პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
საარჩევნო ბარიერი უნდა შემცირდეს
მაისი 15, 2023

დემოკრატიას არასდროს ჰქონია ფუფუნება, სახელმწიფოს მართვაში მონაწილეობის მსურველთათვის კარი დაეხურა. სამწუხაროდ, საქართველოს პოლიტიკური ელიტა ამ საკითხზე გადაწვეტილების მიღებისას მუდამ საპირისპიროდ მოქმედებდა (იშვიათი გამონაკლისის გარდა). 

ბოლო 30 წლის განმავლობაში ქართული პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მაჟორიტარიზმია. „მაჟორიტარიზმი“ მხოლოდ საარჩევნო სისტემა არ არის. ის პოლიტიკური პროცესების აღქმის ლოგიკაა, რომელიც გვიყვება, როგორ ხედავენ ელიტები ძალაუფლების მოპოვების, მისი განხორციელებისა და გადაცემის პროცესს. მაჟორიტარიზმს საფუძვლად უდევს კონცეფცია, რომ გამარჯვებულს მიაქვს ყველაფერი. ის ძალაუფლების, შესაბამისად, პასუხისმგებლობის, გაზიარების ნებისმიერ მოდელს უარყოფს. მასში თანამონაწილეობა, შეთანხმება, კომპრომისი იმთავითვე გამორიცხულია ინსტიტუციური ლოგიკიდან, რაც მაჟორიტარიზმს, საბოლოოდ, ნულოვანი ჯამის თამაშად აქცევს. 

მაჟორიტარიზმი პოლიტიკურ მონაწილეობას ორ დონეზე აფერხებს:

  1. თავდაპირველად ის ბარიერებს აღუმართავს შედარებით სუსტ ჯგუფებს;
  2. შემდეგ კი მათ, ვინც პირველ დაბრკოლებას გადალახავს, მაგრამ უმრავლესობას ვერ მოიპოვებს, ართმევს პოლიტიკურ პროცესებში ეფექტიანი მონაწილოების შესაძლებლობას.

ამ სისტემური ლოგიკის მიხედვით მოქმედებს ჩვენი პოლიტიკური კლასი და ზედმიწევნით ზუსტად იმეორებს ზემოთ მოყვანილ თეორიულ დაშვებებს, შედეგად კი ვიღებთ პოლარიზაციას. გასაგებია, რომ ასეთ მდგომარეობას პასუხი სჭირდება. პასუხი მაჟორიტარიზმის ნგრევის გარანტიას უნდა იძლეოდეს. პროცესი მისივე საფუძვლიდან, საარჩევნო სისტემიდან, უნდა დავიწყოთ. ამჯერად მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებზე ვისაუბრებ.

რატომ განვიხილავთ ამ თემას?

2021 წელის გაზაფხულზე ოპოზიცია და ხელისუფლება, ე.წ. „მიშელის დოკუმენტის“ ფარგლებში, საარჩევნო ბარიერის 0.67%-დან 2%-მდე შემცირებაზე მორიგდა. რამდენიმე თვით ადრე პარტია „მოქალაქეებისა“ და მმართველი გუნდის  შეთანხმებაშიც ჩაიწერა, რომ ბარიერი 2024 წლისთვის 3%-ზე მეტი არ უნდა ყოფილიყო. უკვე ივლისში უმრავლესობამ დატოვა „მიშელის დოკუმენტი“, თუმცა, მიუხედავად ამისა, 7 სექტემბერს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის ბარიერის 2%-მდე შემცირებას. 

ამის შემდეგ პროცესი შეჩერდა. მოგვიანებით მმართველმა პარტიამ კონსტიტუციაში ამ ცვლილების შეტანის პირობად ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის მიღება დაასახელა. კანდიდატობის საკითხი 2023 წლის ბოლოსთვის გაირკვევა. დღეს არსებული მონაცემებით კი, 2024 წლის არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება. პარლამენტის წევრთა რაოდენობა 150, ხოლო ბარიერი 5% იქნება. ამ სტატიაში გვინდა განვმარტოთ, რატომ არის ამხელა ბარიერი საქართველოში გაუმართლებელი.

