პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
მოსამართლეთა პროფკავშირი და მართლმსაჯულების დესაკრალიზაცია
ივნისი 2, 2023

2015 წლიდან, პოლონეთის ხელისუფლებაში მემარჯვენე პოპულისტური პარტიის მოსვლის შემდეგ, პოლონეთის სასამართლოს მძიმე პოლიტიკურ შეტევებთან უწევს გამკლავება. ამ წლების განმავლობაში პოლონეთის სასამართლომ და საზოგადოებამ წინააღმდეგობისა და ორგანიზების საინტერესო გამოცდილება შექმნეს. სასამართლოს დამოუკიდებლობის დასაცავად სულ რამდენიმე კვირის წინ ფართომასშტაბიანი დემონსტრაციები იმართებოდა ისრაელშიც, რამაც პრემიერ ნეთანიაჰუს უკანდახევა აიძულა. 

მიუხედავად იმისა, რომ ათეული წლებია, საქართველოს ყველა ხელისუფლება ცდილობს და წარმატებით ახერხებს, სასამართლო საკუთარი პოლიტიკური ამოცანების შემსრულებლად აქციოს, ჩვენ წინააღმდეგობის ასეთი გამოცდილება არ გვაქვს. ბუნებრივია, ამას არაერთი მიზეზი აქვს. სასამართლოსაგან საზოგადოების გაუცხოების ფაქტორები წინა სტატიაში განვიხილეთ. ახლა კი გვინდა, მოსამართლეთა თვითორგანიზებისა და სოლიდარობის გამოცდილებაზე ვისაუბროთ. 

 

როგორი ფორმა შეიძლება ჰქონდეს მოსამართლეთა გაერთიანებას და რა სიკეთის მოტანა შეუძლია მას? წინაბდებარე სტატიაში ამ საკითხებს განვიხილავთ. 

 

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

 

მოსამართლეთა თვითორგანიზება სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი რესურსია. თუმცა საქართველოში რეალური და დამოუკიდებელი თვითორგანიზების გამოცდილება უკიდურესად მწირია, რადგან ძალაუფლებაში მყოფი ჯგუფები ამ იდეას ჩანასახშივე უპირისპირდებიან და ასუსტებენ. ამ საკითხზე დისკუსიის დაწყება და მოსამართლეთა გაერთიანების ფორმებისა და გამოცდილებების ძიება მნიშვნელოვანია. 

 

ჩვენი კომენტარი

 

სასამართლოს დამოუკიდებლობის კრიზისი პოლიტიკური ხასიათის პრობლემაა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ, არსებული პოლიტიკური სისტემის ცვლილების გარეშე, უკეთესი სასამართლოს შექმნის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს. გარდა სისტემური ცვლილებებისა, საჭიროა მოსამართლეთა გაერთიანება სასამართლოს დამოუკიდებლობის იდეის გარშემო. 

 

ამგვარი გაერთიანება უნდა ეფუძნებოდეს ღირებულებებს და არა პირადი ან კლანური გავლენების გაზრდას. მისი მიზანი უნდა იყოს მოსამართლის დამოუკიდებლობის დაცვა, სოლიდარობის გაზრდა სისტემის მიერ დაჩაგრული მოსამართლეების მიმართ და ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნის მოთხოვნა. ამის მისაღწევად მოსამართლეთა თვითორგანიზების ახალი ფორმების აღმოჩენაა საჭირო. მოსამართლეთა პროფესიული კავშირის დაფუძნება ერთ-ერთი ასეთი ფორმა შეიძლება იყოს. 

 

მოსამართლეთა გაერთიანების რა გზები არსებობს საქართველოში? 

 

მოსამართლეთა გაერთიანების რამდენიმე ფორმა არსებობს, მაგალითად, მოსამართლეთა ასოციაციის შექმნა ან მოსამართლეთა პროფესიულ კავშირში გაწევრიანება. თუმცა საქართველოში მხოლოდ ასოციაციების შექმნის გამოცდილება არსებობს. 

 

ასოციაციების შექმნის ინიციატივა ან შემდეგ მათი მართვის და პოლიტიკის განსაზღვრის ძალაუფლება, როგორც წესი, ყოველთვის გავლენიანი მოსამართლეების ხელშია. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იყო მცდელობა, რომ გავლენიანი მოსამართლეების გარეშე მომხდარიყო მოსამართლეთა ნაწილის ორგანიზება ალტერნატიული ასოციაციის ფარგლებში. ახალი ასოციაციის შექმნა მოხერხდა, თუმცა, სხვადასხვა ფაქტორის გამო, მან მალევე შეწყვიტა არსებობა.     

 

როგორია საერთაშორისო გამოცდილება?

