შესავალი
მუშაობის გასააქტიურებელი პოლიტიკა ქვეყანაში დასაქმების ხელშეწყობის ერთ-ერთი მთავარი ბერკეტია, რადგან ადამიანებს, რომლებიც შრომით ბაზარზე მწვავე კონკურენციის გამო არ არიან დასაქმებულები, ეხმარება სამსახურის მოძებნაში.
რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?
- რადგან არ არსებობს მუშაობის გასააქტიურებელი პოლიტიკის გრძელვადიანი გეგმა, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა გამოწვევებია ქვეყანაში ამ მიმართულებით;
- პრობლემების და შესაძლო დაბრკოლებების იდენტიფიცირება ხელს შეუწყობს ამ პროცესს, რაც მოსახლეობის დიდ ნაწილზე დადებითად აისახება, რადგან საქართველო უმუშევრობის (20%-მდე) და არაფორმალური დასაქმების (40%-მდე) საკმაოდ მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება;
ჩვენი კომენტარი
- როდესაც სახელმწიფო მიიჩნევს, რომ მოქალაქეების გასაჭირი მათივე გადაწყვეტილებების ნაყოფია, იგი ნაკლებად ცდილობს, მოქალაქეზე ინდივიდუალურად მორგებული გამოსავალი შესთავაზოს.
- სახელმწიფო სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მქონე ადამიანებს არ უნდა უყურებდეს ისე, თითქოს მათ შეუძლიათ, თუმცა არ სურთ დასაქმება და პროგრამები არ უნდა დააფუძნოს სანქცირებაზე.
ამას მოწმობს საერთაშორისო პრაქტიკა, იხილეთ სტატია: “რა არის დასაქმების გასააქტიურებელი პოლიტიკა“
რა პრობლემაა?
2022 წლის საზოგადოებრივი სამუშაოების ქვეპროგრამა
მუშაობის გასააქტიურებელი 2022 წლის საზოგადოებრივი სამუშაოების ქვეპროგრამა ჩვენს ქვეყანაში არ ითვალისწინებს დასაქმებულის უნარების განვითარებას, რადგან არ სთავაზობს მას განვითარების გეგმას. დასაქმების სააგენტოში მისული ადამიანების დიდი ნაწილი უარს ამბობს ქვეპროგრამაში მონაწილეობაზე, თუმცა უცნობია, რა ხდება უარის თქმის მიზეზი.
რა ხდება საქართველოში?
საქართველოში 2022 წლამდე ფუნქციონირებდა მხოლოდ დასაქმების სააგენტოს ბაზა -Worknet.gov.ge, სადაც სამუშაოს მაძიებლად დარეგისტრირებულთა რიცხვი ბოლო წლებში გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ დასაქმების მსურველთა რაოდენობა, ძირითადად, მკვეთრად აღემატებოდა ვაკანსიების რაოდენობას, დასაქმებულების რაოდენობა ყოველთვის მკვეთრად ჩამოუვარდებოდა თავისუფალი სამუშაოების რიცხვს.
მაგალითად: 2018 წელს სამუშაოს მაძიებლების რიცხვი 90 000-მდე იყო (მათ შორის, 75 000 სოციალურად დაუცველი), ვაკანსიების რიცხვი 9 000-მდე, ხოლო დასაქმებულთა რიცხვი 2 000-მდე. რაც მიუთითებს აღნიშნული პროგრამების ხარვეზებზე.
როგორ მუშაობს 2022 წლის დასაქმების გააქტიურების ქვეპროგრამა?
მიუხედავად იმისა, რომ 2022 წლის ივლისის თვის მონაცემებით საქართველოში 664 000-მდე სოციალურად დაუცველია, ამ წლის დასაქმების გააქტიურების ქვეპროგრამაში ჩართვის ინტერესი ჯამში 60 000-მა მოქალაქემ გამოიჩინა, თუმცა პირობების გაცნობის შემდეგ მასში მონაწილეობაზე უარი განაცხადა 23 000-მდე მონაწილემ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ ბარკალაიას, თქმით, 2022 წლის სექტემბრის თვის მონაცემებით:
- 4200-მა პირმა არაფორმალური ეკონომიკური საქმიანობა გახადა ფორმალური;
- 22 000 მოქალაქე დათანხმდა საზოგადოებრივი სამუშაოების შესრულებას.
საზოგადოებრივი სამუშაოები ძირითადად გარე დასუფთავებასა და მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებს მოიცავს.
