შესავალი: კაზრეთი ქვემო ქართლში, ბოლნისთან ახლოს მდებარე დასახლებაა, სადაც ოქრო, სპილენძი და სხვა ფერადი ლითონები მოიპოვება. სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინდუსტრიული დანიშნულების გარდა, კაზრეთი ცნობილია ისტორიული სიძველით – ბრინჯაოს ხანისა და ქვის ხანის უნიკალური სამარხებით, ანტიკური ხანის ნამოსახლარით და სხვ.
რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?
ოქროსა და სპილენძის კონცენტრატები – მადანი, რომელიც დაბა კაზრეთში მოიპოვება, საქართველოდან ექსპორტირებული ყველაზე მაღალი ღირებულების მქონე საქონელთა ათეულშია, მისი მოპოვების ლიცენზია კი ყველაზე ძვირადღირებული ლიცენზიაა ქვეყანაში.
ოქროთი და სპილენძით მდიდარი დასახლება და მის გარშემო მდებარე სოფლები, სხვა ინდუსტრიული ქალაქების მსგავსად, უკვე წლებია სიღარიბით, უპერსპექტივობით, საგანგაშოდ დაბინძურებული გარემოთი და ჯანმრთელობის პრობლემებით იტანჯება. აუცილებელია, ვიცოდეთ, თუ ვინ ფლობს ამ სიმდიდრეს და რატომ არის ყველაზე ძვირფასი რესურსებით მდიდარი დასახლება ასეთ მდგომარეობაში.
ჩვენი კომენტარი:
დაბა კაზრეთსა და მის შემოგარენში კომპანია RMG ერთადერთი მსხვილი დამსაქმებელია. წლებია, საწარმოში შრომა უმძიმესია და არ არის უსაფრთხო, დასახლებაში ცხოვრება კი ჯანმრთელობისთვის მძიმე შედეგების მომტანია. წყლის, ჰაერისა და ნიადაგის დაბინძურების გამო, დაბის შემოგარენში სოფლის მეურნეობაც შეუძლებელი ხდება. კომპანია ცდილობს, ქალაქში ჩაანაცვლოს სახელმწიფო, ადგილობრივი მთავრობა და პოლიცია – ის შემჩნეულია მშრომელთა და მაცხოვრებელთა დაშინებისა და კონტროლის პრაქტიკაში. კაზრეთი და მიმდებარე სოფლები საჭიროებს ჩვენს შეუქცევად სოლიდარობას.
რა უნდა ვიცოდეთ?
- RМG ჰოლდინგი, რომელიც ორ კომპანიას - RMG Gold-სა და RMG Copper-ს -აერთიანებს, კვიპროსში დარეგისტრირებული კომპანიაა, რომლის საკონტროლო პაკეტებსაც რუსი მილიარდელები, დიმიტრი ტროიცკი და დიმიტრი კორჟევი ფლობენ;
- კომპანია ფლობს ოქროს, სპილენძისა და სხვა ფერადი ლითონების მოპოვების ლიცენზიებს და გამამდიდრებელ კომბინატს, რომელიც 1965 წელს აშენდა. ლიცენზიების თანახმად, მას ბოლნისისა და დმანისის რაიონებში ოქროს მოპოვება 2042 წლამდე შეუძლია;
- RMG დაბა კაზრეთსა და მის შემოგარენში ჯამში 3000-მდე ადამიანს ასაქმებს. მადნეულს ამ ტერიტორიებზე ის 2011 წლიდან ღია კარიერებზე მოიპოვებს, რაც აფეთქებით სამუშაოებს გულისხმობს;
- ორი უძვირფასესი რესურსის რეალიზაციას კომპანია RMG-ისათვის ყოველწლიურად მსხვილი შემოსავალი მოაქვს, თუმცა ქვეყანა და ადგილობრივი მოსახლეობა ამ პროცესისგან უფრო მეტ ზიანს იღებს, ვიდრე - სარგებელს.
ციფრებში:
- მხოლოდ 2018 წელს სპილენძის კონცენტრატების ექსპორტი ნახევარ მილიარდ დოლარს აჭარბებდა, მხოლოდ 2019 წელს კი RMG-ის შემოსავალი 237,928,000 ლარი იყო, რომლიდანაც ოქროს რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი შეადგენდა 183,208,000 ლარს;
- 2011-2018 წლებში კომპანიამ ქვეყნის ბიუჯეტში მოგების გადასახადის სახით მხოლოდ 47 მლნ ლარი, ხოლო ქონების გადასახადის სახით კი მხოლოდ 4 მლნ ლარი შეიტანა.
უფრო დეტალურად:
- კომპანია მადანს ეგრეთ წოდებული „გამოტუტვის“ პროცესით, ანუ მისი ნატრიუმის ციანიდში გატარების პროცედურით, მოიპოვებს. პროცესი მოპოვებულ მადანზე ციანიდის ხსნარის დასხურებას გულისხმობს, ეს კი მრავალგვარად წამლავს და მასშტაბურად აბინძურებს გარემოს;
- 2014 წელს კომპანია RMG-მ, ოქროს მოპოვების მიზნით, საზოგადოების წინააღმდეგობის მიუხედავად, ააფეთქა საყდრისის უძველესი, მეცნიერთა მტკიცებით, ძვ. წელთაღრიცხვით მეოთხე ათასწლეულის ოქროს მაღარო, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი სამინისტრომ აფეთქებამდე 1 დღით ადრე მოუხსნა. საყდრისის აფეთქება ადგილობრივ თუ საერთაშორისო სკანდალად იქცა, თუმცა ამისთვის დღემდე არავინ დასჯილა;
- ამავე წელს იყო კაზრეთში მასშტაბური, 41-დღიანი, გაფიცვაც. საგაფიცვო კომიტეტის შექმნის შემდეგ კომპანიამ სამსახურიდან 184 მუშა გაათავისუფლა. ქალაქი გათავისუფლებული მუშების სამსახურში აღდგენასა და გაფიცვის მოთხოვნების დაკმაყოფილებას ითხოვდა, მათ შორის, ხელფასების ზრდას და შრომის პირობების გაუმჯობესებას. გაფიცვა შეთანხმებით დასრულდა, თუმცა მდგომარეობა საწარმოში მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა. 184 თანამშრომლიდან აღადგინეს მხოლოდ 80, ხელფასების 50%-იანი მატების ნაცვლად კი მუშებმა მხოლოდ 15%-იანი ზრდა მიიღეს.
მნიშვნელოვანია, რომ უკანასკნელი პროტესტი დაბა კაზრეთის შემოგარენში სულ ახლახანს, სოფელ მუშევანში, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ოქროს მოპოვების დაწყების წინააღმდეგ დაიწყო. მათი თქმით, მოპოვება აფეთქებით სამუშაოებს და იმავე წესით მადნის დამუშავებას გულისხმობს, რაც სოფელს განადგურებით ემუქრება.