საქართველოში შრომითი ურთიერთობები რეგულირდება შრომის კოდექსით, თუმცა სპეციფიკურ პირობებში მუშაობასთან დაკავშირებული ასპექტები, მაგალითად, ღამის ცვლა, მრავალცვლიანი მუშაობა ქარხნებში, მძიმე სამუშაო პირობები ხშირად ან არასაკმარისად არის განსაზღვრული, ან/და პრაქტიკაში სათანადოდ ვერ ხორციელდება. ასეთ რეჟიმში დასაქმებული ადამიანების უფლებების დაცვას, სამუშაო პირობების სტანდარტიზაციას და სათანადო ანაზღაურებას, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?
სპეციფიკურ სამუშაო რეჟიმებში მომუშავე ადამიანებს ხშირად ემუქრებათ ჯანმრთელობის გაუარესება, ნაკლები უსაფრთხოება და უსამართლო შრომითი ანაზღაურება. თუ გვსურს სამართლიანი და ინკლუზიური შრომითი ბაზრის არსებობა, უნდა დავინტერესდეთ იმით, თუ როგორ რეგულირდება ასეთი სახის შრომა და რამდენად იცავს სახელმწიფო ამ პროცესებში დასაქმებულების ინტერესებს.
ჩვენი კომენტარი
დღეს საქართველოში ღამის ცვლაში ან მრავალცვლიან რეჟიმში მუშაობა შრომის კოდექსით განსაზღვრულია, როგორც სპეციფიკური ტიპის სამუშაო, თუმცა ეს არ იცავს ამ ტიპის შრომაში ჩართულ ადამიანებს ასეთი ტიპის სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებული პრობლემებისგან. საქართველოში, ამ ტიპის ადგილებში დასაქმება, ხშირად ნიშნავს დაუცველობას, დაბალ ანაზღაურებას, მძიმე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ პირობებს. ასევე, ადამიანებს, რომლებსაც მძიმე შრომა უწევთ, არ აქვთ შესაბამისი ჯანმრთელობისა თუ უსაფრთხოების გარანტიები.
რა უნდა ვიცოდეთ?
- სპეციფიკური შრომა არ გულისხმობს მხოლოდ არასტანდარტულ სამუშაო რეჟიმს. ის, ხშირ შემთხვევაში მოიაზრებს ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველ სამუშაო გარემოსაც. მაგალითად, ასეთია თბილისის მეტროპოლიტენში მემანქანეებისა თუ სხვა პირების ყოველდღიური სამუშაო. გარდა იმისა, რომ ამ სფეროში სახელფასო ქვედა ზღვარი წინასწარ განსაზღვრული არ არის, ასევე, რეგულაციები, რომლებიც უნდა უზრუნველყოფდეს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვას, ხშირად ირღვევა. ასევე, საინტერესოა ევროკავშირის რეგულაციები და დირექტივები სატრანსპორტო პოლიტიკის შესახებ, რომელიც ადგენს მსგავსი დარღვევების პრევენციულ მექანიზმებსა და მუშათა უფლებების დაცვის უზრუნველყოფის საშუალებებს.
- საქართველოში ღამის ცვლაში ან მრავალცვლიან რეჟიმში მუშაობა კანონით განსაზღვრულია, როგორც სპეციფიკური ტიპის სამუშაო. მაგალითად, ღამის სამუშაო ითვლება 22:00-06:00 საათებს შორის შესრულებული შრომა. კანონით გათვალისწინებულია, რომ ღამის სამუშაოს ანაზღაურება უნდა იყოს სტანდარტულზე მეტი, თუმცა ნამატის ზუსტი ოდენობა არ არის განსაზღვრული და ეს საკითხი დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შეთანხმებით წყდება.
- ასევე, არ არსებობს სპეციალური რეგულაციები, რომლებიც უზრუნველყოფს ცვლებში მომუშავე პირებისთვის ჯანმრთელობის რეგულარულ შემოწმებას (მხოლოდ დასაქმებულის მოთხოვნის შემთხვევაშია შესაძლებელი), მორგებულ დასვენების პერიოდებს და პრობლემურად რჩება უსაფრთხოების დაცვაც. შედეგად, დასაქმებულები ხშირად მუშაობენ მძიმე, ჯანმრთელობისთვის საზიანო პირობებში სათანადო დაცულობის გარეშე.
- მრავალცვლიანი სამუშაო რეჟიმი შეიძლება განსაზღვრული იყოს შრომით ხელშეკრულებაში, თუმცა სამუშაო გრაფიკის ცვლილებებზე წინასწარი შეტყობინების ვალდებულება მკაფიოდ არ არის გაწერილი, რაც არღვევს დასვენებისა და პირადი ცხოვრების უფლებას.
- ღამის ცვლები და მძიმე ფიზიკური შრომა განსაკუთრებით გავრცელებულია ფაბრიკა-ქარხნებში, სადაც შრომა სპეციფიკურია, თუმცა ანაზღაურება, ხშირ შემთხვევაში, დაბალი.
- სპეციფიკური შრომის შემთხვევაში განსაზღვრულია მაქსიმუმ 48 საათიანი გრაფიკი კვირაში, ხოლო სპეციფიკური ტიპის სამუშაოები გამოყოფილია პარტნიორებთან შეთანხმების შედეგად მთავრობის დადგენილების ფარგლებში.
რა არის საჭირო უკეთესი რეგულირებისთვის?
ღამის ცვლისთვის სავალდებულო უნდა იყოს მინიმალური დამატებითი ანაზღაურება, მაგალითად, ძირითად საათობრივ განაკვეთზე მინიმუმ 25%-ით მეტი. ასეთი სტანდარტი მოქმედებს ბევრ ევროპულ ქვეყანაში, მაგალითად გერმანიაში.
სპეციფიური შრომის დარგებში, რომლებიც გამოყოფილია საქართველოს კანონმდებლობით, დასაქმებულებისთვის უნდა დაწესდეს პროფესიული მინიმალური ხელფასი, რადგან აღნიშული ფიზიკურ შრომასა და, ზოგჯერ, სახიფათო სამუშაოს მოიაზრებს.
შრომის ინსპექციას უნდა დაეკისროს რეგულარული შემოწმების ვალდებულება სპეციალურად ღამის და ცვლებში მუშაობის პირობების მონიტორინგისათვის.
სპეციფიკური ტიპის შრომისთვის, სადაც ჯანმრთელობის დაზიანების მეტი რისკია, სავალდებულო უნდა გახდეს ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელსაც ორგანიზაცია დააფინანსებს. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ჯანმრთელობის დაზღვევა მორგებული იყოს კონკრეტული ტიპის საჭიროებების ანაზღაურებას და არ მოიცავდეს მხოლოდ ზოგად, საბაზისო ჯანმრთელობის სერვისებს.
ასევე, სოციალური დიალოგის ხელშეწყობა, კერძოდ პროფკავშირებისა და დასაქმებულთა ორგანიზაციების ორმხრივი მონაწილეობის უზრუნველყოფა ქვეყნის სოციალური და დასაქმების პოლიტიკის გასაუმჯობესებლად, მაგალითად, ევროკავშირის რეგულაციების მიხედვით.
მნიშვნელოვანია კანონმდებლობით გაწერილი ვალდებულებების შესრულების რეგულარული კონტროლი, რაც, შრომის ინსპექციის მნიშვნელოვანი საქმიანობა უნდა იყოს. ასევე, ყურადსაღებია, რომ შრომის ინსპექციის მანდატი მოიცავდეს მკაცრ რეაგირებას აღნიშნული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში.