 

სასამართლო ხელისუფლების ერთ-ერთი შტოა და ბუნებრივია, რომ მოსამართლე საჯარო მოხელის ან კერძო სექტორში დასაქმებული პირისაგან განსხვავდება. თუმცა არაერთი წყარო მიუთითებს, რომ მათ მსგავსად, მოსამართლეებსაც შეუძლიათ კოლექტიური მოქმედება, ასოციაციებსა და პროფესიულ კავშირებში გაერთიანება. მოსამართლეებზე გაერთიანებასთან დაკავშირებული შეზღუდვები არ ვრცელდება. 

 

მოსამართლეთა ასოციაციები ორგანიზების გავრცელებული ფორმაა. პროფესიული კავშირების შექმნა კი დიდწილად ქვეყნების სამართლებრივ სისტემებსა და ტრადიციაზეა დამოკიდებული. ზოგიერთ კონტექსტში მოსამართლეთა პროფესიულ კავშირში გაწევრიანება სახიფათოდ ითვლებოდა ისტორიულად ამ ქვეყნებში პროფესიული კავშირების მკვეთრი პოლიტიზირების (პარტიებთან ასოცირების) გამო. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში ასეთად მიიჩნეოდა ლეიბორისტული პარტიისა და პროფკავშირების მჭიდრო ურთიერთობა. თუმცა ეს მიდგომა ბოლო წლებში შეიცვალა. 

 

პროფკავშირების შექმნის განსხვავებული გამოცდილებები ასევე დაკავშირებულია მოსამართლეთა დანიშვნისა და სასამართლოს ორგანიზების თავისებურებებთან. ამის მაგალითია შვეიცარიის სისტემა, რომელშიც ათეულობით სასამართლო ერთმანეთთან მჭიდრო კავშირის გარეშეა გაერთიანებული. 

 

ბოლო წლებში საერთაშორისო ორგანიზაციების  პოზიცია მოსამართლეთა პროფესიულ კავშირებში გაწევრიანების შესაძლებლობაზე პოზიცია უფრო და უფრო მკვეთრი ხდება, რასაც მართლმსაჯულების დესაკრალიზაციას, ანუ მისტიკურობის შემცირებას და სამოქალაქო ბუნების გამოკვეთას მიაწერენ. ამის ნიშანია მოსამართლეთა პროფკავშირების შექმნა ისეთ ქვეყნებში, რომლებშიც ამ საკითხს, როგორც წესი, ფრთხილად უყურებდნენ (მაგალითად, დიდ ბრიტანეთში).

 

უფრო კონკრეტულად:

 

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) განმარტებით, მოსამართლეებისა და პროკურორებისთვის შიდა კანონმდებლობით დაწესებული შეზღუდვა პროფესიულ კავშირში გაწევრიანებაზე ეწინააღმდეგება შრომის საერთაშორისო კონვენციებს. გაეროს სპეციალური მომხსენებელიც მიუთითებს, რომ მოსამართლეებს აქვთ პროფესიულ კავშირსა ან არასამთავრობო ორგანიზაციაში წევრობის უფლება.  

 

მოსამართლეთა პროფკავშირები ევროპის ქვეყნებში: 

 

  • საფრანგეთში მოსამართლეთა ასოციაცია 1968 წელს დაარსდა და მალევე მოსამართლეთა პროფკავშირად გადაკეთდა. დღეს ის ისეთივე სამართლებრივ სტატუსს ატარებს, როგორსაც ნებისმიერ სხვა სფეროში შექმნილი პროფკავშირი. საფრანგეთის მოსამართლეებს პროტესტის და გაფიცვის გამოცდილებაც აქვთ;
  • იტალიაში მოსამართლეთა პროფესიული კავშირები 1960-იან წლებში შეიქმნა;
  • ზოგიერთ ქვეყანაში მოსამართლეთა პროფესიული ინტერესების დაცვის მიზანი ასოციაციებმა შეითავსეს. მაგალითად, გერმანიაში მოსამართლეთა პროფკავშირი არ არსებობს. თუმცა არსებობს ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე ასოციაცია, რომელიც ითავსებს პროფკავშირის ფუნქციებს;
  • ესპანეთის კონსტიტუცია კრძალავს მოქმედ მოსამართლეთა და პროკურორთა გაწევრიანებას პროფკავშირში. ეს შეზღუდვა ისტორიულად მომდინარეობდა მოსაზრებისაგან, რომ პროფკავშირში გაერთიანება ეწინააღმდეგებოდა ეთიკას და მოსამართლეთა პოლიტიზებას იწვევდა. ესპანეთში ნებადართულია მოსამართლეთა ასოციაციის შექმნა და საინტერესოა ის ფაქტი, რომ ესპანეთის მართლმსაჯულებას ასევე აქვს მოსამართლეთა გაფიცვის გამოცდილება;
  • 2023 წელს დიდი ბრიტანეთის პროფკავშირმა მოსამართლე წევრების მიღება დაიწყო.

