პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
სათამაშო ბიზნესი, სოციალური კეთილდღეობა და სახელმწიფოს როლი

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში გლობალური ტენდენცია აქვს როგორც აზარტულ თამაშებში ინვესტიციის, ასევე მისი მოხმარების ზრდას. საქართველოშიც სათამაშო დაწესებულებები თითქმის ყველგან გვხვდება. განსაკუთრებით ბევრია ის ტურისტულ და საზღვრისპირა მხარეებში. ეს ზრდის აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების (ლუდომანია) და სხვა თანმდევი სოციალური რისკების საფრთხეებს.

აზარტული თამაშების პოპულარიზაციამ და უფრო მეტად კი, მასთან დაკავშირებული საფრთხეების ზრდამ, აუცილებელი გახადა ამ საკითხზე ფართო რაკურსით მსჯელობა. დღეს ის უკვე დემოკრატიის მოდელებზე, თავისუფლების კონცეფციასა და საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე დისკუსიას აერთიანებს.  

თავის მხრივ, სათამაშო ბიზნესის განვითარებას საფუძველი ლიბერალური დემოკრატიის ფარგლებში ჩამოყალიბებულმა ეკონომიკურმა სისტემამ შეუქმნა. მან შეასუსტა სახელმწიფოს როლი ეკონომიკური საქმიანობის რეგულირებაზე და შედეგებზე პასუხისმგებლობა მოქალაქეებს გადააკისრა. ფაქტი გახდა, რომ ამ მოდელში სახელმწიფოებისთვის პრიორიტეტული ბიზნეს საქმიანობის ეკონომიკური სარგებელია. ის ხელს უწყობს საინვესტიციო გარემოს, ქმნის შესაბამის საკანონმდებლო ჩარჩოსა და კორპორაციებისთვის სასათბურე პირობებს აწყობს, თუმცა სათანადოდ არ აზღვევს იმ ნეგატიურ ეფექტებს, რაც მას მოქალაქის სოციალურ კეთილდღეობაზე, ხშირად კი მენტალურ თუ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე აქვს. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა საქართველოს მსგავს, დაბალი ეკონომიკური განვითარების მქონე ქვეყნების მაგალითზე, სადაც სათამაშო ბიზნესი ბიუჯეტის შევსების ერთ-ერთი მთავარი წყაროა.

რატომ არის მნიშვნელოვანი ამ  თემაზე მსჯელობა საქართველოში?

სათამაშო ბიზნესის ობიექტების პარალელურად, საქართველოში მაღალია ლუდომანიის მაჩვენებელი, მათ შორის არასრულწლოვანებშიც. თუმცა, მწირია მისი შემცირებისა და თავიდან აცილებისკენ გადადგმული ნაბიჯები. ამიტომ, უნდა ვიცოდეთ, რისი გაკეთება შეგვიძლია მოვთხოვოთ ამ კუთხით სახელმწიფოს.

კონკრეტულად რას ვითხოვთ ჩვენ სახელმწიფოსგან?

სახელმწიფომ საფრთხეების დაზღვევა საკუთარ თავზე უნდა აიღოს. ეს სათამაშო ბიზნესის პოლიტიკის ნაწილი უნდა გახდეს. თუმცა, ამ საკითხზე მუშაობა მხოლოდ ცენტრალურ დონეზე, ადგილობრივი მახასიათებლების გათვალისწინების გარეშე შედეგის მომტანი ვერ იქნება – უნდა განისაზღვროს მუნიციპალური ხელისუფლების როლი და პასუხისმგებლობაც. მან უნდა უზრუნველყოს რეგიონულ დონეზე არსებული ტენდენციების ანალიზი, შექმნას ნიადაგი პროგრესული, ადამიანის კეთილდღეობაზე ორიენტირებული ადგილობრივი განვითარებისთვის.