ჩვენი კომენტარი

მართალია, ერთი შეხედვით, ხელისუფლებამ დააკმაყოფილა წლების განმავლობაში არსებული მთავარი მოთხოვნა - ქვეყანა მოახლოებულ კენჭისყრას სრულად პროპორციული სისტემით ხვდება, მაგრამ, ამავე დროს, მან მაღალი საარჩევნო ზღურბლი შეინარჩუნა და  ძალაში დატოვა მაჟორიტარული სისტემისთვის დამახასიათებელი ლოგიკა. შესაბამისად, 2024 წლის საარჩევნო სისტემა მხოლოდ ორ პოლიტიკურ ძალას, „ქართულ ოცნებას“ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, აძლევს ხელს. წლებია, ამ ძალების დაპირისპირების ბუნება ასაზრდოებს პოლარიზაციას საქართველოში და ქვეყნის განვითარებას უშლის ხელს, 5%-იანი ბარიერის შემთხვევაში კი არსებითად არაფერი შეიცვლება; არსებული კონტექსტის და პროცესების შესაძლო განვითარების გათვალისწინებით, პოლარიზაცია უფროდაუფრო გაღრმავდება. ეს მოდელი მომავალშიც გამორიცხავს კონსენსუსზე დაფუძნებული პოლიტიკის გაჩენის შანს. 

რა არის პრობლემა?

2024 წელს დაგეგმილი არჩევნების შემდეგაც საქართველო მაჟორიტარული პოლიტიკისთვის არის განწირული, რაც ორი კუთხით არის პრობლემური:

პირველი საკითხი დაკარგული ხმების დიდი მაჩვენებელია, რომელსაც მაღალი საარჩევნო ბარიერი იწვევს. ეს კი მოქალაქეთა ნაწილის ქვეყნის მართვის მიღმა დატოვებას ნიშნავს. ამგვარ სისტემაში ისინი, ვის მიერ მხარდაჭერილი პარტიებიც ზღურბლის გადასალახად საკმარის ხმებს ვერ აგროვებენ, პარლამენტის მიღმა რჩებიან. მაგალითად, 2020 წლის არჩევნები 5%-იანი ბარიერის ფარგლებში რომ ჩატარებულიყო, ამომრჩეველთა ხმების 25%-მდე დაიკარგებოდა, 2016 წელს (5%-იანი ბარიერით ჩატარდა) კი - 20%-მდე. ასეთ ვითარებაში, შესაბამისად, ყოველი მეოთხე ან მეხუთე ადამიანი რჩება წარმომადგენლის გარეშე. ეს ნიშნავს, რომ უშუალოდ მის ინტერესებს პარლამენტში არავინ დაიცავს. ასე მიიღწევა მაჟორიტარიზმის პირველი მიზანი: შედარებით მცირე ჯგუფებისათვის პოლიტიკაში მონაწილეობის შესაძლებლობის ჩამორთმევა.

მეორე საკითხი ყოვლისშემძლე უმრავლესობის ფორმირებაა. საქართველოში სულ გვქონდა ძალაუფლების კონცენტრირების პრობლემა. ჩვენთან კოალიციური მთავრობებიც კი ნელ-ნელა ერთპიროვნულ მმართველობებად ყალიბდებოდა. დღევანდელი პოლიტიკური ლანდშაფტის გათვალისწინებით, არსებული ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა 2, მაქსიმუმ 3, პარტიას აქვს. ეს კი ქმნის ერთი ჯგუფის მიერ დიდი უმრავლესობით ხელისუფლებაში მოსვლის ხელსაყრელ საფუძველს, რომლის მიხედვითაც, გამარჯვებული დაეუფლება ყველა სადავეს, დამარცხებული კი ყველაფერს წააგებს, მას ქვეყნის მართვაში წილი არ ექნება. ეს პირველს ძალაუფლების გაზიარების, მეორეს კი პასუხისმგებლობის აღების მოტივაციას გაუქრობს. ამით მიიღწევა მაჟორიტარმიზმისთვის დამახასიათებელი მეორე მიზანიც: ოპოზიციისთვის პოლიტიკურ პროცესებში ეფექტიანი მონაწილეობის შესაძლებლობის ჩამორთმევა.

