პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
როგორია სოციალური დაცვის ევროპულ-კონტინენტური და სკანდინავიური მოდელები?
ივლისი 26, 2022

ევროპაში სოციალურ დაცვაზე ორიენტირებული პოლიტიკის დიდი გამოცდილება არსებობს. ევროკავშირის სოციალური დაცვის კოორდინირების შეთანხმება, ორიენტირებულია შექმნას თანაბარი დაცვის გარანტიები და ამავდროულად მისცეს წევრ ქვეყნებს საკუთარი სისტემის შემუშავების საშუალება.

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აღებული აქვს ვალდებულება, რომლის თანახმად მხარეები გააგრძელებენ თანამშრომლობას სოციალური დაცვის ხელშესაწყობად. შესაბამისად, საჭიროა ვიცოდეთ რა ტიპის სოციალური დაცვის მოდელების პრაქტიკა არსებობს ევროპის ქვეყნებში და რომელი შეიძლება იყოს ყველაზე მეტად რელევანტური ქართული რეალობისთვის.

ჩვენი კომენტარი

ევროპაში ძირითადად მოქმედი სოციალური დაცვის ორი მოდელი – კონტინენტური და ნორდიკული –  ითვალისწინებს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას ადამიანთა ცხოვრების დონის გაუმჯობესების, კრიზისების დაზღვევისა თუ გადაჭრის საკითხში, რაც საშუალებას აძლევს ადამიანებს ჰქონდეთ ღირსეული ცხოვრების პირობები.

მსგავსება და განსხვავება, მოკლედ:

კონტინენტურ-ევროპულ მოდელსა და სკანდინავიურ-ნორდიკულ მოდელებს შორის არის როგორც მსგავსება, ასევე - განსხვავება: 

მსგავსება:

  • ორივე მოდელში, სახელმწიფოსთან ერთად გათვალისწინებულია დამსაქმებელის სოციალური პასუხისმგებლობა;
  • სხვადასხვა მასშტაბით, თუმცა ორივე მოდელი ითვალისწინებს იმ ადამიანების დაცვასაც, რომლებიც დასაქმებულები არ არიან და, შესაბამისად, კერძო ან სახელმწიფო დაზღვევა არ აქვთ. 

განსხვავება:

  • კონტინენტური უფრო მეტად ორიენტირებულია დაზღვევაზე, ხოლო ნორდიკული უფრო მეტად შემწეობებზე, შესაბამისად როგორც დაზღვეულ ისე დაუზღვეველ პირებს მაქსიმალურად თანასწორ მიდგომებს სთავაზობს.

უფრო დეტალურად

კონტინენტური-ევროპული მოდელი - გვხდება ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში, მათ შორის გერმანიაში, ნიდერლანდებსა და საფრანგეთში.

  • ამ სისტემაში სოციალური დაცვისთვის გამოყოფილი ხარჯები უმეტესწილად დამსაქმებლებისა და მოქალაქეების მიერ დაგროვებული შენატანების საფუძველზე იქმნება.
  • შესაბამისად, დაზღვეული მოქალაქეების საჭიროებები მათ მიერვე შევსებული სოციალური ფონდებიდან ფინანსდება. 
  • იმ მოქალაქეებისთვის, ვისაც დაზღვევა არ აქვთ, სოციალური დაცვისთვის საბაზისო თანხებს სახელმწიფო უზრუნველყოფს. 

 სკანდინავიურ-ნორდიკული მოდელი - გვხვდება დანიაში, შვედეთში, ნორვეგიასა და ფინეთში.

  • სოციალური დაცვის ეს მოდელი ორიენტირებულია ცხოვრების დონის მაქსიმალურ გაუმჯობესებასა და თანასწორობის შენარჩუნებაზე. 
  • აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროგრესული გადასახადების არსებობა (სადაც გადასახადების პროცენტული წილი შემოსავლის რაოდენობის მიხედვით იზრდება).
  • ამის ხარჯზე უზრუნველყოფილია სოციალური დაცვის სისტემაში თანაბარი მონაწილეობა და საჯარო სიკეთის თანაბარი გადანაწილება.
  • განურჩევლად შემოსავლის რაოდენობისა, ძირითად, საბაზისო სერვისებზე ყველას თანაბრად მიუწვდება ხელი.
სტატია მომზადდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით. გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ფრიდრიხ ებერტის ფონდის მოსაზრებებს. მისი კომერციული მიზნით გამოყენება იკრძალება ფონდის წერილობითი ნებართვის გარეშე.
მასალა მოამზადეს
ნინო ხელაძე
ნინო ხელაძე
ავტორი
მერაბ ქართველიშვილი
მერაბ ქართველიშვილი
რედაქტორი