პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
ვინ იხილავს პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებს სასამართლოში?
მარტი 28, 2025

უკვე მეოთხე თვეა, საზოგადოება მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების ცრუ ჩვენებებითა და გაყალბებული მტკიცებულებებით დასჯის უწყვეტ პროცესს ადევნებს თვალს. ამ პოლიტიკურად მოტივირებულმა საქმეებმა გააღვიძა მოქალაქეების გულწრფელი ინტერესი მოსამართლეთა ვინაობის, მათი ბიოგრაფიის, განათლებისა და სამუშაო გამოცდილების შესახებ. ამ ინტერესის პასუხად, გავიხსენოთ, ვის შეუძლია დღეს გახდეს მოსამართლე და ვის აქვს ძალაუფლება, აკონტროლოს უკვე დანიშნული მოსამართლის საქმიანობა, სპეციალიზაციის შეცვლა, საქმეთა გადანაწილება და სხვა.

რა გზას გადის მოსამართლე დანიშვნამდე (I და II ინსტანციებში) ?

 

  • კანდიდატმა უნდა მოიპოვოს უმაღლესი იურიდიული განათლების ხარისხი.
  • ჩააბაროს მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის, სამოქალაქო/ადმინისტრაციულის ან საერთო სპეციალიზაციით.
  • საჯარო კონკურსის საფუძველზე ჩაირიცხოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელთა სიაში, გაიაროს 10 თვიანი თეორიული მომზადების კურსი, 6 თვიანი პრაქტიკა სასურველი მიმართულებით და ჩააბაროს სკოლის დამამთავრებელი გამოცდა სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით.
  • მონაწილეობა მიიღოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში, მოიპოვოს საბჭოს წევრთა 2/3-ის მხარდაჭერა და საბჭოს გადაწყვეტილებით გამწესდეს სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სპეციალიზაციით.

 

დღეს ამ ერთი შეხედვით კონკურენტული და მრავალსაფეხურიანი პროცესის მიმართ არ არსებობს ნდობა, რომ იგი სასამართლოს დაკომპლექტებას კანდიდატთა პროფესიონალიზმისა და კეთილსინდისიერების კრიტერიუმებით უზრუნველყოფს. უნდობლობის მიზეზი რამდენიმეა, პირველ რიგში კი, საბჭოს პოლიტიზირება და დაუბალანსებელი ძალაუფლება. ამ ინსტიტუტის პოლიტიზირებას მის დაკომპლექტებასთან დაკავშირებული ბოლო მოვლენებიც კი ცხადყოფს. 2023 წელს „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციასთან მიღწეული საეჭვო გარიგებით, 5 ისეთი არამოსამართლე წევრი აირჩია, რომლებსაც სასამართლოში არსებული მდგომარეობის შესახებ კრიტიკული შეფასება არც არჩევამდე და არც მას შემდეგ არ გამოუხატავთ. გასულ წელს კი სასამართლომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ კონკურსით შერჩეული კიდევ ერთი არამოსამართლე წევრის დანიშვნის განკარგულება, ამავე კონკურსის ერთ-ერთი მონაწილის საჩივრის საფუძველზე, შეაჩერა და პრეზიდენტს დარჩენილ ვადაში ახალი კონკურსის ჩატარებაც აუკრძალა. „ქართულმა ოცნების“ მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა კი კონკურსანტის საჩივარი ცნო და საბჭოს არამოსამართლე წევრად სწორედ ის დანიშნა.

