პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
რა არის სოციალური დაცვა?
ივლისი 8, 2022

გამართული სოციალური პოლიტიკა ხელს უწყობს ადამიანებს შორის თანასწორობას. შესაბამისად, სახელმწიფოების ვალდებულებაა, საკუთარი მოქალაქეებისთვის შექმნან ღირსეული სოციალური დაცვის სისტემები.

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

გამართული სოციალური დაცვის სისტემა ნიშნავს ყველასთვის თანასწორ წვდომას საჯარო სიკეთეებზე, როგორიცაა ჯანდაცვა, განათლება და სხვა ფუნდამენტური საჭიროებები. 

სისტემური და კარგად ორგანიზებული სოციალური დაცვის მოდელი მძლავრი იარაღია, რათა:  

  • გაძლიერდნენ ადამიანები; 
  • ჰქონდეთ თანაბარი წვდომა სახელმწიფოს მიერ პასუხისმგებლობის ფარგლებში აღებულ სერვისებზე; 
  • შემცირდეს უთანასწორობა; 
  • შეწყდეს თაობათაშორისი სიღარიბის ციკლი (მაგ., თაობების სოციალური მდგომარეობა არ იყოს დამოკიდებული წინა თაობის მძიმე ყოფაზე და მიეცეს ახალ თაობას შესაძლებლობა, დაძლიოს სიღარიბე).

ჩვენი კომენტარი

  • კონსტიტუციის მიხედვით, საქართველო სოციალური სახელმწიფოა;
  • შესაბამისად, სახელმწიფო სოციალურ დაცვას უნდა უყურებდეს როგორც ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას,

თუმცა, პრაქტიკაში გარკვეულწილად ქველმოქმედების ნაირსახეობად უფრო მიიჩნევს.

რა არის პრობლემა?

სახელმწიფოს სახე, პრიორიტეტები და მოქალაქეების კეთილდღეობაზე ზრუნვის ხარისხი გამოიხატება იმაში, თუ როგორი სოციალური პოლიტიკა აქვს ქვეყანას. 

თუმცა საქართველოში ჯერ კიდევ არ არსებობს მკაცრი მექანიზმი, რომელიც განსაზღვრავს სოციალური დაცვის ერთიან მოდელს და გრძელვადიან მიზნებს; 

შესაბამისად, არ არსებობს მექანიზმი, რომელიც შეაფასებს, რამდენად მდგრადი და რეალურია ეს მიზნები.

რა უნდა ვიცოდეთ?

საქართველოს სოციალური პოლიტიკის შესაფასებლად საჭიროა, ვიცოდეთ სოციალური დაცვის ფუნდამენტური არსი და ძირითადი მოდელები.

  • სოციალური დაცვა საჭიროა სოციალური პრობლემების თავიდან ასარიდებლად და მოსაგვარებლად, თუმცა არა მხოლოდ ამისათვის;
  • შესაბამისად, სახელმწიფომ უნდა შექმნას ძლიერი სოციალური პაკეტები, რათა მოქალაქეებს ნაკლებად შეექმნათ კრიზისი.
  • ანუ, სოციალურ სახელმწიფოში ადამიანებს უნდა ჰქონდეთ თანაბარი შესაძლებლობა, დაძლიონ სიღარიბე, ჰქონდეთ წვდომა ღირსეული ცხოვრებისთვის საჭირო ყველა რესურსზე;
  • იღებდნენ სათანადო დახმარებასა და ხელშეწყობას სახელმწიფოსგან სოციალური თუ ეკონომიკური გამოწვევების დასაძლევად.

უფრო დეტალურად: სხვადასხვა ქვეყანა, საკუთარი პოლიტიკური, ეკონომიკური თუ ღირებულებითი ხედვიდან გამომდინარე, სოციალური დაცვის სხვადასხვა მოდელს იყენებს.  

სოციალური დაცვის ძირითადი მოდელებია:

  • კონტინენტალურ-ევროპული მოდელი - გერმანია, ნიდერლანდები, საფრანგეთი,  იტალია, ავსტრია; 
  • სკანდინავიური, ნორდიკული მოდელი - დანია, შვედეთი, ნორვეგია, ფინეთი; 
  • ლიბერალური მოდელი - დიდი ბრიტანეთი, აშშ, კანადა, ავსტრალია.

ამ მოდელებს სხვადასხვა პრინციპი უდევს საფუძვლად. ზოგიერთი მათგანი უფრო მეტად მოქალაქეების ინდივიდუალურ პასუხისმგებლობაზე დგას საკუთარი სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად და ორიენტირებულია პირადი კეთილდღეობის დაცვის გაძლიერებაზე, ზოგიერთი მათგანი კი უფრო სოლიდარულ პრინციპზეა ორიენტირებული და ცდილობს, მეტად დააზღვიოს კრიზისების წარმოქმნა.

სწორედ ამ მოდელებს შორის არჩევანი და მათი შესაძლო ჰიბრიდული განხორციელების გზები განსაზღვრავს სახელმწიფოებში მოქალაქეების ცხოვრების დონისა და სოციალური კეთილდღეობის პირობებს.

სტატია მომზადდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით. გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ფრიდრიხ ებერტის ფონდის მოსაზრებებს. მისი კომერციული მიზნით გამოყენება იკრძალება ფონდის წერილობითი ნებართვის გარეშე.
მასალა მოამზადეს
ნინო ხელაძე
ნინო ხელაძე
ავტორი
მერაბ ქართველიშვილი
მერაბ ქართველიშვილი
რედაქტორი