სათამაშო ბიზნესი საქართველოში

სათამაშო ბიზნესის აღმავლობა საქართველოში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაიწყო. საბაზრო ეკონომიკურ სისტემაზე გადასვლამ ბიძგი მისცა ახალი სფეროების განვითარებას რეგიონში, მათ შორის იყო აზარტული თამაშები. სათამაშო ბიზნესის მიმართ ლიბერალური პოლიტიკის წარმოება წარსულ სისტემასთან დაპირისპირების ერთ-ერთი მაგალითი იყო, რომელსაც საბჭოთა გამოცდილებისგან განსხვავებული მოდელები უნდა შეექმნა როგორც მართვის, ასევე წარმოების სექტორში. საქართველო ერთ-ერთი პირველი პოსტსოციალისტური ქვეყანა იყო, რომელმაც სათამაშო ბიზნესის დერეგულაცია დაიწყო. ქვეყანაში სათამაშო ბიზნესის მოწყობის ზოგადი მოდელი ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც ასეთი დაწესებულებების განთავსება ქვეყნის მთელი მასშტაბით გახდა შესაძლებელი. ვარდების რევოლუციის შემდეგ 2005 წელს ამ ბიზნესისთვის ტერიტორიების მიხედვით განსხვავებული საგადასახადო რეჟიმი დაწესდა. ბიზნესი ზოგიერთ ტერიტორიულ ერთეულში სათამაშო დაწესებულებების მოწყობის შემთხვევაში გადასახადიდან გათავისუფლდა.

საქართველოში სათამაშო დაწესებულებების დიდი ნაწილი ტურისტულ და საზღვრისპირა მხარეებშია განთავსებული. სტატისტიკის ეროვნული ბიუროს ცნობით, დღესდღეობით საქართველოში სათამაშო ბიზნესის 1030 სუბიექტია რეგისტრირებული. მოქმედი სუბიექტების დიდი ნაწილი თბილისში (83), აჭარასა (40) და  სამცხე-ჯავახეთში (11) გვხვდება. ეს მონაცემი სწორედ აზარტული თამაშების ტურიზმთან კავშირის მაჩვენებელია. საზღვრისპირა მხარეებში სათამაშო დაწესებულებების სიმრავლე „სათამაშო ტურიზმის“ წყაროა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მეზობელ ქვეყნებში აზარტული თამაშები, როგორც წესი, მკაცრად რეგულირებული ან აკრძალულია. ამიტომაც, ხშირია საზღვრის კვეთა ამ ქვეყნებიდან სწორედ აზარტული თამაშების მიზნით.

სათამაშო ბიზნესის გავლენა  ეკონომიკაზე

უდავოა, რომ სათამაშო ინდუსტრია სარფიანი ბიზნესია, როგორც სახელმწიფოს, ასევე ინვესტორისთვის.

  • 2022 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 50 მილიარდ ლარს გადააჭარბა. ეს 2021 წლის მონაცემებთან შედარებით 4.709 მლრდ ლარით, 2020 წელთან შედარებით კი 20.556 მლრდ ლარით მეტია;
  • 2022 წელს საქართველოში მთლიანად ბიზნეს-სექტორის ბრუნვამ 181.8 მლრდ ლარი შეადგინა, ამაში სათამაშო ბიზნესის წილი კი თითქმის 29% იყო;
  • 2022 წელს სათამაშო ბიზნესზე მეტი ბრუნვა წილობრივად მხოლოდ საბითუმო და საცალო ვაჭრობას ჰქონდა (38%).

ბოლოდროინდელი კვლევები საქართველოში სათამაშო ბიზნესის განვითარების ხელშემწყობ გარემოებებს შორის რამდენიმე რამე ფაქტორს უსვამენ ხაზს, მათ შორის:

(1) მოქნილი საკანონმდებლო რეგულირება;

(2) მოსაზღვრე ქვეყნებში ამ სფეროს მკაცრი რეგულირება;

(3) ტურიზმის განვითარების მზარდი ტენდენცია ქვეყანაში;

(4) ლიბერალური სავიზო რეჟიმი მოსაზღვრე და ბევრ იმ ქვეყანასთან, სადაც გართობის ეს სახეობა აკრძალული/შეზღუდულია.

სოციალური რისკები

ზემოთ აღწერილი მონაცემები გართობის ამ ინდუსტრიის განვითარების მხოლოდ ერთი მხარეა. ის ვერ ფარავს მის სოციალურ ასპექტებს. ამიტომ აუცილებელია ვიმსჯელოთ სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე სათამაშო ბიზნესის დაბალანსებული პოლიტიკის ფორმირებაში. ეს გულისხმობს რეგულირების აუცილებლობას, სათამაშო ბიზნესის  ეკონომიკური სარგებლის, ისევე როგორც საფრთხეების თანაფარდობის კვლევასა და ანალიზზე დაფუძნებული რეგულაციების შემუშავებას.

ეკონომიკურ სარგებელთან ერთად, აზარტული თამაშები დიდ სოციალური დანაკარგს უკავშირდება. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ანგარიშით სათამაშო ბიზნესს თან ახლავს მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობის რისკები, დეპრესია, სუიციდი, ოჯახური კონფლიქტები, ფინანსური პრობლემები, კარიერული და განათლების შეფერხება, კრიმინალური ქცევა, ალკოჰოლისა და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ზრდა და სხვა. ამის მიუხედავად, აზარტული თამაშების მოხმარება და მისით გამოწვეული ფაქტორების ნეგატიური გავლენა მომხმარებლებზე გლობალურად მზარდია, მათ შორის, საქართველოშიც. 2023 წლის ნოემბრის მონაცემებით შემოსავლების სამსახურის ბაზაში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული 10 793 პირია რეგისტრირებული.

რას გვეუბნება ადგილობრივი კონტექსტი?

კვლევის მასშტაბი და ინფორმაციის სიმწირე არ გვაძლევს შესაძლებლობას ვიმსჯელოთ, რა უწყობს ხელს საქართველოში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების ზრდას, მოქალაქეთა რა სეგმენტი უფრო მეტად არის მოწყვლადი მის მიმართ, ან როგორია გართობის ამ ინდუსტრიაზე მიჯაჭვულობის მაჩვენებელი რეგიონებში. თუმცა, ვვარაუდობთ, რომ აზარტულ თამაშებზე მიჯაჭვულობის რისკს  სხვა ფაქტორებთან ერთად ზრდის ეკონომიკური, სოციალიზაციისა და კულტურული ინტეგრაციის საშუალებების სიმწირე. ამას სამცხე-ჯავახეთში სათამაშო ბიზნეს გარემოზე ჩვენი დაკვირვებაც აძლიერებს. როგორც წინა სტატიებშიც ვნახეთ, ამ მხარეში მოქალაქეთა მიჯაჭვულობა სათამაშო ბიზნესზე მაღალია. ადგილობრივი მედიის მონაცემებზე დაყრდნობით თუ ვიმსჯელებთ, ამას კომპლექსური მიზეზი აქვს. ის სათავეს იმ პრობლემებიდან იღებს, რაც ეთნიკური უმცირესობების შრომით, სამოქალაქო, თუ კულტურულ ინტეგრაციას ართულებს ჩვენს საზოგადოებაში. ამას ემატება ზოგადად ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური და ეკონომიკური ფონი, ადგილობრივ დონეზე გართობის, რეკრეაციის ალტერნატიული მექანიზმების სიმწირე.


სტატია მომზადებულია პროექტის, ,,საზოგადოების მედეგობის გაზრდა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ინფორმაციისა და ანალიზის ხელმისაწვდომობის გზით“ ფარგლებში, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) მიერ გაცემული ფონდებით და გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. მოსაზრებები, მიგნებები და დასკვნები, რომლებიც გადმოცემულია ტექსტში, ეკუთვნის მხოლოდ ავტორებს და აუცილებლად არ ასახავს IWPR-ისა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობის შეხედულებებს.

 

მასალა მოამზადეს
თამარ გვასალია
თამარ გვასალია
ავტორი
ვახუშტი მენაბდე
ვახუშტი მენაბდე
რედაქტორი