 

მოსამართლეთა დანიშვნის სისტემის მიმართ უნდობლობის მიზეზები ასევე უკავშირდება წლების მანძილზე იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებლობის მიმართ  დაგროვილ კრიტიკას, საკვალიფიკაციო გამოცდის რეპუტაციულ ზიანს, შეკითხვებს მოსამართლეთა დიპლომის ნამდვილობასა და დანიშვნის დაჩქარებულ, ხარვეზიან პროცედურეს. ყოფილი მოსამართლის, მაია ბაქრაძის 2024 წლის საქმეში სტრასბურგის სასამართლო ამ პრობლემის სისტემურობას სამართლებრივად ადასტურებს. სასამართლოს დასკვნით, საბჭო უფლებამოსილებებს იყენებს არა კანდიდატთა უნარების, კვალიფიკაციისა და კეთილსინდისიერების შესაფასებლად, არამედ სისტემის მიმართ მისი კრიტიკისა თუ ლოიალობის გამოსარკვევად.

 

რა ხდება მოსამართლეთა დანიშვნის შემდეგ?

 

მოსამართლე, თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, შესაბამის კოლეგიაში/პალატაში ნაწილდება. კოლეგიებსა და პალატებში მოსამართლეებს საბჭო ანაწილებს. მაგალითად, მას შეუძლია, კონკურსის შედეგად სამოქალაქო კოლეგიაში დანიშნული მოსამართლე სისხლის სამართლის კოლეგიაში გადაიყვანოს ან პირიქით. შედეგად, მოსამართლეს შეიძლება საქმის განხილვა მოუწიოს იმ სპეციალიზაციით, რომელშიც მას არც პრაქტიკული სწავლება გაუვლია და არც მოსამართლის საკვალიფიკაციო ან სკოლის ფინალური გამოცდა ჩაუბარებია.

 

მაგალითად, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმის მოსამართლე, რომელსაც მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით აქვს ჩაბარებული, სამოქალაქო კოლეგიის მოსამართლედ 2022 წლის 10 მარტს დაინიშნა. ორ კვირაში კი საკუთარი განცხადების საფუძველზე, საბჭომ სისხლის სამართლის კოლეგიაში გაამწესა.

 

არსებობს მოსაზრება, რომ მოსამართლეებს უნდა შეეძლოთ ყველა დარგის საქმეების განხილვა. კარიერის მანძილზე სპეციალიზაციის ცვლილება კი მათი პროფესიული გამოცდილების გაფართოების საშუალებაა. თუმცა, სპეციალიზაციის დაუსაბუთებელ და თვითნებურ ცვლილებას არაერთი პრობლემის გამოწვევა შეუძლია. მაგალითად, ამ გზით შეიძლება წინასწარ დაიგეგმოს კონკრეტულ მოსამართლესთან კონკრეტული საქმის მოხვედრა, შეიძლება საფრთხე შეექმნას მოსამართლის დამოუკიდებლობას და ხარისხიან მართლმსაჯულებას. სპეციალიზაციის ცვლილებას სისტემის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მოსამართლისთვის გამაფრთხილებელი მიზანიც აქვს. კონკრეტულ სპეციალიზაციაში მოსამართლის გამოუცდელობამ კომპეტენციის პრინციპის დარღვევაც შეიძლება გამოიწვიოს. ზოგიერთ შემთხვევაში კი ეს მოსამართლეთა პასუხისმგებლობის საფუძველიც გამხდარა.

 

საქართველოს სასამართლოში არსებობს პრაქტიკა, როდესაც მოკლე დროში მოსამართლეთა სპეციალიზაციის ცვლილება რამდენჯერმე ფიქსირდება. მაგალითად, 2019 წელს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილს საბჭომ დანიშვნიდან სპეციალიზაცია 3-ჯერ შეუცვალა, მათ შორის, დანიშვნიდან რამდენიმე დღეშიც კი. ასეთი პრაქტიკა აზრს უკარგავს  კონკრეტულ ვაკანსიებზე მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის გამოცხადებას. ამასთან, სწრაფი და მუდმივი ცვლილებები მოსამართლის პროფესიული ინტერესის, დარგის მიხედვით განვითარების შესაძლებლობასაც ეწინააღმდეგება. ეს პრაქტიკა შეიძლება მოსამართლეზე ზეწოლისთვისაც იყოს გამოყენებული.

