პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
ოჯახში დასაქმებულები საქართველოში

საქართველოში ოჯახში დასაქმებულები არაფორმალურ ეკონომიკაში არიან ჩართულნი და დამქირავებელთან დადებულ ზეპირ შეთანხმებას ჯერდებიან. მსგავსი ტიპის შეთანხმება კი არასრულყოფილია.

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა:

2019 წლის მონაცემებით, ოჯახში დასაქმებული ადამიანთა რიცხვი საქართველოში დაახლოებით 17994 ადამიანს შეადგენს, მათი უფლებების დაცვა მაინც არ დგას მწვავედ დღის წესრიგში, შესაბამისად, ამ საკითხთან დაკავშირებული ლიტერატურა და კვლევითი მონაცემებიც მწირია. 

ჩვენი კომენტარი: 

ზეპირი შეთანხმებისა და დამქირავებლის კეთილი ნების იმედად დარჩენილი ოჯახში დასაქმებულები, ფაქტობრივად, განდევნილები არიან სოციალური დაცვის სისტემიდან და მათი საბაზისო უფლებები არ არის დაკმაყოფილებული.

რა პრობლემაა:

ოჯახში დასაქმებულები კანონს მიღმა დატოვება რიგ პრობლემებს ქმნის, რადგან ისინი ვერ სარგებლობენ: 

  • ე.წ. დაგროვებითი საპენსიო სისტემით;
  •  დეკრეტული შვებულებით;
  • ანაზღაურებადი შვებულებით;
  • სხვადასხვა ტიპის შემწეობით (სამუშაო ადგილზე ტრავმა, მარჩენალდაკარგულობა და სხვა);
  • ოჯახში დასაქმებულების უდიდესი უმრავლესობა ქალია, რაც ასაკში გენდერული ნიშნით ეკონომიკურ უთანასწორობასა და ჩაგვრას უწყობს ხელს. 
  • covid-19- ის კრიზისის დროს საქართველოს ხელისუფლების მიერ შემუშავებულ ანტიკრიზისულ გეგმაში ვერ მოხვდნენ ის ოჯახში დასაქმებულები, რომლებიც კერძო კომპანიის მიერ არ იყვნენ დაქირავებულნი, ეს კი საოჯახო შრომაში ჩართული პირების უმრავლესობაა;
  • და სხვა.

ოჯახში შრომა, სპეციფიური სამუშაოა. თუკი დასაქმებულისთვის ეს სამუშაო ადგილია, დამსაქმებლისთვის ეს სახლია. ასეთი ტიპის სამუშაო სივრცეში კი დიდია ექსპლუატაციის, ზეწოლისა და სექსუალური შევიწროვებისა თუ ძალადობის რისკები. ოჯახში დასაქმებულის სრულყოფილად დაცვას ვერ ახერხებს სახალხო დამცველის სამსახური, რადგან მას არ აქვს კერძო სამუშაო ადგილზე შესვლის უფლება. 

რა უნდა ვიცოდეთ:

UN WOMEN- ის კვლევის თანახმად, საქართველოში არსებული ძირითადი გამოწვევებია: 

  • არასაკმარისი და არაეფექტიანი სამართლებრივი დაცვა;
  • საქმიანობის არაფორმალურობა;
  • მოლაპარაკებებში ძალაუფლების ნაკლებობა;
  • ცნობიერების ნაკლებობა მათი, როგორც დასაქმებულების, სამოქალაქო და შრომითი უფლებების შესახებ. 

ამავე კვლევაში გაწერილია მიზნები, რომლებიც უნდა დაისახოს საქართველოს მთავრობამ ოჯახში დასაქმებულთა დასაცავად და მათი ცხოვრების ხარისხის ასამაღლებლად:

  • ოჯახში დასაქმებულთა ძალაუფლების გაზრდა მოლაპარაკებაში;
  • ძალადობისა და ექსპლუატაციის რისკების შემცირება ოჯახში დასაქმებულთათვის;
  • ოჯახში დასაქმებულთა უზრუნველყოფა სოციალური სარგებლითა და უსაფრთხოებით;
  • ოჯახში დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლება მათი უფლებების შესახებ.
სტატია მომზადდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით. გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ფრიდრიხ ებერტის ფონდის მოსაზრებებს. მისი კომერციული მიზნით გამოყენება იკრძალება ფონდის წერილობითი ნებართვის გარეშე.
მასალა მოამზადეს
მერაბ ქართველიშვილი
მერაბ ქართველიშვილი
რედაქტორი
თეკლა ზუხბა
თეკლა ზუხბა
ავტორი