პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტები სამშენებლო სფეროში

ბოლო წლებში განხორციელებული შრომის რეფორმის ფარგლებში გაიზარდა შრომის ინსპექციის მანდატი, შედარებით გაუმჯობესდა სიმაღლეზე მუშაობისა და მშენებლობის მარეგულირებელი ნორმები. თუმცა, სამუშაო ადგილზე ჯანმრთელობის და სიცოცხლის უფლების ხელყოფის შემთხვევები კვლავ ბევრია

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

  • მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა აიძულებს მოსახლეობას, დათანხმდეს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცვლელ პირობებს, რაშიც ბიზნეს სექტორი საკუთარ პასუხისმგებლობაზე მეტად, სარგებელს ხედავს.
  • შესაბამისად, უნდა ვიცოდეთ, თუ რა ვალდებულებები აქვს სახელმწიფოს მშრომელთა უფლებების დასაცავად და დამსაქმებელთა პასუხისმგებლობის გასაზრდელად. 

ჩვენი კომენტარი:

საქართველოში მშენებლობა ეკონომიკური საქმიანობის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სფეროა, რომელშიც ყველაზე მეტი მშრომელი იღუპება. შედარებით გაუმჯობესებული კანონმდებლობა კი არ არის საკმარისი მუშათა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად. პრევენციული ღონისძიებების გატარება და მასზე ზედამხედველობა კვლავ პრობლემად რჩება.

რა პრობლემა? 

  • საქართველოს რატიფიცირებული არ აქვს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის, მშენებლობაზე შრომის უსაფრთხოებისა და მათზე ზედამხედველობის მარეგულირებელი კონვენციები;
  • სავალდებულოდ შესასრულებლად არ აღიარებს ევროპის სოციალური ქარტიის მე-3 მუხლს, რომელიც გულისხმობს უფლებას უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოზე;
  • ეს ნიშნავს, რომ ეროვნული კანონმდებლობა საერთაშორისო სტანდარტებთან ბოლომდე დაახლოებული არ არის; 
  • პრევენციულ ღონისძიებებს არ ექცევა სათანადო ყურადღება;
  • შედეგად, მხოლოდ 2021 წელს მშენებლობაზე 13 ადამიანი გარდაიცვალა. 

რა უნდა ვიცოდეთ? 

  • საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, ყველას აქვს უფლება, ჰქონდეს სამართლიანი და უსაფრთხო სამუშაო გარემო, რომელიც, გარდა ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვისა, გონივრულ სამუშაო საათებსა და შრომის სამართლიან ანაზღაურებას მოიაზრებს;
  • შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) კონვენციები ამ პირობებთან ერთად მათი რეალიზებისთვის ეფექტიანი ზედამხედველობის საბაზისო სტანდარტებსაც ადგენენ, რომელთა საქართველოს კანონმდებლობაში ასახვა ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებაა;
  • სახელმწიფოს ეს ვალდებულება დადგენილ ვადაში სრულყოფილად არ შეუსრულებია.

საერთაშორისო სტანდარტი

  • უფლება უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოზე გულისხმობს უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის ისეთ რეგულაციებს, რომლებიც პრევენციულ და დაცვით ღონისძიებებს ითვალისწინებს;
  • რეგულაციები სამუშაო ადგილის და მისი სპეციფიკისთვის დამახასიათებელი რისკების გათვალისწინებით უნდა შემუშავდეს და მკაფიოდ განსაზღვრავდეს დამსაქმებელთა პასუხისმგებლობებსა და დასაქმებულთა უფლება-მოვალეობებს;
  • უფლება უსაფრთხო შრომაზე მოიაზრებს შრომის პირობების დამოუკიდებელ, კვალიფიციურ ინსპექტირებასაც.

ზოგიერთ სფეროში კი შრომის უსაფრთხოების პირობების მოწესრიგება განსაკუთრებით საყურადღებოა. 

მაგალითად, სამშენებლო სფეროში დადგენილია მინიმალური სტანდარტები:

  • პერსონალური დაცვის აღჭურვილობასა და ტანსაცმელზე;
  • სამუშაო აღჭურვილობასა და ხელსაწყოებზე;
  • გადასაადგილებელ და ამწე მოწყობილობებზე. 

მინიმალური სტანდარტის დაცვა გულისხმობს თითოეული მათგანის დამზადებას მდგრადი, სამუშაოსთვის შესაფერისი მასალით, ვარგისიანობის მუდმივ კონტროლს და გამოყენების წესების შესახებ მშრომელთა ინფორმირებას. 

მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ ეროვნული კანონმდებლობით და პრაქტიკით თავად დანერგოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებებისა და სხვა აღჭურვილობების წარმოებისა, გამოყენების და ზედამხედველობის მაღალი სტანდარტი.

სტატია მომზადდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით. გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ფრიდრიხ ებერტის ფონდის მოსაზრებებს. მისი კომერციული მიზნით გამოყენება იკრძალება ფონდის წერილობითი ნებართვის გარეშე.
მასალა მოამზადეს
ნინა ჩიხლაძე
ნინა ჩიხლაძე
ავტორი
მერაბ ქართველიშვილი
მერაბ ქართველიშვილი
რედაქტორი