პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
ოჯახში დასაქმებულები საქართველოსა და ემიგრაციაში
ნოემბერი 2, 2022

ადრე საოჯახო საქმეებისთვის დამხმარის ყოლა – დამლაგებლის, მზარეულის, აღმზრდელის, მზრუნველის და სხვა – სიმდიდრესთან ასოცირდებოდა. თუმცა თანამედროვე შრომის ბაზრის სტანდარტებმა, ოჯახის ყველა შრომისუნარიანი წევრის შრომის ბაზარზე გასვლამ, უფრო და უფრო გარდაუვალი გახადა ნებისმიერი შემოსავლის მქონე ოჯახისთვის დამხმარეების შრომის დაქირავება, რადგან ადამიანები ვეღარ ახერხებენ, მუშაობას სახლის ის საქმეებიც შეუთავსონ, რომლებიც აუცილებლად უნდა შესრულდეს. 

სახლის საქმეებისთვის რომ ოჯახმა ან კერძო პირმა   მეორე ადამიანი დაიქირავოს, უნდა შეეძლოს, მას შესაბამისი ანაზღაურება გადაუხადოს.  ამ შემთხვევაში დამსაქმებელი არატიპურია და ხშირად თავადაც დასაქმებულია; დასაქმების ადგილი კი არა შრომითი დაწესებულება, არამედ საცხოვრებელი სახლია. სწორედ ეს ქმნის საოჯახო შრომის განსაკუთრებულ სპეციფიკას, საოჯახო მშრომელებს კი განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მშრომელებად აქცევს. 

 

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

საქართველოში საოჯახო მშრომელები გაცილებით მეტს შრომობენ, ვიდრე ევალებათ, რასაც მათ არავინ უნაზღაურებს, რადგან, როგორც წესი, არ გააჩნიათ წერილობითი ხელშეკრულება და მხოლოდ ზეპირი შეთანხმებით არიან დასაქმებულნი. ამით კი ისედაც არაადეკვატურად დაბალ ანაზღაურებას შრომითი ექსპლუატაცია და ემოციური მოწყვლადობაც ემატება.

მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, როგორია საოჯახო მშრომელთა სოციალური დაცვის ბაზისური სტანდარტები, როგორია საქართველოს გამოწვევები ამ მხრივ და რა შეიძლება მოვიმოქმედოთ, რომ დასაქმებულთა შრომა მატერიალურადაც დაფასდეს, რათა მათ გაუჩნდეთ სოციალური დაცვის საბაზისო გარანტიები და არ წავიდნენ ემიგრაციაში.

ჩვენი კომენტარი: 

ცნება „საოჯახო შრომა“ არ გვხვდება საქართველოს შრომით კანონმდებლობაში,  რაც ამ შრომაში ჩართული ადამიანების უმრავლესობას ყველა იმ სოციალური ბენეფიტის გარეშე ტოვებს, რომელსაც ეროვნული კანონმდებლობა სხვა მშრომელებისთვის ითვალისწინებს. 

საბაზისო სოციალური დაცვისთვის აუცილებელია, ქვეყნის შრომითი კანონმდებლობა და სოციალური დაცვის სისტემა  ითვალისწინებდეს საოჯახო მშრომელებს  და ქმნიდეს მათთვის დეკრეტული შვებულების, სამედიცინო ბიულეტინის, საპენსიო შენატანების, ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებისა თუ სხვა შრომითი უფლებების გამოყენების შესაძლებლობას.

ვინაიდან საქართველოში ისედაც მძიმე სოციალური ფონია და დაბალია შინამეურნეობების შემოსავლები, ოჯახში დასაქმებულებს უჭირთ ანაზღაურების ზრდის მოთხოვნა და ხშირად იღებენ მიგრაციის, სამუშაოს ქვეყნის გარეთ შესრულების, გადაწყვეტილებას. სახელმწიფო ვალდებულია, ჰქონდეს ქვეყანაში საკუთარი სამუშაო ძალის, მათ შორის, საოჯახო მშრომელების, შენარჩუნების და არა მათი განდევნის სტრატეგია. მას ასევე შეუძლია, თავად განავითაროს იმგვარი სოციალური ზრუნვისა და კეთილდღეობის სერვისები, რომლებიც ნაწილობრივ მაინც ჩაანაცვლებს საოჯახო შრომის მოთხოვნას, ოჯახებს კი ჯიბიდან განკარგვად შემოსავლებს დაუზოგავს. 

