იხილეთ კვლევის ანგარიში სრულად
პლატფორმა “კომენტარმა“ სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტთან თანამშრომლობით ჩაატარა კვლევა: “ვალის/სესხის აღების პრაქტიკის კვლევა საქართველოში“. კვლევამ მოიცვა 11 რეგიონში მცხოვრები 1200 ოჯახის ფინანსური მდგომარეობის შესწავლა და ვალების დაგროვების ტენდენციების ანალიზი. მთავარი მიზანი იყო, განესაზღვრა სესხების გავრცელების დინამიკა და მათი ზეგავლენა ოჯახების ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე.
კვლევამ აჩვენა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში (2015-2024) საქართველოს ოჯახების 83%-ს აქვს აღებული გარკვეული სახის სესხი ან ვალი. აღნიშნული მაჩვენებელი მიუთითებს მოსახლეობის სესხებზე მზარდ დამოკიდებულებას, რაც განპირობებულია ფინანსური რესურსების და ეკონომიკური სტაბილურობის დეფიციტით. ოჯახების მხოლოდ 17% არ ადასტურებს სესხის აღებას, რაც აჩვენებს, რომ სესხის აღება წარმოადგენს გავრცელებულ პრაქტიკას საზოგადოების ყველა ფენაში. გავალიანების ესეთი მაღალი მაჩვენებელი ხაზს უსვამს კრედიტების ბაზრის მნიშვნელოვანი როლის არსებობას საქართველოს ეკონომიკაში. 2015-2019 წლებში მსხვილ ვალს/სესხს (იპოთეკური და სამომხმარებლო) წელიწადში საშუალოდ იღებდა 6%, ხოლო 2020-2024 წლებში ეს მაჩვენებელი წელიწადში 15%-ს აღწევს.
კვლევის მიხედვით, სესხის აღების მთავარი მიზნებია: საბინაო პირობების გაუმჯობესება (29.9%), რაც ყველაზე დიდი წილია ოჯახებისთვის საჭიროებების მხრივ, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენა (25.6%), რაც ხაზს უსვამს ცხოვრების ყოველდღიური სტანდარტების შენარჩუნების მოთხოვნას და სამედიცინო მომსახურება (18.9%), არსებული შედეგი მიანიშნებს ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის პრობლემებზე. აღსანიშნავია ისიც, რომ სესხების აღება ხშირად უკავშირდება იმ ოჯახებს, რომლებსაც ფულადი დანაზოგი არ აქვთ, რაც ასახავს მოსახლეობის ფინანსურ დაუცველობას.
კვლევაში გამოყოფილია ვალების ძირითადი ტიპები, სადაც ყველაზე ფართოდ გავრცელებულია:
- სამომხმარებლო სესხი — 46.4%
- განვადება — 27%
- საპენსიო სესხი — 12.7%
- იპოთეკური სესხი — 9.3%
- სალომბარდე სესხი — 9%
- საკრედიტო ბარათი — 4%
- კერძო სესხი — 3.2%
კვლევამ ასევე ცხადყო, რომ სამომხმარებლო სესხები ძირითადად გამოიყენება საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესაძენად და საბინაო პირობების გაუმჯობესებისთვის, მაშინ როდესაც იპოთეკური სესხები მიზნად ისახავს საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. აღსანიშნავია, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გაცემული სესხები უფრო მცირე მოცულობისაა, მაგრამ მათი საპროცენტო განაკვეთი მნიშვნელოვნად აღემატება კომერციული ბანკებისას, აღნიშნული კიდევ უფრო ართულებს ვალის დაფარვას, რაც შესაძლებელია კვლავ გავალიანების განმაპირობებელი იყოს
მიღებული შედეგები აჩვენებს, რომ ყოველი მეხუთე ოჯახი (18%) სესხს იღებს საკუთარი საცხოვრისის ხარჯზე, რაც განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რადგან ასეთი ოჯახების უმრავლესობისთვის უძრავი ქონება წარმოადგენს მათ ერთადერთ საცხოვრებელს (70.1%). ეს მიანიშნებს სესხის აღების სტაბილურობასთან დაკავშირებულ სერიოზულ რისკებზე, რაც შესაძლოა მომავალში კიდევ უფრო მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში ჩააგდებს ოჯახებს.
იპოთეკური სესხის საშუალო ხანგრძლივობა 73 თვეს (6.08 წელი) აღწევს. გამოიკვეთა, რომ იპოთეკური სესხები ყველაზე მეტად გამოიყენება საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის, ხოლო სამომხმარებლო სესხები ძირითადად ყოველდღიური საჭიროებების დასაფინანსებლად.
