პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
მძიმე მუხლები დემონსტრანტების დასაშინებლად
მაისი 23, 2024

15 აპრილიდან 17 მაისამდე პერიოდში კანონის საწინააღმდეგო აქციაზე 200-მდე დემონსტრანტი დააკავეს. მათ შორის 7 პირი სისხლის სამართლის წესით. ასევე,  საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვაზე ინტენსიურად იბარებენ დემონსტრანტებს. ამ სტატიაში მოკლედ ვიმსჯელებთ იმ დანაშაულებზე, რომელთა გამოყენებითაც სახელმწიფო დემონსტრანტების დაფრთხობას და პროტესტის შესუსტებას ცდილობს.

ჩვენი კომენტარი

ხელისუფლება პროტესტის ჩასახშობად მიზანმიმართულად იყენებს რეპრესიის სხვადასხვა ფორმას, მათ შორის, მძიმე, პრობლემურ და არსებულ სამართლებრივ წესრიგსა და კონსტიტუციასთან შეუსაბამო მუხლებს. მას ამ გზით ხალხის დაშინება და პროტესტის შესუსტება სურს.

რა მუხლებს იყენებს სახელმწიფო დემონსტრანტების წინააღმდეგ?

     1. მუხლი 187: ნივთის დაზიანება და განადგურება

რას კრძალავს ეს მუხლი?

187-ე მუხლი საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულს ეხება. ის  სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას კრძალავს. ნივთის დაზიანებად ითვლება ქონების ისეთი თვისობრივი შეცვლა, რომლის დროსაც არსებითად უარესდება მისი მდგომარეობა, ღირებულება, მიზნობრივი გამოყენებისთვის მთლიანად ან ნაწილობრივ გამოუსადეგარი ხდება. განადგურება კი გულისხმობს  ნივთზე იმგვარ ზემოქმედებას, რომელიც აბსოლუტურად გამოუსადეგარს ხდის მას.

რა არის ამ მუხლში პრობლემური?

ეს მუხლი ათანაბრებს ორი განსხვავებული შედეგის მქონე ქმედებას – ნივთის დაზიანებასა და განადგურებას. მიუხედავად იმისა, რომ ნივთის განადგურება თავისი არსით უფრო მძიმეა ვიდრე დაზიანება, კანონი მათ საერთო სანქციის ქვეშ აქცევს.

რას ნიშნავს „მნიშვნელოვანი“ ზიანი?

ამ მუხლით პირის პასუხისმგებლობა ვერ დადგება, თუ ქმედებამ მნიშვნელოვანი ზიანი არ გამოიწვია. ასეთი დანაშაულისთვის მნიშვნელოვან ზიანად მიიჩნევა ისეთი ზიანი, რომელიც 150 ლარს აღემატება. ზიანის ასეთი განმარტება 2006 წლიდან მოქმედებს. მიუხედავად იმისა, რომ 2006 წლის შემდეგ ვალუტის მდგრადობა, მისი მსყიდველობით უნარი არსებითად შეიცვალა, მნიშვნელოვანი ზიანის განსაზღვრის წესი არ შეცვლილა.

რა არის საყურადღებო?

ეს რეგულაცია განსაკუთრებით პრობლემურია დამამძიმებელ გარემოებებთან მიმართებით, რაც ზრდის თავისუფლების აღკვეთის ვადას. მაგალითად, თუ პირს სახელმწიფო ნივთის ჯგუფურად დაზიანებას ედავება, სანქციამ შესაძლოა 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას მიაღწიოს. აქციების კონტექსტში ხელისუფლება დემონსტრანტებს სწორედ ჯგუფურად ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ედავება და მათ წინააღმდეგ ამ ნორმას იყენებს ჯებირის ან დროებითი კონსტრუქციის არაარსებითი დაზიანების შემთხვევაშიც.

     2. მუხლი 222: ტელერადიო მაუწყებლობის ან კავშირგაბმულობის დაწესებულების ანდა სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება

რას კრძალავს ეს მუხლი?

ეს ნორმა აერთიანებს ტელერადიომაუწყებლობის, კავშირგაბმულობის, სტრატეგიულ და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებს და კრძალავს მათ ხელში ჩაგდებას ან ბლოკირებას.

რა არის ამ მუხლში პრობლემური?

მუხლის შინაარსიდან გაუგებარია კონკრეტულად რომელი ობიექტებს გულისხმობს კანონი. ადრე არსებობდა სპეციალური კანონები, რომლებიც ასეთ ობიექტებს განმარტავდა. დღესდღეობით არცერთი მათგანი აღარ მოქმედებს.

