პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
უგულებელყოფა, რეპრესია და დასჯა – სოციალური პროტესტების საპასუხოდ
სექტემბერი 9, 2024

დღეს, ქვეყანაში სოციალური პროტესტის არაერთი აქტიური კერაა, განსაკუთრებით კი უნდა გამოვყოთ თბილისში, მექანიზაციის ქუჩაზე, – ევოლუშენ ჯორჯიაში გაფიცული თანამშრომლების მიერ წარმოებული გაფიცვა, რომელიც უკვე 2 თვეა მიმდინარეობს, მეორე კერა ესაა – სოფელ შუქრუთში, სადაც 180 დღეა მოსახლეობა ითხოვს კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ მხრიდან მოყენებული ზიანის სამართლიან ანაზღაურებას.  

ორივე მათგანი მიმართავს პროტესტის რადიკალურ ფორმებს, იქნება ეს შიმშილობა თუ პირის ამოკერვა, თუმცა სახელმწიფოს მხრიდან დუმილია, რომ აღარაფერი ვთქვათ დამსაქმებელსა თუ კომპანიაზე.  

ბოლო პერიოდში ხელისუფლებამ არაერთი არადემოკრატიული ნაბიჯის გადადგმის კვალდაკვალ, შეცვალა დამოკიდებულება მათ შორის სოციალურ პროტესტებთან დაკავშირებითაც და თუკი ადრე, მოჩვენებითად მაინც ცდილობდა პრობლემების გადაწყვეტას, ახლა სრულად დუმილის პოლიტიკა არჩია, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ ღონისძიებებს მიმართავს დემონსტრანტების წინააღმდეგ. 

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს საკითხი? 

გაფიცვები და სოციალური პროტესტები უმეტესად მშრომელთა ინტერესებს უკავშირდება, თუმცა ხშირია, საკუთარი საცხოვრებელი გარემოს დაცვის მიზნით დაწყებული პროტესტებიც. მიუხედავად მათი განსხვავებული მიზნებისა, მოთხოვნები ხშირად მსგავსი და დაკავშირებულია თანასწორობისა და უკეთესი პირობების მიღწევასთან. გაფიცვების ძირითადი მიზეზები ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ გამოწვევებს ასახავს და აჩვენებს დიალოგის ნაკლებობას როგორც დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს, ასევე მთავრობასა და მოქალაქეებს შორის. 

ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტია ისეთი შემთხვევა, როდესაც პროტესტის მონაწილეები შიმშილობისა და პირის ამოკერვის რადიკალურ ფორმებს მიმართავდნენ. როგორც წესი ეს მათი მხრიდან ხელისუფლების, კომპანიებისა და დამსაქმებლების ყურადღების მიქცევის უკანასკნელი საშუალებაა.  

ჩვენი კომენტარი: საქართველოში შრომით კონფლიქტებს ხანგრძლივი ისტორია აქვს. ევოლუშენ ჯორჯიას თანამშრომლების გაფიცვა, შუქრუთის, ზოდის და ბალდის მოსახლეობის პროტესტები, ნათლად აჩვენებს სახელმწიფოს მხრიდან ერთი მხრივ კრიზისების უგულებელყოფას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიული, სადამსჯელო მეთოდების გამოყენებას. ეს არამხოლოდ არღვევს დემონსტრანტების უფლებებს, არამედ ქმნის სოციალური უთანასწორობის გარემოს, რაც საბოლოო ჯამში, ქვეყნის სოციალურ სტაბილურობას საფრთხეს უქმნის.  

აქტიური პროტესტები
ევოლუშენ ჯორჯიას გაფიცვა 

2024 წლის ივლისში, ევოლუშენ ჯორჯიაში 4,000-ზე მეტმა თანამშრომელმა სრულმასშტაბიანი გაფიცვა დაიწყო, შრომითი პირობების გაუარესებისა და მენეჯმენტის დისკრიმინაციული ქცევის წინააღმდეგ. თანამშრომლები მოითხოვდნენ ანაზღაურების ზრდას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, დისკრიმინაციული ქცევის შეწყვეტას და სამუშაოს უსაფრთხოების უკეთ უზრუნველყოფას 

გაფიცვის მთავარი მიზეზი გახდა შრომითი პირობები და მენეჯმენტის შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება, რომელიც დისკრიმინაციული კომენტარების გავრცელების შემდეგ გამწვავდა. თანამშრომლები ჩიოდნენ, რომ სამუშაო გარემო იყო საშიში, ჰიგიენური სტანდარტები შეუსაბამო და ინფრასტრუქტურა არადამაკმაყოფილებელი, ხელფასი კი არასაკმარისი. ასევე გამწვავებული იყო პრობლემები სტუდიების ვენტილაციასთან და ტემპერატურის რეგულირებასთან დაკავშირებით. 

გაფიცვის დაწყების შემდეგ, ევოლუშენ ჯორჯიამ ნაწილობრივ უარყო თანამშრომლების პრეტენზიები და განაცხადა, რომ დაიწყებდა შიდა გამოძიებას პრობლემების გადაჭრის მიზნით. თუმცა, კომპანიის რეაგირება დღემდე არ დააკმაყოფილა გაფიცულთა მოთხოვნები, რამაც კონფლიქტის გაღრმავება გამოიწვია. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მოუწოდა კომპანიას შრომითი უფლებების დაცვისკენ, მაგრამ მთავრობის წარმომადგენლები და პოლიტიკური პარტიები ამ დრომდე შექმნილი ვითარებით არ დაინტერესებულან. 

