპლექსური კვლევა. გამოწვევების გადაწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ კარგად გააზრებული და მიზანმიმართული სახელმწიფო პოლიტიკის მეშვეობით, რომელიც ორიენტირებული იქნება უმცირესობების საზოგადოებრივ ინტეგრაციაზე.

სკოლამდელ საფეხურზე განათლების ხელმისაწვდომის გასაზრდელად, მნიშვნელოვანია სათანადო რაოდენობის საბავშვო ბაღების დროულად მშენებლობა/დასრულება, აგრეთვე, ამის პარალელურად, იქ სადაც ამის საჭიროებაა, აღსაზრდელთა ტრანსპორტირების უზრუნველყოფა.

ბილინგვური განათლების სათანადოდ დასანერგად კი არსებითია ასეთი სწავლებისთვის საჭირო სახელმძღვანელოების/რესურსების დროულად შემუშავება;  სათანადო რაოდენობის ორენოვანი პედაგოგების მომზადება/გადამზადება; საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი სასკოლო სახელმძღვანელოების ხარისხიანად თარგმნა საგნის სპეციალისტების ჩართულობით.

პროფესიული განათლების ხელშეწყობისთვის საჭიროა რეგიონების საჭიროებებზე ორიენტირებული, მოქნილი პროგრამების შემუშავება, რაც თავის მხრივ, გააუმჯობესებს ეთნიკურ უმცირესობათა თემებში პროფესიულ განათლებაზე წვდომას.

საუნივერსიტეტო განათლების კუთხით მნიშვნელოვანია, ქართულ ენაში კომპეტენციის დადგენის მიზნით, ენობრივი დონის განმსაზღვრელი ტესტის ჩატარება და შემდგომ სტუდენტებისთვის შესაბამისი პროგრამის შეთავაზება, აგრეთვე უნივერსიტეტებში სოციალური ინტეგრაციისკენ მიმართული აქტივობების დანერგვა.

არაქართულენოვან სკოლებში მასწავლებელთა (მათ შორის, ორენოვან მასწავლებელთა) დეფიციტისა და 1+4 პროგრამის კურსდამთავრებულთა დასაქმების პრობლემის გადაჭრის გზა, შესაძლოა იყოს ეთნიკური უმცირესობებისთვის მასწავლებლის პროფესიის წახალისება. ამისათვის, პირველ რიგში, საჭიროა 1+4 პროგრამით მოსარგებლეებისთვის უფასო ფაკულტეტებზე სწავლის შეზღუდვის მოხსნა, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ასეთ ფაკულტეტებზე სწორედ ის სპეციალობები ისწავლება, რომელთა მასწავლებლებიც განსაკუთრებით მწირია არაქართულენოვან სკოლებში. გარდა ამისა, ეს გავლენას იქონიებს 1+4 პროგრამის მიტოვების მაჩვენებელზეც, ვინაიდან სტუდენტებს ნაკლებად ექნებათ ფინანსური ბარიერები, ამავე დროს, მეტი დასაქმების შესაძლებლობა. ასეთი მასწავლებლების რიცხვის ზრდა თავის მხრივ, დადებითად აისახება სკოლებში როგორც საგნობრივი სწავლის ხარისხზე, ასევე ქართული ენის ცოდნაზე.


სტატია მომზადებულია პროექტის ,,საზოგადოების მედეგობის გაზრდა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ინფორმაციისა და ანალიზის ხელმისაწვდომობის გზით“ ფარგლებში, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) მიერ გაცემული ფონდებით, გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. მოსაზრებები, მიგნებები და დასკვნები, რომლებიც გადმოცემულია ტექსტში ეკუთვნის მხოლოდ ავტორებს და ისინი აუცილებლად არ ასახავს IWPR-ისა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობის შეხედულებებს. 

მასალა მოამზადეს
მარიამ სვიმონიშვილი
მარიამ სვიმონიშვილი
ავტორი
მერაბ ქართველიშვილი
მერაბ ქართველიშვილი
რედაქტორი