იმისთვის, რომ პირის ქმედება ამ მუხლით შეფასდეს, დაწესებულების/ობიექტის ხელში ჩაგდებას ან ბლოკირებასთან ერთად, სახეზე უნდა იყოს მათი ნორმალური ფუნქციონირებისთვის ხელის შეშლა ან ამგვარი შეფერხების საფრთხის შექმნა.

ეს ნორმა კანონის განჭვრეტადობის და სამართლებრივი უსაფრთხოების მოთხოვნებს ვერ პასუხობს. ის სახელმწიფოს ფართო დისკრეციას აძლევს და მისი არაკეთილსინდისიერი გამოყენების საფრთხეს ქმნის. ამ რისკებს ადასტურებს დემონსტრაციების პარალელურად ხელისუფლების განცხადებებიც. მაგალითად, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ნორმას ისე განმარტავს, რომ პოლიციას პარლამენტთან მიახლოების გამო დემონსტრანტების დაკავების უფლებას აძლევს.

საგულისხმოა, რომ ამ მუხლის თავდაპირველი მიზანი არ ყოფილა მსგავსი სახელისუფლებო ობიექტების დაცვა, მითუმეტეს, აქციების დროს. თუმცა, იმ აქტების გაუქმების ფონზე, რომელიც უშუალოდ ადგენდა ნორმისთვის მნიშვნელოვანი ობიექტების ჩამონათვალს, სახელმწიფომ გადაწყვიტა, ეს ნორმა კონსტიტუციურ პრინციპებთან წინააღმდეგობრივი პრაქტიკით გამოიყენოს. სახელმწიფო ცდილობს ამ მუხლის გამოყენებით დასაჯოს ქმედება, რომლისთვისაც პასუხისმგებლობას სინამდვილეში სისხლის სამართლის კოდექსი არ ადგენს, მაგალითად პარლამენტის შენობასთან იმგვარი მიახლოება რომელიც ხელს არ უშლის მის ფუნქციონირებას. ხაზგასასმელია ისიც, რომ შეკრება/მანიფესტაციების დადგენილი წესით ჩატარებას სისხლის სამართლის კოდექსის სხვა, სპეციალური ნორმები იცავს (მაგალითად, 347-ე მუხლი).

     3. მუხლი 225: ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა

რას კრძალავს ეს მუხლი?

ეს მუხლი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ადგენს იმგვარი ჯგუფური მოქმედების ორგანიზების, ხელმძღვანელობისა ან მონაწილეობისთვის, რომელსაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება. პასუხისმგებლობის დაწესებისთვის თანმდევი შედეგის დადგომა აუცილებელი არ არის. ამდენად, პირს, შესაძლოა, იმ შემთხვევაშიც დაეკისროს პასუხისმგებლობა თუ მის ხელმძღვანელობას, ორგანიზებას ან მონაწილეობს ჯგუფურ ძალადობაში არ მოჰყოლია მნიშვნელოვანი ზიანი.

რა არის პრობლემური ამ ნორმაში?

ეს ნორმა არ აკონკრეტებს ქმედების მიზანს, როგორც ეს თითქმის ყველა, მსგავსი შინაარსის სპეციალურ ნორმებში გვხვდება. ეს ხელს აძლევს გამოძიებას, მუხლის შემადგენლობაში ბევრი განსხვავებული მიზნის მქონე ქმედება მოაქციოს. ამავდროულად, ის აფართოებს ჯგუფური ძალადობის გამოვლინების ფორმებს და მასში აერთიანებს როგორც ძალადობას, ასევე რბევას, სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, იარაღის გამოყენებას, მისი გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობას ან თავდასხმას.

ამ მუხლის მიზნებისთვის ფართოა იარაღის ცნებაც. აქ იგულისხმება ნებისმიერი მოწყობილობა ან საგანი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ცოცხალი ან სხვა ობიექტის დასაზიანებლად ანდა გასანადგურებლად. მათ შორის არის ცრემლსადენი ნივთიერებაც, რომელსაც, შესაძლოა, არ ჰქონდეს იმგვარი საზიანო ეფექტი, როგორც ცეცხლსასროლ ან ცივ იარაღს.

     4. მუხლი 226 - ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ან მასში აქტიური მონაწილეობა

რას კრძალავს ეს მუხლი?

ამ მუხლით აკრძალულია იმგვარი ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან დაკავშირებულია ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან. გასათვალისწინებელია, რომ ეს ნორმაც, კრძალავს როგორც ქმედების ორგანიზებას, ასევე მასში აქტიურ მონაწილეობას.

რა არის მასში პრობლემური?