 

როგორ ნაწილდება საქმეები მოსამართლეებს შორის?

 

კანონით, მოსამართლეებს შორის საქმეები ელექტრონულად, შემთხვევითობის პრინციპით ნაწილდება. თუმცა, ამ წესისთვის გვერდის ავლა რამდენიმე მექანიზმით არის შესაძლებელი. დიდი სასამართლოების კოლეგიებსა და პალატებში ვიწრო სპეციალიზაციებია შექმნილი. ასეთ ვიწრო ჯგუფებს საბჭო ქმნის, თუმცა მათ შემადგენლობის ფორმირება და ნებისმიერ დროს ცვლილება სასამართლოს თავმჯდომარის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა. მას უფლება აქვს ერთპიროვნულად, დაუსაბუთებლად, მუდმივად ცვალოს მოსამართლეთა შემადგენლობა. სასამართლოს თავმჯდომარეების ამგვარი დაუბალანსებელი ძალაუფლება საფრთხეს უქმნის საქმეთა შემთხვევითი განაწილების პრინციპს და შესაბამისად,  მიუკერძოებელი, ხარისხიანი მართლმსაჯულების განხორციელებას. საქმეთა შემთხვევითი განაწილების პრინციპი აზრს კარგავს, როდესაც სასამართლოს თავმჯდომარეს ერთპიროვნულად შეუძლია გადაწყვიტოს ვის და ვის შორის შეიძლება განაწილდეს საქმეები ელექტრონული პროგრამის გამოყენებით.

 

ვინ არიან სასამართლოს თავმჯდომარეები (I და II ინსტანციებში)?

 

სასამართლოს თავმჯდომარეებს, 5 წლის ვადით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ნიშნავს. წლებია, თავმჯდომარის თანამდებობას მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფისთვის სანდო პირები იკავებენ. თავმჯდომარეთა ფართო უფლებამოსილება კი, სწორედ ამ ჯგუფის ინტერესების სასარგებლოდ, სასამართლოს არაფორმალური მართვის და კონტროლის შესაძლებლობას ქმნის.

 

მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ ჩინჩალაძე საბჭომ, 2022 წელს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ მეორე ვადით დანიშნა. გავლენიანი ჯგუფის წევრად მიიჩნევა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ვასილ მშვენიერაძეც და ისიც ამ პოსტს უკვე მეორედ იკავებს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე კი საბჭოს ორი ვადით არჩეული წევრი ირაკლი ბონდარენკოა. იგი ღიად უპირისპირდება მოსამართლეთა დამოუკიდებლობის მიმართ არსებულ კრიტიკას და საჯაროდ ეწინააღმდეგება კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმის დანერგვას. 2019 წელს საბჭომ თბილისისდან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გადანიშნა მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილი, რომელიც რამდენიმე კვირაში თავმჯდომარედ დანიშნა.

 

ძალაუფლების მიმართ ლოიალობა სასამართლოს დაკომპლექტების და მართვის ძირითადი ლოგიკაა. ამ პროცესში წამყვანი როლი საბჭოსა და სასამართლოს თავმჯდომარეებს აკისრიათ. სწორედ მათ ანიჭებს კანონმდებლობა არაერთ ბერკეტს, რომელთა გამოყენებაც სწორედ ძალაუფლების ინტერესების სასარგებლოდ ხდება. მოსამართლეთა დანიშვნის, მათი სპეციალიზაციებში განაწილებისა და მათთან კონკრეტული საქმეების მოხვედრის ხარვეზიანი წესებიც ამ ინტერესებს ემსახურება. ამ ლოგიკიდან გამონაკლისი არც მიმდინარე, პოლიტიკურად მოტივირებული საქმეებია.

მასალა მოამზადეს
ნინა ჩიხლაძე
ნინა ჩიხლაძე
ავტორი
სოფო ვერძეული
სოფო ვერძეული
რედაქტორი