როგორ მუშაობს საარჩევნო სისტემა ბოლო პერიოდის საქართველოში?

2016 წლის არჩევნებში ქართულმა ოცნებამ იმაზე 57,47%-ით მეტი მანდატი მიიღო, ვიდრე საზოგადოებრივი მხარდაჭერა, ხოლო ნაციონალურმა მოძრაობამ და პატრიოტთა ალიანსმა - 33,60%-ით და 20,15%-ით ნაკლები. არჩევნები რომ 2024 წლის მოდელით ჩატარებულიყო, ყველა მათგანი იმაზე მეტს ხმას მიიღებდა, ვიდრე ეკუთვნოდა - ქართული ოცნება 24,60%-ით, ნაციონალური მოძრაობა 22,94%-ით, პატრიოტთა ალიანსი 19,76%-ით. 

2020 წლის არჩევნებში კი ქართულმა ოცნებამ იმაზე 24,42%-ით მეტი მანდატი მიიღო, ვიდრე საზოგადოებრივი მხარდაჭერა, ხოლო ნაციონალურმა მოძრაობამ და სხვა 7-მა პარტიამ, შესაბამისად, 11,69%-ით და 13,27%-ით ნაკლები. არჩევნები რომ 2024 წლის მოდელით ჩატარებულიყო, მანდატებს მხოლოდ ორი პარტია მიიღებდა. ქართულ ოცნებას 32,72%-ით, ნაციონალურ მოძრაობას კი 32,45%-ით მეტი ხმა ექნებოდა.

სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ შერეული სისტემის შემთხვევაში სახელისუფლებო პარტია დანარჩენ პოლიტიკურ ერთობებს პარავს მანდატებს, ხოლო სრულად პროპორციული და მაღალი ბარიერის შემთხვევაში, ბარიერგადალახული პარტიები - მათ, ვინც ბარიერი ვერ გადალახა. ამომრჩევლის პერსპექტივიდან, ეს მანდატები წართმეულ წარმომადგენლებს ნიშნავს. თუ გავითვალისწინებთ, რომ პარლამენტის ფუნქცია საზოგადოებრივი განწყობების საკანონმდებლო ორგანოში წარმოდგენაა, 2024 წლისთვის დაგეგმილი არჩევნები ამას ვერ მოემსახურება, პირიქით, ხელს შეუშლის.

სად არის გამოსავალი?

ზემოთ მოყვანილი არგუმენტები აჩვენებს, რომ 2024 წლისთვის მაჟორიტარული პოლიტიკური სისტემის მთავარი საყრდენი ძალაში რჩება. მეტიც, ის კიდევ უფრო მყარად ფუძნდება მოქმედთან შედარებით, რადგან:

  • მთავარი პარტიები, უპირველესად, მმართველ გუნდი, უფრო ხელსაყრელ მდგომარეობაში დგება, ვიდრე 2020 წლის არჩევნების დროს;
  • შედარებით პატარა პოლიტიკურ გაერთიანებებს პარლამენტში მოხვედრის შანსები და იქ საზოგადოების შესაბამისი ჯგუფების განწყობის წარმოდგენის შესაძლებლობა ფაქტობრივად აღარ ექნებათ. 

პოლარიზაციის შესამცირებლად და ინკლუზიური პოლიტიკის დასამკვიდრებლად კი მაჟორიტარული სისტემის ჩანაცვლებაა საჭირო. საარჩევნო სისტემა ერთ-ერთი, მაგრამ მნიშვნელოვანი, კომპონენტია ამ საქმეში. შესაბამისად, საჭიროა, დღეს პოლიტიკურ დღის წესრიგში მიკარგული საარჩევნო ბარიერის საკითხის გააქტიურება. იდეალური ბარიერი, 0,67% იქნებოდა, თუმცა ის 2%-ს არ უნდა ასცდეს.

 

სტატია მომზადდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში „ინკლუზიური და კონსენსუსზე დაფუძნებული პოლიტიკური გარემოს მხარდაჭერა საქართველოში“. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის „კომენტარს“ და შესაძლებელია, არ გამოხატავდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის შეხედულებებს.

მასალა მოამზადეს
ვახუშტი მენაბდე
ვახუშტი მენაბდე
ავტორი