პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
რას ამბობს ეუთო უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტზე?

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODHIR) მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული და შემდეგ საზოგადოების პროტესტის გამო უარყოფილი კანონპროექტების შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა. დოკუმენტი კრიტიკულად აფასებს კანონპროექტებს, მათ შესაძლო გავლენას საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე. 

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

მართალია, ხელისუფლებამ ეს კანონპროექტები უკან გაიწვია. თუმცა მას უარი არ უთქვამს იმ რიტორიკაზე, რაც მასში გამოიყენობდა. მთავრობა დღესაც ცდილობს სამოქალაქო ორგანიზაციების რეპუტაციის შელახვას სხვადასხვა გზით. ზოგადად, ამ ნაბიჯით „ქართულმა ოცნებამ“ ორი რამ აჩვენა: პირველი, რომ ძალაუფლების შესანარჩუნებლად არ ერიდება ავტორიტარული მეთოდების გამოყენებას, მეორე, მზად არის საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის კონფლიქტები გააღვივოს. ამის პრევენციისთვის მნიშვნელოვანია, ვისაუბროთ ხელისუფლების განზრახვებზე. 

ჩვენი კომენტარი

დასკვნა ამხელს მმართველი გუნდის ანტიდემოკრატიულ მიზნებს. ის ადასტურებს „ქართული ოცნების“ სწრაფვას - სამოქალაქო ორგანიზაციების სტიგმატიზებით შელახოს მათ რეპუტაცია, აკონტროლოს ისინი, შეაფერხოს მათი საქმიანობა და მოშალოს მთავრობის კონტროლის მექანიზმები. 

რა არის დასკვნის მთავარი სათქმელი?

დასკვნა აანალიზებს შემოთავაზებული რეგულაციების შესაბამისობას ადამიანის უფლებებთან; განიხილავს ინიცირებული ვერსიებს სხვა ქვეყნების გამოცდილებასთან კავშირში და მსჯელობს დემოკრატიულ სახელმწიფოში ამგვარი შემზღუდავი მექანიზმებით სამოქალაქო ორგანიზაციების კონტროლის მიზანშეწონილობაზე.  

დოკუმენტი ცხადყოფს, რომ ამგვარი პრაქტიკა, როგორც წესი, არადემოკრატიულ რეჟიმებს ახასიათებთ. იმ სისტემაში, რომელიც აღიარებს ცოცხალი და მზარდი სამოქალაქო სექტორის მნიშვნელობას, მონიტორინგის ასეთი ფორმა მიუღებელი და უარყოფილია. 

დოკუმენტის თანახმად, მსგავს შემთხვევებზე დაკვირვება გვაჩვენებს, რომ უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციებისათვის ვალდებულებების დაწესება, რომლებიც კანონპროექტებით იყო გათვალისწინებული, ხშირად მიზნად ისახავდა ამ ორგანიზაციების დისკრედიტაციასა და საჯარო შეურაცხყოფას. 

ეუთოს შეფასებით, მსგავსი დისკრიმინაციული რეგულაცია შეიცავს სამოქალაქო ორგანიზაციებისათვის რეპუტაციის შემლახავი იარლიყების მიკერების რისკს. ის მტრულ გარემოს აყალიბებს ორგანიზაციების მიმართ, ხელს უწყობს  სამოქალაქო სექტორის სტიგმატიზაციას, ზრდის მათ მიმართ უნდობლობას და მათთან კავშირის შიშს საზოგადოებაში.

მასალა მომზადდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი - სამხრეთ კავკასიის რეგიონის დაფინანსებით, პროექტის ფარგლებში „ინკლუზიური და კონსენსუალური პოლიტიკური გარემოს მხარდაჭერა საქართველოში“. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის "კომენტარს" და შესაძლებელია არ გამოხატავდეს ფონდის შეხედულებებს.

მასალა მოამზადეს
თამარ გვასალია
თამარ გვასალია
ავტორი
ვახუშტი მენაბდე
ვახუშტი მენაბდე
რედაქტორი