პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
რა არის მიგრაცია და ვინ ითვლება მიგრანტად?
აგვისტო 15, 2022

2021 წელს ქვეყანა დატოვა საქართველოს 80 ათასზე მეტმა მოქალაქემ, რაც, გასულ წლებთან შედარებით, გაზრდილი მაჩვენებელია. ემიგრანტების უმრავლესობა შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობა, ანუ 15-64 წლის ასაკობრივ ჯგუფის მიეკუთვნება. გაზრდილია მიგრაციის უარყოფითი სალდოც, რაც გულისხმობს ქვეყნიდან გასული და უკან დაბრუნებული ადამიანების თანაფარდობას. 

რატომ უნდა მაინტერესებდეს თემა?

  • სტატისტიკურ მონაცემების გაუთვალისწინებლადაც შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში ძნელად მოიძებნება ოჯახი, რომლის ერთი წევრი მაინც არ იმყოფებოდეს საზღვარგარეთ ემიგრაციაში.
  • ამის ძირითადი მიზეზი მოსახლეობის უკიდურესი სიღარიბეა. ადამიანები ვეღარ უმკლავდებიან ფინანსურ პრობლემებს და ხშირად რთულ და სახიფათო გზებსაც მიმართავენ, რათა თავი დააღწიონ გაჭირვებას.
  • სოფლად თუ ქალაქად, ბევრი ოჯახისთვის შემოსავლის ერთადერთ წყაროდ ოჯახის შრომითი მიგრანტი წევრის მიერ გამოგზავნილი თანხა რჩება. 

ჩვენი კომენტარი

სიტუაციის გაუმჯობესებაში უმთავრესი როლი სახელმწიფოს ეკისრება. სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს:

  • საკუთარი მოქალაქეების ქვეყანაში დასაქმებას; 
  • შრომის პირობების გაუმჯობესებას, რათა ღირსეული პირობებითა და ანაზღაურებით დასაქმდნენ მოქალაქეები;
  • ეს ქმედებები და სოციო-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება, გარკვეულწილად, შეამცირებს მოქალაქეების ქვეყნიდან სტიქიურ გადინებას.

რა უნდა ვიცოდეთ?

  • გაეროს მიგრაციის სააგენტოს განმარტებით, მიგრანტი არის ადამიანი, რომელიც დროებით ან სამუდამოდ ტოვებს საცხოვრებელს, გადაკვეთს საერთაშორისო საზღვარს და ცხოვრებას განაგრძობს სხვა ქვეყანაში;
  • მიგრაცია შესაძლოა გამოწვეული იყოს სხვადასხვა სოციო-პოლიტიკური, ეკონომიკური, დემოგრაფიული მდგომარეობით და გარემო-პირობით. მნიშვნელოვანია ბიძგისა და მოზიდვის ფაქტორებიც (Push and pull); 
  • ბიძგის ფაქტორი გულისხმობს სიტუაციას, რომელიც აიძულებს ადამიანს, დატოვოს საკუთარი ქვეყანა; 
  • მოზიდვის ფაქტორი მიზეზთა ერთობლიობაა, რომელთა გამოც მიგრანტი მიემგზავრება კონკრეტულ ქვეყანაში.

უფრო დეტალურად

მიგრაციის მთავარ მიზეზებად ასახელებენ:

  • უსაფრთხოებას (შეიარაღებული კონფლიქტები, ძალადობა, სხვადასხვა ნიშნით დევნისგან თავის დაღწევის სურვილი);
  • სიღარიბეს და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შრომით მიგრაციას;
  • კლიმატის ცვლილებებს,  ეს კი აიძულებს ადამიანებს, ეძებონ უსაფრთხო გარემო. 

სად მიდიან მიგრანტები?

მოცემულ სიტუაციაში უსაფრთხო და მათთვის ეკონომიკურად ხელსაყრელ ქვეყნებში:

  • ამერიკის შეერთებული შტატები პირველია იმიგრანტთა რაოდენობით;
  • ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ჯამურად დაახლოებით იმდენივე იმიგრანტია, რამდენიც ამერიკის შეერთებულ შტატებში - 44 მილიონამდე (ლიდერობს გერმანია, 15 მილიონამდე იმიგრანტით);
  • თურქეთი ყველაზე მეტ იძულებით გადაადგილებულ პირს, მილიონზე მეტ ადამიანს, აძლევს თავშესაფარს (მათი უმრავლესობა სირიის კონფლიქტს გაექცა).

რა გზებით მიდიან ემიგრანტები?

არსებობს მიგრაციის ლეგალური და არალეგალური გზები:

  • ლეგალური მიგრაცია - მიგრანტი ექვემდებარება იმ ქვეყნების კანონებს, რომელსაც ტოვებს, გაივლის ან სადაც საბოლოოდ ჩადის მიგრანტი; 
  • არალეგალური მიგრაცია - მას მიწისქვეშა ან უსაბუთო მიგრაციასაც უწოდებენ. იგი გულისხმობს მიგრანტის მხრიდან საზღვრების გადაკვეთას ფარულად, ნებართვის გარეშე, არსებული კანონების დარღვევით. არალეგალური მიგრაცია ზრდის ტრეფიკინგის რისკს. 
სტატია მომზადდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით. გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ფრიდრიხ ებერტის ფონდის მოსაზრებებს. მისი კომერციული მიზნით გამოყენება იკრძალება ფონდის წერილობითი ნებართვის გარეშე.
მასალა მოამზადეს
ანა გვალია
ანა გვალია
ავტორი
მერაბ ქართველიშვილი
მერაბ ქართველიშვილი
რედაქტორი