რატომ ვსაუბრობთ პარტიების აკრძალვაზე?
2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში აკრძალვას დაექვემდებარებიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული პარტიები. მაგრამ რამდენად არის შესაძლებელი, დემოკრატიაში ასეთი დაპირება რეალობად იქცეს?
ამ სერიით ვცდილობთ, განვმარტოთ, რას ნიშნავს პარტიების საქმიანობის შეზღუდვა (აკრძალვა/რეგისტრაციაზე უარის თქმა), რა საფუძვლით შეიძლება ამ გადაწყვეტილების მიღება და ვის მიერ, რა საერთაშორისო სტანდარტები და გამოცდილება არსებობს ამ მხრივ.
რას ნიშნავს „ანტიდემოკრატიული“ პარტია?
არცთუ იშვიათად, არადემოკრატიული ჯგუფები არჩევნებს იყენებენ ხელისუფლებაში მოსასვლელად; ასეთ მოვლენას „ციხის შიგნიდან გატეხად“ მოიხსენიებენ.
იმის განსაზღვრისას, არის თუ არა პარტია არადემოკრატიული, ყურადღება მახვილდება მის გაცხადებულ მიზნებსა და საჯარო საქმიანობაზე. არ შეიძლება პოლიტიკური გაერთიანების აკრძალვა დაეფუძნოს მხოლოდ ცალკეული წევრის ინდივიდუალურ საქმიანობას. უნდა დამტკიცდეს, რომ ეს იყო პარტიის ქმედება.
სახელმწიფომ არ უნდა მიმართოს რადიკალურ ზომებს, თუ ეს საფრთხე აშკარად არ მოასწავებს გარდაუვალი კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენას. სახელმწიფომ უნდა შეაფასოს, ნამდვილად წარმოადგენს თუ არა პარტია აშკარა და მყისიერ საფრთხეს და შეიძლება თუ არა, რომ სხვა ნაკლებად რადიკალურმა ზომებმა აღკვეთოს ეს საფრთხე. მხოლოდ ის ფაქტი, რომ პარტია ემხრობა კონსტიტუციის მშვიდობიანი გზით შეცვლას, არ უნდა იყოს საკმარისი მისი საქმიანობის შეზღუდვისთვის.
ეს ძალიან ფრთხილი მიდგომაა, თუმცა, არსებობს კრიტიკა, რომელიც ამასაც კი მიუღებლად მიიჩნევს დემოკრატიული სახელმწიფოსთვის.
როგორ და რატომ კრძალავენ დემოკრატიები პარტიებს?
ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებს შორის პოლიტიკური პარტიების აკრძალვის 150-მდე შემთხვევაა აღრიცხული. მათგან 23 საქმე სტრასბურგის სასამართლოს აქვს განხილული.
არსებობს პარტიების საქმიანობის შეზღუდვის მეთოდების კლასიფიკაცია:
ლიბერალური მოდელში გამოიყენება მხოლოდ სისხლის სამართლის აკრძალვები. ეს ყოველთვის მოითხოვს მტკიცებულების შეგროვებას და საპროცესო უფლებების მაღალ სტანდარტებს. ასეთ შემთხვევაში პარტია არ იკრძალება, მხოლოდ მისი წევრები ისჯებიან უკანონობისთვის.
ინსტიტუციური მოდელის მიხედვით, პარტიებს ეკრძალებათ ისეთი პროგრამის პოპულარიზაცია, რომელიც მიმართულია: სახელმწიფო დამოუკიდებლობის, ეროვნული სუვერენიტეტის ან ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის, ძალაუფლების ხელში ჩაგდების, პოლიტიკური ძალადობის აქტების ჩადენის, მტრობის გაღვივების, დისკრიმინაციის გავრცელების, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევისკენ და ა.შ.
მისგან თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის მოდელის მთავარი განმასხვავებელი ფაქტორი ის არის, რომ ამ უკანასკნელში სახელმწიფო კრძალავს პარტიებს, რომელთა საქმიანობა დემოკრატიული სისტემის გაუქმებისკენ არის მიმართული. ინსტიტუციური მოდელისგან განსხვავებით, აქ სასამართლოს შეფასებისთვის მეტი თავისუფლება აქვს.
პარტიების საქმიანობის შეზღუდვის მეთოდების კლასიფიკაცია:
- ლიბერალური მოდელი: გაერთიანებული სამეფო, ისლანდია, საბერძნეთი, აშშ, ავსტრალია
- ინსტიტუციური მოდელი: საქართველო, უკრაინა, უნგრეთი, სლოვაკეთი, ავსტრია, ბელგია, ნიდერლანდები
- თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის მოდელი: გერმანია, თურქეთი, ჩეხეთი
ვენეციის კომისიის მიხედვით, პარტიის საქმიანობის შეზღუდვის მიზეზი შეიძლება იყოს:
- სახელმწიფოს არსებობისთვის ან სუვერენიტეტისთვის საფრთხის შექმნა;
- დემოკრატიული წესრიგისთვის საფრთხის შექმნა;
- სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისთვის საფრთხის შექმნა;
- სოციალური, ეთნიკური ან რელიგიური სიძულვილის გაღვივება;
- ეთნიკური დისკრიმინაციის ხელშეწყობა;
- ძალადობის გამოყენება ან მუქარა;
- ნაციზმი ან ფაშიზმი;
- კრიმინალური გაერთიანების შექმნა;
- სამხედრო ან გასამხედროებული გაერთიანებების შექმნა;
- ფარული ან დივერსიული მეთოდების გამოყენება.
ვის აქვს პარტიის აკრძალვის უფლება?
პარტიის აკრძალვის ორი გზა არსებობს: პოლიტიკური და სამართლებრივი. პირველ შემთხვევაში გადაწყვეტილებებს პოლიტიკური ორგანოები (მაგ. პარლამენტი) იღებს, მეორეში კი − სასამართლოები.
პარტიების საქმიანობის შეზღუდვის პროცედურული სტანდარტები სტრასბურგის სასამართლოს მიხედვით:
- გადაწყვეტილება პარტიის საქმიანობის შეზღუდვის შესახებ უნდა მიიღოს სასამართლომ;
- პროცესზე სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს სამართლიანი სასამართლოს პრინციპის დაცვა;
- უნდა არსებობდეს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა.
პარტიების საქმიანობის შეზღუდვის შინაარსობრივი სტანდარტები სტრასბურგის სასამართლოს მიხედვით:
- პარტიის საქმიანობის შეზღუდვა უნდა იყოს გამონაკლისი შემთხვევა;
- უნდა არსებობდეს ლეგიტიმური მიზანი, ხოლო შეზღუდვა უნდა იყოს პროპორციული.
- შეზღუდვამ უნდა დააკმაყოფილოს აშკარა და მყისიერი საფრთხის ტესტი.