განათლება აღიარებულია, როგორც დამოუკიდებელი უნივერსალური უფლება, ასევე ფუნდამენტი და წინაპირობა, რომლის რეალიზებაც გადამწყვეტია სხვა ძირითადი უფლებებით სარგებლობისთვის. განათლებასთან დაკავშირებული საკითხები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეთნიკური უმცირესობებისთვის, ვინაიდან განათლების სისტემა უნდა ითვალისწინებდეს მათ სპეციფიურ საჭიროებებს.
რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?
საქართველოში სწავლების ყველა საფეხურზე პრობლემურია ეთნიკური უმცირესობების განათლების უფლების სრულყოფილი რეალიზება. გამოწვევაა მისაწვდომობა (მათ შორის, ტერიტორიული მისაწვდომობა) ადრეულ და სკოლამდელ განათლებაზე, განათლების ხარისხი და კადრების ნაკლებობა; ზოგად განათლებაში საგანმანათლებლო თუ საჭირო მატერიალურ-ტექნიკური რესურსების სიმწირე, სახელმძღვანელოების ხარისხი და სხვა.
მაგალითად, სწავლების დაბალი ხარისხი ჩანს გამოცდებში მიღებულ შედეგებშიც. 2011-2019 წლების საატესტატო გამოცდების შედეგების მიხედვით, ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენელი მოსწავლეები საშუალოდ უფრო დაბალ ქულებს იღებდნენ, ვიდრე მათი ქართულ ენაზე მოსაუბრე თანატოლები. აგრეთვე, მაღალია ეთნიკური უმცირესობების მიერ სწავლის მიტოვების მაჩვენებელიც.
ეს ყველაფერი კი ხელს უწყობს ეთნიკური უმცირესობების სოციალურ მოწყვლადობას. ხელმისაწვდომი ხარისხიანი და ინკლუზიური განათლება სოციალური და ეკონომიკური გამოწვევების გადალახვის, სიღარიბის ციკლიდან თავის დაღწევის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ეთნიკური უმცირესობების განათლების უფლების რეალიზებასთან დაკავშირებული საერთაშორისო მიდგომები.
ჩვენი კომენტარი
სახელმწიფომ ქვეყანაში მცხოვრებ მოსახლეობას განათლების მიღების თანაბარი პირობები უნდა შეუქმნას, განურჩევლად მათი ეთნიკური კუთვნილებისა თუ სოციალური მდგომარეობისა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ეთნიკური უმცირესობებისთვის ხელმისაწვდომი იყოს ორენოვანი ხარისხიანი განათლება (ბილინგვური სწავლება), რაც მათი სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობის ეფექტიანი ინსტრუმენტია.
რა უნდა ვიცოდეთ?
ეთნიკური უმცირესობებისთვის ხარისხიანი განათლების მიღება არის წინაპირობა, რათა შეძლონ თავიანთი პოტენციალის, უნარ-ჩვევების, ცოდნისა და შესაძლებლობების განვითარება, მიიღონ აქტიური მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, ეს რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტს მოიცავს:
- განათლების მიღება საკუთარ ენაზე და თანაბარი წვდომა განათლების ყველა დონეზე − მნიშვნელოვანია, რომ სწავლება მშობლიურ ენაზე სკოლამდელი პერიოდიდან დაიწყოს და ხელმისაწვდომი იყოს განათლების ყველა დონეზე.
- სახელმწიფო ენის სწავლება და ბილინგვური განათლება − თანაბრად მნიშვნელოვანია, რომ ყველა ბავშვს ჰქონდეს სახელმწიფო ენის სათანადოდ სწავლის შესაძლებლობა. სახელმწიფო ენის არცოდნამ ან არასათანადოდ ცოდნამ შესაძლებელია შეზღუდოს საუნივერსიტეტო განათლებაზე წვდომა. ეთნიკური უმცირესობების განათლების პოლიტიკა ორიენტირებული უნდა იყოს ორენოვნების მიღწევაზე, როგორც სოციალური თანასწორობის ხელშეწყობის საშუალებაზე.
- მასწავლებლების სათანადოდ მომზადება/გადამზადება − ეთნიკური უმცირესობებისთვის ხარისხიანი განათლების მიწოდების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი არის მასწავლებლების გადამზადება. ეს გულისხმობს საკმარისი რაოდენობის კომპეტენტური და კვალიფიციური მასწავლებლების მომზადებას, რომლებიც კარგად იცნობენ მოსწავლეთა კულტურულ ფონს და შეუძლიათ ორივე ენაზე სწავლება.
- სათანადო ხარისხის სახელმძღვანელოებისა/ რესურსების ხელმისაწვდომობა − ინკლუზიური განათლების უზრუნველსაყოფად უნდა შემუშავდეს მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო მასალები და სახელმძღვანელოები უმცირესობათა ენებზე. ამასთანავე, სასკოლო განათლება, სახელმძღვანელოები უნდა ასახავდეს ეთნიკური უმცირესობების ისტორიის, კულტურის, საზოგადოების განვითარებაში შეტანილი წვლილის შესახებ ინფორმაციას.
- ჩართვა განათლების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში − სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს განათლების პოლიტიკის, პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების ყველა ეტაპზე ეთნიკური უმცირესობების ეფექტიანი მონაწილეობა.
მნიშვნელოვანია, რომ
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული სხვადასხვა კვლევის თანახმად, ორენოვანი ხარისხიანი განათლება ეხმარება ეთნიკური უმცირესობებს, ჰქონდეთ მაღალი აკადემიური შედეგები, მიიღონ უმაღლესი განათლება, სრულყოფილად ფლობდნენ როგორც მშობლიურ, ისე სახელმწიფო ენას და შესაბამისად, იყვნენ მეტად ინტეგრირებულები საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
სტატია მომზადებულია პროექტის ,,საზოგადოების მედეგობის გაზრდა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ინფორმაციისა და ანალიზის ხელმისაწვდომობის გზით“ ფარგლებში, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) მიერ გაცემული ფონდებით, გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. მოსაზრებები, მიგნებები და დასკვნები, რომლებიც გადმოცემულია ტექსტში ეკუთვნის მხოლოდ ავტორებს და ისინი აუცილებლად არ ასახავს IWPR-ისა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობის შეხედულებებს.