პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
რა არის არაფორმალური ეკონომიკური შრომა?

არაფორმალური შრომა ფორმალური შრომისგან იმით განსხვავდება, რომ მასში მიმდინარე პროცესები სახელმწიფო რეგულაციების მიღმა ხდება. შესაბამისად, არაფორმალურ შრომაში ჩართული ადამიანი ვერ სარგებლობს მშრომელისთვის კანონით გათვალისწინებული მინიმალური სიკეთეებითაც კი. 

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

მთელ მსოფლიოში, მათ შორის,  საქართველოშიც, არაფორმალურ სექტორში ბევრი ადამიანია დასაქმებული. 2020 წლის მონაცემებით, საქართველოში არაფორმალური შრომა სრული სამუშაო ძალის 40%-ს მოიცავს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას არაფორმალურ შრომაში ჩართული ადამიანი.

ჩვენი კომენტარი

საჭიროა, სახელმწიფომ გაატაროს თანმიმდევრული პოლიტიკა შრომის ფორმალიზაციის მიმართულებით, რომელიც გაითვალისწინებს მშრომელის საჭიროებებს და საშუალებას მისცემს ნებისმიერ მათგანს, ისარგებლოს ქვეყანაში არსებული სოციალური დაცვით.

რა არის პრობლემა?

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) შეფასებით, დაახლოებით 2 მილიარდი მუშაკი, სამუშაო ძალის 60%-ზე მეტი, მუშაობს არაფორმალურ სექტორში - მინიმუმ, ნახევარ განაკვეთზე.

  • ხშირად ეს მოკლევადიანი ან არასტაბილური სამუშაო ადგილებია. არაჯანსაღი სამუშაო გარემო, დაბალი ანაზღაურებითა და დაურეგულირებელი, ხანგრძლივი სამუშაო საათებით;
  • არაფორმალური ეკონომიკური შრომა მშრომელს აყენებს დაუცველობისა და არაპროგნოზირებადობის მაღალი რისკის ქვეშ. 

უფრო დეტალურად:

დასაქმების ბაზარზე დაცული უნდა იყოს შრომითი უფლებები, არ უნდა არსებობდეს სეგმენტაცია და სოციალური უთანასწორობა. არაფორმალური შრომის დროს ადამიანები კი:

  • ვერ სარგებლობენ დამატებითი ბენეფიტებითა და სოციალური დაცვის სისტემით;
  • ხშირად მუშაობენ დაურეგულირებელი სამუშაო საათებითა და არასტაბილური ანაზღაურებით; 
  • ნაკლებად აქვთ პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
  • არ აქვთ უსაფრთხო სამუშაო გარემო;
  • სამუშაოს არაპროგნოზირებადი ხასიათის გამო, ნაკლებად არიან ფინანსურად დაცულნი, 

შედეგად, არაფორმალური შრომა ადამიანს არ სთავაზობს სტაბილურ ცხოვრებას. 

რა უნდა ვიცოდეთ?

  • ბევრ ქვეყანაში არაფორმალური დასაქმება ეკონომიკისა და შრომის ბაზრის მნიშვნელოვანი ნაწილია და დიდ როლს თამაშობს წარმოებაში, დასაქმების შექმნასა და შემოსავლის გამომუშავებაში;
  • თუმცა ეს ინდექსი ბევრად მაღალია, ძირითადად, ისეთ ქვეყნებში, რომლებშიც სახელმწიფოს როლი დაქვეითებულია, ფორმალური სამუშაო საათების ანაზღაურება დაბალია, უმუშევრობის მაჩვენებელი კი - მაღალი. 

შესაბამისად, არაფორმალური დასაქმების მაღალი მაჩვენებელი მეტყველებს დასაქმების ხარისხის, შრომის ბაზრისა და ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური პრობლემების შესახებ. 

თუმცა, მძიმე სოციალური პირობებისა და ეკონომიკური კრიზისის დროს, არაფორმალურ შრომაში ჩართვა ადამიანებისთვის ერთგვარი გამოსავალია. ეს კი მაშინ ხდება, როდესაც სახელმწიფოში, ფორმალური სექტორი იწყებს რღვევას ან/და არამდგრადია, ქვეყანაში სუსტია სოციალური დაცვის სისტემა და ის ვერ აკმაყოფილებს საბაზისო მოთხოვნებს ან/და შრომის კანონმდებლობა ვერ იცავს დასაქმებულთა უფლებებს. ასეთ შემთხვევებში ინდივიდი იძულებული ხდება, დასაქმდეს არაფორმალურად. ეს კი ვერ უზრუნველყოფს მის სოციო-ეკონომიკურ საჭიროებებს.  

სტატია მომზადდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით. გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ფრიდრიხ ებერტის ფონდის მოსაზრებებს. მისი კომერციული მიზნით გამოყენება იკრძალება ფონდის წერილობითი ნებართვის გარეშე.
მასალა მოამზადეს
ომარ გორდეზიანი
ომარ გორდეზიანი
ავტორი
მერაბ ქართველიშვილი
მერაბ ქართველიშვილი
რედაქტორი