კვლევამ აჩვენა, რომ ოჯახების 75%-ზე მეტი იძულებულია გამოიყენოს სესხები ისეთი აუცილებელი საჭიროებებისთვის, როგორიცაა ჯანდაცვის ხარჯები, განათლების დაფინანსება და საბინაო პირობების გაუმჯობესება. სესხის აღებამდე დანაზოგის არქონა ოჯახების 88%-ში, მიუთითებს ფინანსური მდგრადობის დაბალ დონეზე, რაც ხშირად იწვევს ვალის გადაუხდელობის სირთულეებს. ეს ვითარება განსაკუთრებით თვალსაჩინოა დაბალშემოსავლიან ოჯახებში, სადაც ვალის გადაუხდელობის მაჩვენებელი 11%-ს აღწევს.
სესხის აღება განსაკუთრებით გავრცელებულია რეგიონებში, სადაც ოჯახები ხშირად მიმართავენ სესხებს ყოველდღიური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, რაც ხაზს უსვამს ფინანსური სტაბილურობის პრობლემებს. აღნიშნული ტენდენცია ასახავს კრედიტებზე მზარდ დამოკიდებულებას, რაც ზრდის ოჯახების გაღარიბების რისკს.
კვლევის შედეგები ადასტურებს, რომ საქართველოში სესხების აღება ოჯახებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფინანსური ინსტრუმენტია, რაც გამოწვეულია ეკონომიკური სტაბილურობის დეფიციტით, საბაზისო საჭიროებების დაფინანსების სირთულეებით და დანაზოგების ნაკლებობით. მიუხედავად იმისა, რომ სესხი ხშირად წარმოადგენს ერთადერთ გამოსავალს, სესხებზე დამოკიდებულებამ, განსაკუთრებით მაღალი პროცენტიანი სესხების შემთხვევაში, შეიძლება ოჯახები კიდევ უფრო მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში ჩააგდოს.
აღსანიშნავია, რომ სესხების მიღების მზარდი ტენდენცია მნიშვნელოვნად აისახება დაბალშემოსავლიან და სოციალურად დაუცველ ჯგუფებზე, რომლებიც ფინანსურად უფრო დაუცველნი არიან და ვალის დაფარვის სირთულეებს უფრო მეტად აწყდებიან.
სოციოლოგიური კვლევის მეთოდოლოგია
კვლევის პროცესში მონაცემების შეგროვებისთვის გამოყენებული იქნა რაოდენობრივი მეთოდოლოგიის ფარგლებში მასობრივი გამოკითხვის ფორმატი: პირისპირ ინტერვიუები. რესპონდენტთა შერჩევა განხორციელდა ალბათური, კლასტერული შერჩევის პრინციპით, რომელიც ეფუძნება წინასწარ სტრატიფიკაციას. ეს მიდგომა უზრუნველყოფს მონაცემთა სანდოობასა და სიზუსტეს, რაც საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ სესხების აღების პრაქტიკა და მათთან დაკავშირებული რისკები. შერჩევის ცდომილება, რომელიც შეადგენს ±2.7%-ს, უზრუნველყოფს კვლევის შედეგების 95%-იან სანდოობას.
მონაცემთა ანალიზისთვის გამოყენებული იქნა სამი ძირითადი მიდგომა: უნივარიაციული, ბივარიაციული და მულტივარიაციული მეთოდები. უნივარიაციული ანალიზის ფარგლებში გაანალიზდა ვალებისა და სესხების ძირითადი მახასიათებლები, მათ შორის გავრცელების სიხშირე და საშუალო მაჩვენებლები. ბივარიაციული ანალიზი ფოკუსირდა ვალების კავშირებზე სხვადასხვა სოციო-დემოგრაფიულ და ეკონომიკურ ფაქტორებთან, როგორიცაა ოჯახის შემოსავალი, ხარჯები და დასაქმების სტატუსი. მულტივარიაციული მიდგომის გამოყენებით შესაძლებელი გახდა სესხების აღების ტრენდების და გრძელვადიანი ფინანსური შედეგების დეტალური შესწავლა, რაც აჩვენებს, როგორ გავლენას ახდენს ვალები ოჯახების ეკონომიკურ სტაბილურობაზე და სოციალური მდგომარეობის დინამიკაზე.
იხილეთ კვლევის ანგარიში სრულად
პროექტი ხორციელდება USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით.