პოლიტიკური პოლარიზაცია სხვადასხვა ფორმით და საფუძვლით ვითარდება. ზოგიერთ შემთხვევაში პარტიებს შორის არსებული იდეოლოგიური სხვაობა ბუნებრივად იწვევს წინააღმდეგობას. თუმცა ქვეყანაში არსებული ტენდენციები ცხადყოფს, რომ ის ხშირად ელიტებს შორის ხელოვნურად აღმოცენებული და გამიზნულად შენარჩუნებული დაპირისპირებაა. ამ სტატიაში მოკლედ ვიმსჯელებთ, როდის და რატომ ირჩევენ პოლარიზაციას მმართველი ელიტები.
რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?
ბოლო პერიოდის პოლიტიკურ და აკადემიურ შეფასებებში საქართველო ხშირად განიხილება მკვეთრი პოლიტიკური პოლარიზაციის მაგალითად. მართლაც, პოლარიზაცია თანამედროვე ქართული პოლიტიკის ძირითად პრობლემად და დემოკრატიზაციის მთავარ გამოწვევად იქცა. მის ეფექტებს ყოველდღიური პოლიტიკური ცხოვრებაში ვხვდებით. ის ხელს უშლის როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობას, ისე ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.
ჩვენი კომენტარი
სუსტ დემოკრატიაში ელიტები პოლარიზაციას საკუთარი უუნარობის გადაფარვისა და ამომრჩევლის მობილიზებისთვის იყენებენ.
რა უწყობს ხელს და როგორ ვითარდება პოლარიზაცია?
პოლარიზაციის მიზეზების გარკვევა გვეხმარება, გავიგოთ პოლიტიკური დაპირისპირების საფუძვლები. ხშირად მას ქვეყანაში არსებული ეკონომიკური და სოციალური უთანასწორობა იწვევს. ის ასევე შეიძლება სახელმწიფო ორგანოების არასათანადო ფუნქციონირების, ადამიანის უფლებების არასაკმარისად დაცულობის გამო განვითარდეს. პოლარიზაცია შეიძლება წაახალისოს კონკრეტულ სახელმწიფოში მოქმედმა პოლიტიკურმა სისტემამ და მის ფარგლებში დადგენილმა გადაწყვეტილების მიღების ფორმამაც. მაგალითად, გაბატონებული მიდგომის შესაბამისად მაჟორიტარული პოლიტიკური სისტემა ზრდის პოლარიზაციის შანს, ამის საფრთხე ნაკლებია კონსენსუალური დემოკრატიის პირობებში.
როდის მიმართავენ ელიტები პოლარიზაციას?
კითხვაზე პასუხი პოლარიზაციის შესაძლო მიზეზებში შეგვიძლია ამოვიკითხოთ. ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებზე დაკვირვება გვაჩვენებს, რომ პოლარიზაცია არ არის ყოველთვის ელიტებს შორის ბუნებრივად არსებული შეუთანხმებლობის, დაპირისპირების შედეგი. პირიქით, ზოგჯერ ეს ელიტები ხელს უწყობენ წინააღმდეგობის გაღვივებას. ეს მაშინ ხდება, როცა პოლიტიკური ჯგუფები აღარ ზრუნავენ საზოგადოებრივ საჭიროებებზე. ასეთ შემთხვევაში მოწინააღმდეგე მხარესთან ღია, პიროვნული დაპირისპირება გამიზნული და სტრატეგიული ნაბიჯია.
როგორ იყენებენ ელიტები პოლარიზაციას?
პოლარიზაცია ხელს უწყობს საზოგადოების გახლეჩას და ეხმარება მმართველ ელიტას, (1) თავიდან აირიდოს პასუხისმგებლობა სახალხო და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე; (2) დააკისროს პასუხისმგებლობა მეტოქეს; (3) ყურადღება სტრატეგიული საკითხებიდან მოწინააღმდეგე მხარის კრიტიკაზე გადაიტანოს; (4) მეორე მხარის პოლიტიკური დისკრედიტაციით საკუთარი ამომრჩევლის მობილიზება და მოწინააღმდეგის მხარდამჭერთა გადმობირება შეძლოს.
მასალა მომზადდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი - სამხრეთ კავკასიის რეგიონის დაფინანსებით, პროექტის ფარგლებში „ინკლუზიური და კონსენსუალური პოლიტიკური გარემოს მხარდაჭერა საქართველოში“. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის "კომენტარს" და შესაძლებელია არ გამოხატავდეს ფონდის შეხედულებებს.