პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
რესურსების განაწილების თანასწორობა – ჯინის კოეფიციენტი
მაისი 10, 2023

ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის სურათს, გარკვეულწილად, მთლიანი შიდა პროდუქტი ასახავს. თუმცა რამდენად თანაბრად არის განაწილებული სიმდიდრე საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფში, ამ ნიშნულიდან არ ჩანს. 

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

ეს სტატია სწორედ შემოსავლების განაწილების თანასწორობაზე ამახვილებს ყურადღებას, რათა უკეთ აღვიქვათ ქვეყნის რეალური სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. 

 

ჩვენი კომენტარი

ეკონომიკის ზრდასთან ერთად გასათვალისწინებელია ეკონომიკური თანასწორობის მაჩვენებელი, რომელიც ჯინის კოეფიციენტით იზომება. ეკონომიკური ზრდა ყოველთვის არ აისახება მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდაზე. შესაძლოა, იგი მხოლოდ მცირე ჯგუფების გამდიდრებას ემსახურებოდეს, რაც კიდევ უფრო აღრმავებს უთანასწორობას დაბალ და მაღალშემოსავლიან ჯგუფებს შორის. 

 

რა არის და როგორ გამოითვლება ჯინის კოეფიციენტი?

ჯინის კოეფიციენტი შემოსავლებისა და სიმდიდრის გადანაწილების საზომი ერთეულია.

ჯინის კოეფიციენტი ინდივიდებს ან შინამეურნეობებს შორის შემოსავლების გადანაწილების დონის აცდენას ითვლის. ჯინის ინდექსი 0-დან 1 ქულამდე მერყეობს (პროცენტებში 0-100%), 0 (0%) იდეალურ თანასწორობას ნიშნავს, ხოლო 1 (100%)  - აბსოლუტურ გადახრას იდეალური თანასწორობისაგან. მაგ., ქვეყანაში, სადაც ყველა მოქალაქეს თანაბარი შემოსავალი აქვს, ჯინის კოეფიციენტი 0 იქნება.

 

 

რა ვითარებაა საქართველოში? 

  • საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები, საქართველოში ჯინის კოეფიციენტი, მთლიანი სამომხმარებლო ხარჯების მიხედვით (საკვები, საცხოვრებელის და ტრანსპორტის ხარჯების გათვალისწინებით), 34%-ია; 
  • თუმცა, თუ უთანასწორობის დონეს ფულადი და არაფულადი ხარჯების გათვალისწინებით შევაფასებთ, მისი მაჩვენებელი უფრო მაღალია და იგი 40%-ს შეადგენს. აღნიშნული კოეფიციენტი 2006 წლიდან 2021 წლამდე არასდროს ყოფილა 40%-ზე დაბალი;  
  • ეკონომიკური უთანასწორობა მხოლოდ ჯინის კოეფიციენტით არ განისაზღვრება, თუმცა მიიჩნევა, რომ თანასწორობა შედარებით მიღწეულია, როდესაც ჯინის კოეფიციენტი 0-დან 3-მდე შუალედშია; 0.3-0.4 - ადეკვატურ თანასწორობას ასახავს, 0.4-0.5 - დიდ საშემოსავლო სხვაობას, ხოლო 0.5-1 - მძლავრ უთანასწორობას.

მაშასადამე, საქართველოში შემოსავლების უთანასწორობის დონე მაღალია და ეკონომიკური ზრდის შედეგად დაგროვებული დოვლათი თანაბრად არ გადანაწილდება საზოგადოებაში. 

 

საყურადღებოა, რომ ეკონომიკური უთანასწორობა გლობალური მოვლენაა, რადგან მზარდი სიმდიდრე სულ უფრო კონცენტრირდება მცირერიცხოვანი ჯგუფების ხელში. კოვიდ პანდემიამ კიდევ უფრო  გააღრმავა უთანასწორობა. მაგ., მსოფლიოს უმდიდრესი 10 ადამიანის სიმდიდრე პანდემიის პირველი ორ წლის განმავლობაში გაორმაგდა, მაშინ, როდესაც მსოფლიო მოსახლეობის 99%-ის შემოსავალი შემცირდა.

 

აქედან გამომდინარე, მზარდი მშპ-ისა და მზარდი ჯინის კოეფიციენტის ერთდროულად არსებობა მიუთითებს, რომ ქვეყანაში მცირე ჯგუფები  მდიდრდებიან, ხოლო საზოგადოების დიდი ნაწილისათვის ეკონომიკური კეთილდღეობა ხელმისაწვდომი არ არის.  

სტატია მომზადდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით. გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ფრიდრიხ ებერტის ფონდის მოსაზრებებს. მისი კომერციული მიზნით გამოყენება იკრძალება ფონდის წერილობითი ნებართვის გარეშე.
მასალა მოამზადეს
ნინო ხელაძე
ნინო ხელაძე
ავტორი
მერაბ ქართველიშვილი
მერაბ ქართველიშვილი
რედაქტორი
ია ერაძე
ია ერაძე
რედაქტორი