ამ მუხლის ფარგლებში ექცევა ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის არ დაარღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, არ იქნება მიმართული ხელისუფლების კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობისკენ, მაგრამ გამოიწვევს ტრანსპორტის, საწარმოს, დაწესებულების, ან ორგანიზაციის მუშაობის შეფერხებას. ამავდროულად, ეს ნორმა ბუნდოვანია, რაც ართულებს იმის წინასწარ და მკაფიო განსაზღვრას, თუ როდის შეიძლება ჩაითვალოს ქმედება დანაშაულად, მაგალითად, ასეთი შემთხვევებია:

  • საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა;
  • ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობა;
  • ასეთ მოქმედებაში აქტიური მონაწილეობა.

ეს შეფასების ფართო დისკრეციას აძლევს სახელმწიფოს და ვერ აზღვევს მისი არაკეთილსინდისიერი, მიკერძოებული განმარტების რისკებს. ამგვარი რეგულაცია ვერ აკმაყოფილებს კანონის განჭვრეტადობის ტესტს და კონსტიტუციასთან შეუსაბამო სტანდარტით აცხადებს ქმედებას დასჯადად.

     5. მუხლი 353 წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ

რას კრძალავს ეს მუხლი?

ეს მუხლი კრძალავს პოლიციის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევას, რომელიც მიზნად ისახავს ძალადობით ან ძალადობის მუქარით:

  • საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში უფლებამოსილი პირის ხელის შეშლას;
  • მისი საქმიანობის შეწყვეტას ან შეცვლას.

უფლებამოსილი პირისთვის ხელის შეშლა, შესაძლოა, გამოიხატოს აშკარად უკანონო ქმედების განხორციელებისთვის მის იძულებაშიც.

რა არის ამ ნორმაში პრობლემური?

პოლიციელი უფლებამოსილების განხორციელების დროს ვალდებულია დაიცვას საქმიანობის კანონით განსაზღვრული ფარგლები, არ გადაამეტოს ან ბოროტად არ გამოიყენოს ის. სწორედ  პოლიციელის კანონიერი საქმიანობის მოლოდინი ამართლებს მისთვის წინააღმდეგობის გაწევის აკრძალვას. საგულისხმოა, რომ პოლიციელის ქმედება, რამდენად კანონიერი საფუძველიც არ უნდა ჰქონდეს მას საწყის ეტაპზე, ვერ იქნება კანონიერი, თუ ის უფლებამოსილების განხორციელებისას დაარღვევს მისთვის დაკისრებულ ვალდებულებებს. მაგალითად, კანონს დაარღვევს პოლიციელი, რომელიც, მართალია, კანონიერად იწყებს პირის დაკავებას, თუმცა, დაკავების პროცესში ფიზიკურად ძალადობს პირზე. ძალის გადამეტების ინიციირება პოლიციის მხრიდან პირს თავდაცვის კანონიერ უფლებას ანიჭებს. პოლიციელი დაცულია  უფლებამოსილების განხორციელებისას იქამდე და იმ დოზით, სანამ ის მოქმედებს მართლზომიერად, კანონმდებლობის ფარგლებში.

     6. მუხლი 3531 (პირველი ნაწილი) პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე, ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხვა

რას კრძალავს ეს მუხლი?

ეს მუხლი იცავს პოლიციელის, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის (ასევე მათი ოჯახის წევრების), საჯარო დაწესებულების ფიზიკურ ხელშეუხებლობას  (თავდასხმის აკრძალვა), ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. ნორმის დაცვის მიზანი უკავშირდება პოლიციელის/ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობას.

რა არის პრობლემური ამ მუხლში?

ეს ნორმა პოლიციას მის მიერ განხორციელებული საქმიანობიდან გამომდინარე ანგარიშსწორებისგან იცავს. ამგვარი რეგულაცია (სპეციალური ნორმის შემოღება პოლიციელის საქმიანობის დასაცავად) სახელმწიფოს მხრიდან პოლიციელის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის ხელშეუხებლობის დემონსტრირებაა. ის განსაკუთრებული დაცვის ქვეშ აქცევს მათ.

მნიშვნელოვანია, რომ ნორმის შემფარდებელმა ეს მუხლი არ გაავრცელოს პოლიციის არამართლზომიერ ქმედებაზე საპასუხო კანონიერ და ლეგიტიმურ რეაგირებაზე, მათ შორის, პოლიციისგან მომავალი ძალადობისას თავდაცვის ან სხვისი დაცვის  ლეგიტიმურ/კანონიერ ქმედებებზე.

ამ სტატიაში განხილული ნორმების სწორი და კეთილსინდისიერი გამოყენება სამართალწარმოების სხვადასხვა ეტაპზე საგამოძიებო ორგანოების, პროკურატურის და სასამართლოს პასუხისმგებლობაა.

მასალა მოამზადეს
თამარ გვასალია
თამარ გვასალია
ავტორი
სოფო ვერძეული
სოფო ვერძეული
რედაქტორი