საოჯახო შრომა გულისხმობს დაქირავებულ საშინაო შრომას, როდესაც ადამიანები ფიზიკურ და ემოციურ შრომას სხვის ოჯახებში, ანაზღაურების სანაცვლოდ ასრულებენ. ოჯახში დასაქმებულები როგორც წესი, არიან ბავშვების აღმზრდელები, მოხუცების, სპეციალური საჭიროების მქონე პირების მზრუნველები, დამლაგებლები და ა.შ. ოჯახებში დასაქმებული ადამიანების უმრავლესობას არ აქვს შრომითი ხელშეკრულებები, შესაბამისად, ისინი ჩართულნი არიან არაფორმალურ ეკონომიკაში.
რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?
2020 წლის მონაცემებით, საქართველოში სრული სამუშაო ძალის დაახლოებით 40% არაფორმალურ ეკონომიკაშია ჩართული, მათ შორის არიან საოჯახო მშრომელები. გარდა ამისა, ქვეყნიდან უამრავი ემიგრანტია გასული, რომლებიც სხვა ქვეყნებში მუშაობენ ოჯახებში. მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ამ ტიპის შრომაში ჩართული ადამიანების პრობლემები და საჭიროებები.
ჩვენი კომენტარი:
საქართველოში, საოჯახო შრომაში ჩართულ პირებს არ იცავს შრომის კანონმდებლობა, რადგან ის არ ცნობს ამ ტიპის შრომის დეფინიციას. სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას საოჯახო შრომაში ჩართული მშრომელები, უზრუნველყოს ისინი უფლებებით და ბენეფიტებით, რომლითაც სარგებლობენ ფორმალურად დასაქმებულები. ამავე დროს, აღასრულოს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიერ დადგენილი მინიმალური სტანდარტები.
რა არის პრობლემა?
- საოჯახო შრომის შესრულება ფიზიკურთან ერთად ემოციურ შრომასაც გულისხმობს, შესაბამისად, ამ ტიპის შრომა განსხვავებულია ტრადიციული დაქირავებული შრომისგან და სხვა ტიპის ემოციურ თუ ფსიქოლოგიურ სირთულეებს გულისხმობს.
- საოჯახო შრომაში ძირითადად ქალები არიან ჩართული. ისტორიულად, ეს შრომა დაკავშირებულია ქალებთან, როგორც, ერთი შეხედვით ქალურობისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი და განუყოფელი თვისებები.
- საოჯახო მშრომელზე არ ვრცელდება სახელმწიფოს მიერ შრომის კანონმდებლობით დადგენილი ნორმები, მის სამუშაო დროს არ არეგულირებს და არ იცავს კანონი, შესაბამისად, ისინი განსაკუთრებით მოწყვლადი არიან ექსპლუატაციისადმი.
- ისინი სოციალური დაცვის სისტემის მიღმა რჩებიან და ვერ სარგებლობენ მშრომელისთვის გათვალისწინებული სოციალური ბენეფიტებით. მაგალითად, კოვიდ 19-ის პანდემიისას, ოჯახებში დასაქმებული მშრომელების უმრავლესობას, როგორც უხელშეკრულებო პირებს, სახელმწიფო დახმარება არ მიუღიათ.
მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს კონტექსტში საყურადღებოა არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით დასაქმებულები, არამედ ქვეყნიდან მუშახელის გადინებაც არაფორმალურ სექტორში დასაქმების მიზნით. განსაკუთრებით კი მიგრანტი მშრომელების, რომლებიც საოჯახო შრომაში არიან ჩართული.
მიუხედავად იმისა, რომ სხვა ქვეყნებში საოჯახო მშრომელებს იცავს და აღიარებს შრომითი კანონმდებლობები, ემიგრანტები ხშირად ვერ სარგებლობენ მასპინძელი ქვეყნის შრომითი და სოციალური ბენეფიტებით, რადგან მათი უმრავლესობა არალეგალურად შრომობს.