პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
საქართველოში შრომითი გაერთიანებების ისტორიული მიმოხილვა
ივლისი 1, 2025

საქართველოს შრომითი გაერთიანებების ისტორია საუკუნეზე მეტს ითვლის და მჭიდროდ უკავშირდება ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკურ ტრანსფორმაციებს. შრომითი გაერთიანებები, როგორც შრომის უფლების რეალიზაციის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი, დროსა და რეჟიმების მიხედვით იცვლიდა თავის ფუნქციებსა და მნიშვნელობას.

რატომ უნდა მაინტერესებდეს?

შრომითი გაერთიანებების განვითარება საქართველოში პირდაპირ აისახება იმაზე, თუ რამდენად დაცულია დასაქმებული. ხელფასი, სამუშაო პირობები, შვებულება, დაცვა სამსახურიდან გათავისუფლებისგან, ეს ყველაფერი დაკავშირებულია იმასთან, რამდენად ძლიერია პროფკავშირები ქვეყანაში. საქართველოში დღეს ბევრი ადამიანი სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლდა, ან შრომის კოდექსის დარღვევით მოჰპარეს შრომის შედეგი. ასეთ გარემოში, პროფკავშირების განვითარება ყველას ინტერესშია იქნება ის საჯარო მოხელე, მუშა, პედაგოგი, ჟურნალისტი, ხელოსანი თუ სხვა სფეროს წარმომადგენელი.

ჩვენი კომენტარი

გაერთიანებული პროფკავშირები, რომელიც დღესაც ინარჩუნებს საბჭოთა მემკვიდრეობით ჩამოყალიბებულ სტრუქტურებს, ვერ ასრულებს იმ როლს, რაც პროფკავშირს რეალურად უნდა ჰქონდეს. ორგანიზაცია გამოირჩევა არადემოკრატიული მართვით და სისტემატურად იყენებს ბიუროკრატიულ ბერკეტებს დამოუკიდებელი პროფკავშირების შესასუსტებლად. საქართველოში შრომითი მოძრაობის გაძლიერებისთვის საჭიროა ახალი, დამოუკიდებელი გაერთიანებების ხელშეწყობა.

შრომითი გაერთიანებების საწყისი ფორმები საქართველოში

საქართველოს ტერიტორიის ინდუსტრიული განვითარება მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში მოიცავდა მუშათა პირველი თვითორგანიზებული ფორმების გამოჩენას. ბაქო-ბათუმის ნავთობგაყვანილობის მშენებლობისას მუშათა შორის გაჩნდა საყოველთაო საპროტესტო პოტენციალი, რასაც თან სდევდა გილდიური ტიპის პროფესიული გაერთიანებები. ამ პერიოდში, განსაკუთრებით 1905 წლის რევოლუციის ფონზე, მენშევიკებმა და ბოლშევიკებმა აქტიურად გამოიყენეს პროფკავშირები მუშათა მობილიზაციისთვის.

„მესამე დასი“ რომელიც 1892 წელს დაარსდა, იყო პირველი სოციალ-დემოკრატიული პარტია კავკასიაში და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მუშათა განათლებასა და მობილიზაციაში. ისინი ქმნიდნენ წრის ტიპის ჯგუფებს, სადაც მუშებს ასწავლიდნენ მარქსისტულ თეორიებსა და სოციალურ საკითხებს. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918–1921) პერიოდში, სოციალ-დემოკრატიული მმართველობა ცდილობდა პროფკავშირების სამართლებრივი გაფორმებისა და მათი ინსტიტუციური გაძლიერების უზრუნველყოფას. ამ პერიოდში მშრომელთა გაერთიანებებს მიენიჭათ მნიშვნელოვანი სოციალური ფუნქცია, რაც საბჭოთა მმართველობის დამყარების შემდეგ მთლიანად ტრანსფორმირდა.

პროფკავშირები საბჭოთა საქართველოში

საბჭოთა ოკუპაციის პირობებში საქართველოს პროფკავშირები დაიქვემდებარა ცენტრალურ იდეოლოგიურ და სახელმწიფოებრივ სტრუქტურებს. პროფკავშირები ფორმალურად არსებობდა როგორც შრომის უფლებების დამცველი ინსტიტუცია, თუმცა რეალურად მათი ფუნქცია შემოიფარგლებოდა შრომითი დისციპლინის კონტროლით და სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკის განხორციელებით.