ქვეპროგრამის ერთ-ერთი ნაწილი, რომლის მიზანია არაფორმალურ შრომაში ჩართული სოციალურად დაუცველი პირების შრომის გაფორმალურებას, თუმცა არ ითვალისწინებს შემდეგ გარემოებებს:
- დასაქმებულს ნაკლები ბერკეტი აქვს, აიძულოს დამსაქმებელი, გადაიხადოს გადასახადები. ეს მოხდებოდა შრომითი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ;
- ადამიანები ნაკლებად ეცდებიან, მეწარმეობის/მცირე ბიზნესის დარეგისტრირებით გადაიხადონ დამატებითი გადასახადები.
დეტალურად იხილეთ სტატია: „2022 წლის მუშაობის გასააქტიურებელი პოლიტიკა და სოციალურად დაუცველები“
რა არ ვიცით?
აღსანიშნავია ისიც, რომ აგვისტოს თვეში დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს მივმართეთ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე და მოვითხოვეთ დეტალური სტატისტიკა ქვეპროგრამაში მონაწილე პირთა რაოდენობის შესახებ, თუმცა სააგენტოსაგან პასუხი არ მიგვიღია. შესაბამისად, არ ვიცით:
- რამდენმა სოციალურად დაუცველმა მიმართა სააგენტოს თხოვნით, ჩაერთონ საზოგადოებრივ სამუშაოებში;
- რამდენი სოციალურად დაუცველი პირი დასაქმდა (ჩაშლილი ინფორმაცია ასაკისა და სქესის მიხედვით);
- რომელ სამუშაოებზე არიან დასაქმებულები (ჩაშლილი ინფორმაცია დამსაქმებელი უწყებების შესახებ);
- რამდენი ხნით არიან დასაქმებულები;
- 2022 წელს საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამით, რამდენი ვაკანსია არის შექმნილი და წლის ბოლომდე რამდენი სოციალურად დაუცველის დასაქმებაა შესაძლებელი;
- დასაქმების ხელშეწყობის 2022 წლის პროგრამის დაწყებიდან დღემდე (გარდა საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმებისა) რამდენი სოციალურად დაუცველი დასაქმდა, მათ შორის, რამდენი დასაქმდა სოციალური მომსახურების სააგენტოს დახმარებით (worknet-ის სისტემის გავლით).
შესაბამისად, ამ ინფორმაციის გარეშე რთულია პროგრამის ავ-კარგიანობაზე საუბარი.
როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა?
საქართველოში დასაქმების გასააქტიურებელ პროგრამებში ბევრი ადამიანი არ არის ჩართული, მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხვების შედეგად, ქვეყანაში არსებულ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად სწორედ უმუშევრობა სახელდება.
პირველ რიგში, მნიშვნელოვანია იმ ფაქტორების იდენტიფიცირება, რომლებიც ხელს უშლის ადამიანებს, მონაწილეობა მიიღონ დასაქმების პროგრამებში. ასეთებია:
- დაბალი ანაზღაურება (300 ლარი ოდნავ აღემატება საარსებო მინიმუმს);
- ძირითადად, მხოლოდ ერთი მიმართულებით დასაქმების შეთავაზება;
- ხელშეკრულების ხანგრძლივობა და ინტენსივობა, რომელიც არ არის წინასწარ განსაზღვრული;
- სააგენტოების მხრიდან დასაქმებულის სამუშაოს განვითარების გეგმის არარსებობა;
- ფორმალური დასაქმების სიკეთეების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა;
- მოქალაქეების სხვადასხვა გამოწვევების ვერ დანახვა და ინდივიდუალური გეგმების უქონლობა.
მნიშვნელოვანია, შემუშავდეს დასაქმების სხვა პროგრამებიც, რომლებიც ორიენტირებული იქნება სამსახურის მაძიებლის გრძელვადიან განვითარებასა და ინდივიდუალური გამოწვევების დაძლევაზე.
რა არის საყურადღებო?
- თუ სოციალურად დაუცველი არ ჩაერთვება ამ პროგრამაში, მას არ ექნება გარანტირებული 4 წლიანი შემწეობა, ის ყოველწლიურად გადამოწმდება (როგორც აქამდე იყო) და დადგება სტატუსის დაკარგვის საფრთხის წინაშე;
- შესაბამისად, სახელმწიფო არ ითვალისწინებს, რომ პროგრამებში ჩართვა შეიძლება ბენეფიციარს არ შეეძლოს და არ სთავაზობს მას პრობლემების მოგვარების ინდივიდუალურ გეგმას.