ისტორიული კონტექსტი

საქართველოში დღეს მომუშავე საოჯახო მშრომელებს ერთი განსაკუთრებული თავისებურება აქვთ - ბევრი მათგანი სხვადასხვა დარგის პროფესიონალია და სამსახური ან პროფესია საბჭოთა კავშირის დანგრევასთან ერთად დაკარგა. ქვეყანაში მიმდინარე სოციალური და ეკონომიკური ტრანსფორმაციის პარალელურად, ახალ საბაზრო ეკონომიკაში ქალების დიდმა ნაწილმა თავის დამკვიდრება მხოლოდ როგორც საოჯახო მშრომელებმა, ისე მოახერხა. ბევრი მათგანი ემიგრაციაში წავიდა, ნაწილი კი ქვეყანაში დარჩა და ძიძობით, დამლაგებლობით, ოჯახში დამხმარედ დასაქმებით ირჩენს დღემდე თავს. 

ეს ნიშნავს, რომ საქართველოს საოჯახო მშრომელების დიდი ნაწილი არა  არაკვალიფიციური, განათლების არმქონე სამუშაო ძალაა, როგორც ეს სხვა ქვეყნებშია, არამედ მათი მნიშვნელოვანი ნაწილი გარკვეული კვალიფიკაციის, განათლების მქონე, კონკრეტული ასაკობრივი სეგმენტია, რომელსაც უკეთესი ცხოვრების მეხსიერება აქვს.

საოჯახო მშრომელებად საქართველოდან ქალთა გადინების მასშტაბი , ძირითადად, აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებში, დღემდე საგანგაშოდ მაღალია, ამის მთავარი მიზეზი კი ჩვენს ქვეყანაში არსებული უმუშევრობა და საოჯახო მშრომელების დაბალი ანაზღაურებაა.  ამ საქმიანობით, უცხოეთში მიღებული გამომუშავებით, ემიგრანტებს ფინანსური გზავნილებით საქართველოში დატოვებული ოჯახების რჩენა შეუძლიათ.  

რა უნდა ვიცოდეთ?

  • საოჯახო შრომის განსაკუთრებულ სპეციფიკას ქმნის ამ შრომის განსაკუთრებული, ემოციური ხასიათი. სახლის დალაგების, საკვების მომზადების ან სხვა ფიზიკურად შესასრულებელ სამუშაოს  ტექნიკური უნარ-ჩვევების გარდა, საოჯახო შრომა მოითხოვს ისეთ ემოციურ უნარებს, როგორიც ბავშვის აღზრდის შესაძლებლობა, ემოციური სტაბილურობა, კომუნიკაცია, ზრუნვა,  ემპათია და სხვა  უნარები, რაც დაკავშირებულია ადამიანის ფსიქო-ემოციურ მდგრადობასთან.
  • საოჯახო მშრომელები შრომობენ ოჯახში - არაფორმალურ გარემოში, სადაც შესასრულებელი სამუშაოს ოდენობა დამოკიდებულია ისეთ ცვლადებზე, როგორებიცაა: კეთილგანწყობა, თხოვნა და სხვა. ამის გამო, ძიძები ხშირად 24 საათს მუშაობენ, მაშინ, როდესაც მათ არ აქვთ საათობრივი ანაზღაურება;
  • საოჯახო მშრომელებს ხშირად უვითარდებათ მძიმე ემოციური მიჯაჭვულობა აღსაზრდელებსა თუ ზრუნვის ობიექტებზე, რაც კიდევ უფრო ართულებს  შრომით ურთიერთობას; 
  • ამ ემოციური მიჯაჭვულობის გამო, ისინი ხშირად მიდიან კომპრომისებზე, როგორებიცაა: აუნაზღაურებელი ზეგანაკვეთური შრომა, დამატებითი ვალდებულებების შესრულება და სხვა, რაც აზიანებს საოჯახო მშრომელებს არა მხოლოდ მატერიალურად, არამედ ფსიქოლოგიურად. 