პროფკავშირების საქმიანობა იგეგმებოდა და კონტროლდებოდა ცენტრალიზებულად. მათი ძირითადი ამოცანა იყო მუშათა დასვენების, კულტურულ ღონისძიებებში ჩართულობის მართვა, ხოლო კოლექტიური კონტრაქტების ან შრომითი დავების გადაწყვეტის შესაძლებლობა მინიმალურ დონეზე ხორციელდებოდა. საბჭოთა პროფკავშირების მთავარი მახასიათებელი იყო დამოუკიდებლობის არქონა და მუშათა ინტერესების დაცვაზე რეალური გავლენის უქონლობა. ისინი არ წარმოადგენდნენ ოპოზიციურ ხმას სისტემაში, არამედ უფრო მეტად იყვნენ ინტეგრირებული მმართველ იერარქიაში, რაც აისახა საზოგადოების მხრიდან მათდამი უნდობლობაზეც.

გარდამავალი პერიოდი და გაერთიანებული პროფკავშირების ფორმირება

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველომ მემკვიდრეობით მიიღო ცენტრალიზებული პროფკავშირული სისტემა, რომელიც საჭიროებდა ადაპტირებას ახალი სოციალური და პოლიტიკური რეალობის პირობებში. 1990-იან წლებში, მიუხედავად იმისა, რომ სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყნების მსგავსად ქართულ პროფკავშირებს მნიშვნელოვანი ცვლილებების გავლა მოუწიათ, მათ სრულად არ დაუკარგავთ წვდომა ფინანსურ რესურსებზე, ქონებაზე და ინსტიტუციურ ბერკეტებზე. პირიქით, გარკვეულ ეტაპზე მათ მოახერხეს საბჭოთა დროინდელი ქონების ნაწილის შენარჩუნება და პრივატიზაციის ტალღისგან გადარჩენა. თუმცა, 2000-იანი წლებიდან, განსაკუთრებით ირაკლი პეტრიაშვილის ხელმძღვანელობის პერიოდში, დაიწყო უხილავი გაყიდვები პროფკავშირების კუთვნილი ქონების, რაც ხშირად მედიაში და სამოქალაქო წრეებში გააქტიურებულ კრიტიკას იწვევდა. აღნიშნულ პროცესებზე ვრცლად აქვს მიმოხილვა მომზადებული ონლაინ პლატფორმა „მაუწყებელს“, რომელიც აღწერს როგორ შემცირდა პროფკავშირების მატერიალური ბაზა და გავლენა ქონებრივი აქტივების განიავების შედეგად. ამ პირობებში შეიქმნა "საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირები“ (GTUC), რომელიც ითვლება საბჭოთა პროფკავშირების მემკვიდრეობის გამგრძელებლად. ორგანიზაცია მრავალჯერ აღმოჩნდა მძიმე კრიტიკისა და დაპირისპირების საგანი როგორც შიდა აქტივისტური ჯგუფების, ასევე ახალი დამოუკიდებელი პროფკავშირების მხრიდან. მათი წინააღმდეგობები უკავშირდებოდა გაერთიანებული პროფკავშირების განგრძობად ავტორიტარულ მმართველობას, არადემოკრატიულ მართვის სტილსა და რეალურ, მუშათა, ინტერესებზე კონცენტრაციის ნაკლებობას.

1990-იანი წლების ბოლოსა და 2000-იანი წლების დასაწყისში გაჩნდა პირველი ალტერნატიული პროფკავშირებიც. თუმცა მათი ინსტიტუციური და ფინანსური სისუსტე ხელს უშლიდა ფართო მხარდაჭერის მოპოვებას. ამავდროულად, პროფკავშირები  ქონების ნაწილი გასხვისდა გაუმჭვირვალედ, რაც კიდევ უფრო ზრდიდა გაერთიანებული პროფკავშირებისადმი უნდობლობას საზოგადოებასა და აქტივისტურ ჯგუფებში.  გაერთიანებულ პროფკავშირებში წევრია დაახლოებით 220 000 მშრომელი, რაც საქართველოში დასაქმებულთა მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს. გაერთიანებული პროფკავშირები, როგორც ძლიერი სოციალური დაცვის გარანტი ხშირ შემთხვევაში, არ არის, რადგან ჭიათურის მაგალითი ხაზს უსვამს, რომ ფორმალური გაწევრიანება არ ნიშნავს საპროგრამო ან პრაქტიკულ მხარდაჭერას.

