პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
ახალგაზრდების დასაქმების მაჩვენებლების მიმოხილვა
ივლისი 22, 2024

უმუშევრობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომლის გადაჭრაც ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე და ადამიანთა კეთილდღეობაზე მნიშვნელოვნად იმოქმედებს.

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდების უმუშევრობის საკითხი, რადგან სწორედ ეს ჯგუფი ქმნის ქვეყნის ეკონომიკურ მომავალს. შესაბამისად, საჭიროა ვიცოდეთ რას აკეთებს სახელმწიფო ამ ჯგუფის დასაქმების წასახალისებლად და რა მდგომარეობაა დღესდღეობით ქვეყანაში ახალგაზრდების დასაქმების მხრივ.

ჩვენი კომენტარი

ახალგაზრდებს აქვთ დასაქმების როგორც შიდა ბარიერები (კომპეტენცია, გამოცდილება), ასევე, აწუხებთ შრომის ბაზრის ზოგადი მახასიათებლებიც, როგორიცაა მაღალი კონკურენცია, დაბალი შემოსავლები, შრომის უფლებების უხეში დარღვევები და ა.შ. შესაბამისად, სახელმწიფო სტრატეგიაც ამ გამოწვევების დაძლევისკენ უნდა იყოს მიმართული.

რა უნდა ვიცოდეთ?

  • უმუშევრობა ახალგაზრდებში უფრო მაღალია, მაგალითად: საშუალოდ 20-34 წლამდე ადამიანებში უმუშევრობა − 24%-ია; 25-დან 34 წლამდე − 20%, ხოლო 20-დან 25 წლამდე − 32%, მაშინ, როდესაც მთლიან მოსახლეობაში უმუშევრობა 16%-ია. იმავე ლოგიკას იმეორებს დასაქმების მაჩვენებელიც, ახალგაზრდები უფრო ნაკლებად არიან დასაქმებული, ვიდრე სხვა ასაკის ადამიანები.
  • 2023 წლის მონაცემებით, ევროპის ქვეყნებში 15-29 წლის ახალგაზრდების ყველაზე უარესი მაჩვენებელი, რომლებიც არ სწავლობენ, არ არიან დასაქმებულები და არ გადიან ტრენინგებს, აქვს რუმინეთს (20%), ხოლო საქართველოში ეს რიცხვი 27%-ია. ევროპაში ის ძირითადად 10-15%-ის ფარგლებში მერყეობს.
  • საქართველოში, ახალგაზრდების მხოლოდ 37% ამბობს, რომ აქვს საკუთარი შემოსავალი, დანარჩენი დამოკიდებულია სხვის დახმარებაზე, ძირითადად კი მშობლებსა ან პარტნიორებზე.
  • ახალგაზრდების დაახლოებით ერთ მესამედს სურს ქვეყნიდან წასვლა 1-დან 5 წლამდე ვადით. ამის მიზეზი, 57%-ის შემთხვევაში აქ არსებული დაბალი ხელფასებია. თვისებრივი კვლევის ფარგლებში კი ჩანს, რომ ახალგაზრდები ქვეყანას ტოვებენ საქართველოში არსებული ეკონომიკური სიდუხჭირის გამო.

რა კეთდება ახალგაზრდების უმუშევრობის შესამცირებლად?

  • წელს დამტკიცდა „სახელმწიფოს ახალგაზრდული სტრატეგია 2023-2026“, რომლის სტრატეგიული მიზანი ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერებაა. დანართში მთავარ გამოწვევად სახელდება უნივერსიტეტებში პრაქტიკული სამუშაო და სტაჟირების უნარების მიღების ნაკლებობა, რის შევსებაც სხვადასხვა გადამზადების პროგრამის მეშვეობით იგეგმება. ასევე, სტრატეგიაში გაწერილია ახალგაზრდა მეწარმეების ხელშეწყობის საკითხიც.

მიუხედავად ამისა, ახალგაზრდებს ნაკლებად აქვთ მუნიციპალურ პროგრამებსა და სერვისებზე ინფორმაცია. სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების  56%-75%-მა არ იცის ამ პროგრამების შესახებ. ახალგაზრდები მაინც უჩივიან გამოცდილების და სტაჟირების პროგრამების, უცხო ენის ცოდნის ხელშეწყობის და პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობების ნაკლებობას. ასევე, შიდა ბარიერების გარდა, რაზეც ძირითადად საუბრობენ სახელმწიფო უწყებებიც, ახალგაზრდები ხედავენ გარე წინაღობებსაც, როგორებიცაა:  სამუშაო ადგილების სიმწირე; დაბალი ანაზღაურება; გამოწვევები შრომითი უფლებების დაცვის კუთხით; ნეპოტიზმი. ამაზე, კი ახალგაზრდების უმუშევრობის შემცირების სტრატეგიებში არაფერი წერია.

სტატია მომზადდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით. გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ფრიდრიხ ებერტის ფონდის მოსაზრებებს. მისი კომერციული მიზნით გამოყენება იკრძალება ფონდის წერილობითი ნებართვის გარეშე.
მასალა მოამზადეს
ნინო ხელაძე
ნინო ხელაძე
ავტორი
მერაბ ქართველიშვილი
მერაბ ქართველიშვილი
რედაქტორი
ია ერაძე
ია ერაძე
რედაქტორი