 

რატომ პროფესიული კავშირი?

 

მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლეთა ასოციაციებსა და პროფესიულ კავშირებს მეტ-ნაკლებად მსგავსი მიზნები ამოძრავებთ, პროფესიულ კავშირს რამდენიმე ძირითადი უპირატესობა აქვს, რაც საქართველოს შემთხვევაში გულისხმობს შემდეგს:

  • რესურსები - პროფესიული კავშირების გარანტიები, პროცესებზე ზეგავლენის მექანიზმები და სამუშაო რესურსები შესაძლოა აღემატებოდეს ასოციაციების რესურსებს;
  • ბუნება - პროფკავშირი ბუნებრივ წინააღმდეგობაშია ადმინისტრაციული თანამდებობის მქონე მოსამართლეებთან, თავმჯდომარეებთან, იუსტიციის საბჭოს წევრებთან, ანუ იმ გავლენიან ჯგუფთან, რომელიც სასამართლოს შიგნით უსამართლო პრივილეგიებს და შეღავათებს ფლობს და პოლიტიკური მხარდაჭერაც აქვს;
  • გამოცდილება - საქართველოში უკვე არსებობს მოსამართლეთა ასოციაციების ხანგრძლივი გამოცდილება და შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაერთიანების ამ ფორმაზე კონტროლის მოპოვებას ყოველთვის ახერხებდნენ გავლენიანი მოსამართლეები. ბუნებრივია, ეს რისკი პროფესიული კავშირის შემთხვევაშიც არსებობს. თუმცა, როგორც ითქვა, პროფესიული კავშირის არსი სწორედ მათი პრივილეგიების წინააღმდეგ ბრძოლაში მდგომარეობს. 

 

რა შეიცვლებოდა პროფკავშირის არსებობის შემთხვევაში?

 

დღეს საქართველოში მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფისგან დამოუკიდებელი მოსამართლეთა პროფესიული კავშირი რომ არსებობდეს, ის საჯაროდ ისაუბრებდა:

 

  • შრომის უსამართლო განაწილებაზე სასამართლოს შიგნით;
  • ადმინისტრაციულ პოზიციებზე მყოფი მოსამართლეების დაუსაბუთებელ პრივილეგიებზე;
  • ხელფასებისა და დანამატების არასამართლიან განაწილებაზე;
  • კოლეგიურ ორგანოებში, ადმინისტრაციული პოზიციების მქონე მოსამართლეების ნაცვლად, რიგითი მოსამართლეების წარმომადგენლობის აუცილებლობაზე
  • სასამართლოს თავმჯდომარეების ფორმალურ და არაფორმალურ როლზე, მათი უფლებამოსილებების შეზღუდვის საჭიროებაზე;
  • საკუთარი სასამართლოს თავმჯდომარეების მოსამართლეების მხრიდან არჩევის აუცილებლობაზე;
  • განსხვავებული აზრის მქონე მოსამათლეების მიმართ დისციპლინური დევნის უსაფუძვლობაზე;
  • წინააღმდეგობის გამო სისტემიდან განდევნილი მოსამართლეების მიმართ უსამართლო მოპყრობაზე;
  • მოსამართლეების მიმართ ზეწოლის შემთხვევებზე;

 

მოსამართლეთა პროფესიული კავშირი:

  • დაიცავდა მოსამართლის ინტერესებს სადამსეჯლო მივლინებისა ან ჩამოქვეითების დროს;
  • შექმნიდა მოსამართლეთა მხარდაჭერის ფონდს და დაეხმარებოდა სისტემიდან განდევნილ მოსამართლეებს; 
  • კვალიფიციურ სამართლებრივ დახმარებას აღმოუჩენდა დევნის ქვეშ მყოფ მოსამართლეებს;
  • დაიცავდა სასამართლოს დამოუკიდებლობას ისეთი დამაზიანებელი საკანონმდებლო ცვლილებების დროს, როგორებიც, მაგალითად, 2021 წელს პარლამენტმა მიიღო; 
  • ჯანსაღი კომუნიკაციის გამოცდილებას შექმნიდა საზოგადოებასთან და პროფესიულ ჯგუფებთან.

 

სტატია მომზადდა კომენტარის მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებითსტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია კომენტარი და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებებს

მასალა მოამზადეს
სოფო ვერძეული
სოფო ვერძეული
ავტორი