ახალი პროფკავშირების ჩამოყალიბება და თანამედროვე პროფკავშირული ლანდშაფტი

2010-იანი წლების შემდეგ საქართველოში დამკვიდრდა პროფკავშირული მოძრაობების ახალი ტალღა, რომელიც მოიცავდა ისეთ ორგანიზაციებს, როგორიცაა „გილდია“, „სოლიდარობის ქსელი“ და სხვა ინდუსტრიულად ან სექტორულად სპეციფიკური გაერთიანებები. მათი მთავარი მახასიათებელია დამოუკიდებლობა სახელმწიფოსგან და გაერთიანებული პროფკავშირებისგან, ჰორიზონტალური მართვის სტრუქტურები და ფოკუსი კონკრეტული შრომითი უფლებების დაცვის პრაქტიკაზე. ახალ პროფკავშირებს მუდმივად უწევთ ბრძოლა ლეგიტიმაციის მოპოვებისთვის, შრომის უფლებების რეალური დაცვის სამართლებრივი გარანტიების განსამტკიცებლად, მედიაში ფართო გაშუქებისა და საზოგადოების მხარდაჭერის მოსაპოვებლად. ამ ყველაფერთან ერთად, სირთულეს წარმოადგენს გაერთიანებული პროფკავშირების (GTUC) მიდგომა, რომლებიც ხშირად იყენებენ ბიუროკრატიულ ბერკეტებს, მათ შორის შრომის წარმომადგენლობის ფორმალურ მექანიზმებს, რათა ჩაახშონ ან შეასუსტონ ალტერნატიული პროფკავშირების საქმიანობა. დამოუკიდებელი პროფკავშირების თქმით, გაერთიანებული პროფკავშირები ხელს უშლიან მათ წვდომას მნიშვნელოვან მოლაპარაკებების ფორმატებზე და იყენებენ ისტორიულად დაგროვილ რესურსებს გავლენის შესანარჩუნებლად, რაც კიდევ უფრო ართულებს პროფკავშირული პლურალიზმის განვითარებას საქართველოში. გარდა ამისა, GTUC ხშირად იყენებს საერთაშორისო ორგანიზაციებში თავიანთ წარმომადგენლობას იმისთვის, რომ დამოუკიდებელი პროფკავშირები წარმოაჩინოს არასაპატიო ან არალეგიტიმურ აქტორებად. ეს ქმნის ასიმეტრიულ გარემოს, სადაც ერთ მხარეს დგას სახელმწიფო და ისტორიულად კონსოლიდირებული პროფკავშირი, მეორე მხარეს კი — ფინანსურად შეზღუდული, თუმცა შინაარსობრივად მოტივირებული და საზოგადოებრივად აქტიური ახალი პროფკავშირული ძალები.

2024 წლიდან მოყოლებული, ქვეყანაში არაერთი მშრომელი გამოუშვეს სამსახურიდან პოლიტიკური დისკრიმინაციის ნიშნით.  არსებული რეპრესიების ფონზე, მნიშვნელოვანია შეიქმნას ახალი პროფესიული გაერთიანებები, რომელიც მშრომელებს გაუწევს საჭირო დახმარებას, მაგრამ, “ქართული ოცნების“ ხელისუფლება ახალ გაერთიანებებს დარეგისტრირების შესაძლებლობას არ აძლევს, რითაც კონსტიტუციით გათვალისწინებულ უფლებას ზღუდავს.

რატომ უნდა იზრუნოს სახელმწიფომ ახალი პროფკავშირების განვითარებაზე?

  1. შრომის უფლებების სისტემური დაცვა: ახალი პროფკავშირები წარმოადგენენ შრომის ბაზარზე არსებულ რეალურ პრობლემებზე მორგებულ, სწრაფად რეაგირებად სტრუქტურებს. მათი გაძლიერება ნიშნავს შრომითი უფლებების ეფექტურ დაცვას იმ სფეროებში, სადაც არსებული პროფკავშირები არ მუშაობენ.
  2. დემოკრატიის გაღრმავება შრომით ურთიერთობებში: პლურალისტური პროფკავშირების არსებობა ხელს უწყობს შრომითი ურთიერთობების დემოკრატიზაციას, ამცირებს მონოპოლიებს, ზრდის მუშათა ხმას და აძლიერებს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას.
  3. სოციალური დისკრიმინაციის შემცირება: ახალი პროფკავშირები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ მარგინალიზებულ ჯგუფებს - გიგ მუშაკებს, სერვის სექტორში დასაქმებულებს, ქალებსა და პრეკარიულ დასაქმებულებს. მათი მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან მნიშვნელოვნად შეამცირებს სოციალურ უთანასწორობას.
  4. ეკონომიკური მდგრადობა და შრომითი სტაბილურობა: ძლიერი და წარმომადგენლობითი პროფკავშირები გრძელვადიან პერსპექტივაში ამცირებენ შრომით კონფლიქტებს, ზრდიან სამუშაო ადგილებზე კმაყოფილებას.
  5. საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება: საქართველო ვალდებულია დაიცვას საერთაშორისო შრომითი სტანდარტები (მაგ. ILO-ს კონვენციები). სახელმწიფოს მოვალეობაა ხელი შეუწყოს თავისუფალი და დამოუკიდებელი პროფკავშირების ფუნქციონირებას.
მასალა მოამზადეს
ომარ გორდეზიანი
ომარ გორდეზიანი
ავტორი
მერაბ ქართველიშვილი
მერაბ ქართველიშვილი
რედაქტორი