შუქრუთის მოსახლეობის მიმდინარე პროტესტი 

2024 წელს შუქრუთის სოფლის მაცხოვრებლებმა განაახლეს პროტესტი კომპანია "Georgian Manganese"-ის წინააღმდეგ, რომელიც რეგიონში მარგანეცს მოიპოვებს. ისინი მრავალი წლის განმავლობაში ითხოვენ კომპენსაციას და რეალურ დახმარებას, რადგან მარგანეცის მოპოვების გამო სახლები ინგრევა და მიწის სტრუქტურა ზიანდება. 

მოსახლეობამ მაღაროების შესასვლელების წინ განათავსეს კარავი, ხოლო პროტესტის მონაწილეებმა შიმშილობა გამოაცხადეს, რათა მათი ხმები საზოგადოებასა და ხელისუფლებას გაეგო. თუმცა, სასამართლომ „სასარგებლო წიაღისეულის სამთო–მოპოვებით საქმიანობის განხორციელებაში რაიმე ფორმით “ხელშეშლა“ აუკრძალა. 

მიუხედავად კომპანიის განცხადებებისა, რომ ზოგიერთ ოჯახს კომპენსაცია გადაეცათ, პროტესტანტები აცხადებენ, რომ ეს არ შეესაბამება სიმართლეს და ისინი ითხოვენ სამართლიანად დათვლილი კომპენსაციის მიღებას. მოსახლეობა კვლავ მოითხოვს სამთავრობო ჩარევას, მაგრამ ჯერჯერობით რეალური ნაბიჯები არ გადადგმულა. პირიქით, ამა წლის ივლისის ბოლოს, პროტესტში ჩართულ 3 პირს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა ჯგუფური მოქმედების ორგანიზებასა და მასში აქტიური მონაწილეობისთვის, რამაც საწარმოს მუშაობის შეფერხება გამოიწვია. 

 შუქრუთის პროტესტი ასახავს სერიოზულ სოციალურ და გარემო პრობლემებს, რომლებიც მარგანეცის მოპოვებას ახლავს თან, ხოლო სახელმწიფოს ჩართულობის ნაკლებობა მწვავე კრიტიკას იწვევს, რადგან კონფლიქტი წლების განმავლობაში გადაუჭრელი რჩება. 

ბალდის კანიონის გადასარჩენად დაწყებული პროტესტი 

ბალდის კანიონი, სოფლის მოსახლეობისგან ფარულად, სახელმწიფომ მრავალი წლით, საეჭვო გარიგების საფუძველზე გადასცა კერძო კომპანიას. კანიონზე დაგეგმილი სამუშაოები ბუნების ძეგლის იერსახეს შეუქცევადად შეცვლის, მის მთავარ დანიშნულებას კი გაანადგურებს. პროექტით გათვალისწინებულია ბუნების უნიკალური ძეგლის დაბეტონება, როლერის ატრაქციის, კიდული ბილიკის, ხიდებისა და გადასახედების მოწყობა.  

ამ ყველაფრის ფონზე სოფელ ბალდაში, ადგილობრივებს კარავი აქვთ გაშლილი და 10 თვის განმავლობაში აპროტესტებენ სახელმწიფოს ამ გადაწყვეტილებას. პროტესტზე რეაგირების ნაცვლად, უკვე ორი თვეა რაც ბალდის კანიონის მცველი ინდიკო ბჟალავა მუქარის ბრალდებით წინასწარ პატიმრობაშია.  

სოფელი ზოდის გადარჩენისთვის პროტესტი 

ჭიათურაში, სოფელ ზოდში ადგილობრივები მანგანუმის მოპოვების დაწყებას ეწინააღმდეგებიან, რადგან მიიჩნევენ, რომ ეს სოფელში ეკოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევს. უკვე ორი წელია ცდილობენ, საკუთარი ხმა გააგონონ როგორც ადგილობრივ თვითმმართველობას, ისე ცენტრალურ ხელისუფლებას, თუმცა, უშედეგოდ. 24 და 25 ივნისს თავდასხმა მოხდა მოძრაობის ორ წევრზე. გამოძიების შედეგად ჯერ არავინ დაუკავებიათ. 

მაშინ, როდესაც  

სახელმწიფოს მოვალეობა უნდა იყოს სოციალური პრობლემების მოგვარება და დემოკრატიული დიალოგის ხელშეწყობა, იგი ხშირად პროტესტს უგულებელყოფს და პარალელურად მასში მონაწილე პირების წინააღმდეგ იყენებს სადამსჯელო მეთოდებს, როგორიცაა დემონსტრანტების დაკავება და პროტესტების ძალისმიერი ჩახშობა. ასეთი დამოკიდებულება არათუ არ ამცირებს კონფლიქტებს, არამედ ზრდის სოციალურ უთანასწორობას და საბოლოოდ საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ სტაბილურობას. 

 

მასალა მოამზადეს
ომარ გორდეზიანი
ომარ გორდეზიანი
ავტორი
მერაბ ქართველიშვილი
მერაბ ქართველიშვილი
რედაქტორი