მნიშვნელოვანია, რომ მიგრანტი საოჯახო მშრომელების შემთხვევაში, მართალია, მათი ანაზღაურება საქართველოსთან შედარებით გაცილებით მეტია,  თუმცა, ამავე დროს, გაცილებით მძიმე და საგანგაშოა მათი ფსიქოლოგიური ზიანიც, ვინაიდან: 

  • ისინი განიცდიან ოჯახებთან დაშორებასა და იზოლაციას, რასაც თან ახლავს მუდმივი დანაშაულისა და მონატრების განცდა;
  • მიგრანტთა დიდმა ნაწილმა არ იცის იმ ქვეყნის ენა, სადაც სამუშაოდ მიდის. ეს ართულებს მათთვის დამსაქმებელთან კომუნიკაციას და ხდის მათ გაცილებით მოწყვლადს აგრესიის, შეურაცხყოფისა და ექსპლუატაციისადმი;
  • მიგრანტთა დიდი ნაწილი მასპინძელ ქვეყნებში იმყოფება არალეგალურად, რაც ართმევს მათ იმ ქვეყნის სოციალური სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობას, რომლებშიც იმყოფება; ხდის მას მოწყვლადს დეპორტაციისთვის, ხოლო დამსაქმებლისთვის ზრდის მისი შანტაჟის, შევიწროების, ექსპლუატაციის შესაძლებლობას; 
  • მათი დაბრუნების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, რადგან საქართველოში საგრძნობლად არ უმჯობესდება სოციალური მდგომარეობა, მათ მიერ დატოვებული ოჯახები კი იზრდება და ვითარდება და მუდმივად საჭიროებს ხარჯებს, ეს კი ადამიანებს ტოვებს ემიგრაციაში განუსაზღვრელი ვადით;

რა არის გამოსავალი?

  • საოჯახო შრომის  ფორმალურად  ცნობა  და კანონმდებლობით აღიარება დასაქმებულებს  სოციალური დაცვის სერვისებით და ბენეფიტების სარგებლობის შესაძლებლობას მისცემს, მინიმალური საათობრივი ანაზღაურების განსაზღვრა კი ღირსეული ანაზღაურების გარანტიაა;
  • სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობაა, იზრუნოს ისეთი მიდგომების შემუშავებაზეც, რომლებიც, ერთი მხრივ, შეამცირებს ოჯახებისთვის საოჯახო მშრომელის დაქირავების მოთხოვნას, მეორე მხრივ, დაზოგავს ოჯახების ჯიბიდან დანახარჯებს, რათა, საჭიროების შემთხვევაში, მათ შეეძლოთ საოჯახო მშრომელისთვის ღირსეული ანაზღაურების გადახდა. ამის მაგალითებია, ეფექტური დეკრეტული შვებულება, ბავშვებსა და მოხუცებზე ზრუნვის გამართული, ხელმისაწვდომი სერვისები, ხელმისაწვდომი ხარისხიანი ჯანდაცვა და სხვა.
  • აუცილებელია, სახელმწიფომ შეიმუშავოს პოლიტიკა ქვეყნის შიგნით საკუთარი სამუშაო ძალის შესანარჩუნებლად, რათა საოჯახო მშრომელებმა არ მიმართონ მიგრაციის გზას;
  • მაგალითად, ქვეყნის გარეთ თუ ქვეყნის შიგნით საოჯახო მშრომელებს, რომლებსაც აქვთ პროფესიული განათლება და შრომის გამოცდილება, უნდა შეეძლოთ საკუთარი პროფესიით, კვალიფიკაციით დასაქმება ადგილობრივ შრომით ბაზარზე ან, სულ მცირე, ამ დასაქმებისთვის საჭირო შესაბამისი გადამზადების უფასოდ გავლა.

მნიშვნელოვანია, რომ სულ ახლახან, ძიძებისა და აქტივისტების  ახლადდაარსებულმა თვითორგანიზებულმა ჯგუფმა, საქართველოს ძიძების ასოციაციამ  საკუთარი ინიციატივით შეიმუშავა და გაავრცელა ძიძების ხელშეკრულება, რომელიც საქართველოს შრომითი კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს ითვალისწინებს და ძიძებს დამსაქმებლებთან ფორმალური შეთანხმების დადების საშუალებას აძლევს.

სტატია მომზადდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით. გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ფრიდრიხ ებერტის ფონდის მოსაზრებებს. მისი კომერციული მიზნით გამოყენება იკრძალება ფონდის წერილობითი ნებართვის გარეშე.
მასალა მოამზადეს
ალექსანდრა აროშვილი
ალექსანდრა აროშვილი
ავტორი
თეკლა ზუხბა
თეკლა ზუხბა
ავტორი
მერაბ ქართველიშვილი
მერაბ ქართველიშვილი
რედაქტორი