პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
არალეგალური მიგრაცია და არალეგალურ შრომასთან დაკავშირებული რისკები

დღეს საერთაშორისო მიგრაცია უფრო და უფრო მასშტაბურ სახეს იღებს და გავლენა აქვს როგორც ინდივიდებსა და მათ ოჯახებზე, ასევე სახელმწიფოებზეც. 

საერთაშორისო მიგრაციის სფეროში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს არალეგალურ მიგრაციასა და არალეგალურ შრომით მიგრაციას. ხშირად ეს ორი ცნება ერთმანეთს მჭიდროდ უკავშირდება და ერთმანეთისგან გამომდინარეობს.

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა? 

საინფორმაციო სტატიებში უკვე ვისაუბრეთ საქართველოდან მოსახლეობის გადინების მასშტაბებზე. ყოველწლიურად ქვეყანას  ათასობით ადამიანი ტოვებს. გადინების უმთავრეს მიზეზს ეკონომიკური ფაქტორები წარმოადგენს: უკიდურესი სიდუხჭირე, გაზრდილი ფასები და შემოსავლის წყაროს ძიება.

  • როგორც წესი, ადამიანები მიგრაციისათვის ირჩევენ ეკონომიკურად ძლიერ ქვეყნებს. ბოლო წლებში  საქართველოს მოქალაქეებისთვის  განსაკუთრებით პოპულარული მიმართულებებია ევროკავშირის წევრი ქვეყნები და ამერიკის შეერთებული შტატები: 
  • იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა არ არის, მუშახელის თავისუფლად მიმოსვლა მოქალაქეებზე არ ვრცელდება. მუშახელი თავისუფლად ვერც ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება; 

მათ რჩებათ ერთი გზა:  არალეგალური მიგრაცია, ეს კი კანონდარღვევით საზღვრების გადაკვეთასა და უცხო ქვეყანაში ცხოვრებას გულისხმობს. სავარაუდოდ, საქართველოდან გასული მიგრანტების სოლიდური ნაწილი არალეგალურად კვეთს საზღვარს ან/და არალეგალურად რჩება უცხო ქვეყანაში.

ჩვენი კომენტარი 

  • სახელმწიფოს მიზანი უნდა იყოს საკუთარი მოქალაქეების დაცვა არალეგალური მიგრაციისგან, რადგან არალეგალური მიგრაცია უამრავ სამართლებრივ და ეკონომიკურ პრობლემას იწვევს არალეგალებისთვის;
  • ამისაგან თავის დაღწევის შედარებით ხანგრძლივი, ძვირადღირებული, თუმცა ეფექტიანი გზაა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და ქვეყნის სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

 

სახელმწიფოს როლი

მაშინაც კი, როდესაც მოქალაქე არალეგალურ ემიგრაციაშია, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს გეგმა, მექანიზმები, რომლის საშუალებითაც შეეძლება და, თუ საჭირო გახდა, დაეხმარება საკუთარ მოქალაქეებს, რომლებიც, შესაბამისი საბუთების უქონლობის გამო, აწყდებიან პრობლემებს მიგრაციის ქვეყნებში. 

რა არის პრობლემა?

არალეგალური მიგრაციისას ადამიანები შეიძლება წააწყდნენ ისეთ რისკებსა და საფრთხეებს, როგორებიცაა:

  • დაკავება/დაპატიმრება;
  • თავისუფლების უკანონო აღკვეთა;
  • ფინანსური ზარალი;
  • ფიზიკურ ან/და ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკები.

ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ასახელმწიფო ვერ ახერხებს არალეგალური მიგრაციის თავიდან არიდებას, მან ძალისხმევა უნდა მიმართოს უცხო ქვეყნებში საკუთარი არალეგალი მოქალაქეების დაცვისკენ:

  • მიაწოდოს ინფორმაცია საკუთარი უფლებების შესახებ;
  • დაუყოვნებელი ჰქონდეს რეაქცია ჩაგვრის ფაქტებზე.

ურთიერთმიმართება არალეგალურ მიგრაციასა და არალეგალურ შრომით მიგრაციას შორის

არალეგალურ შრომით მიგრაციასა და არალეგალურ მიგრაციას შორის ტოლობის ნიშნის დასმაც კი შეიძლება. არალეგალს, რომელიც უსაბუთოდ იმყოფება უცხო ქვეყანაში, სჭირდება შემოსავალი, რომელსაც ვერ მიიღებს:

  • ვერც კანონიერი სამსახურის საფუძველზე; 
  • ვერც სოციალური დახმარების სახით. 

ამიტომაც, არალეგალები ერთვებიან არალეგალური შრომის ჯაჭვში და ჩნდება რისკი, რომ ისინი აღმოჩდებიან იმგვარი პრობლემების წინაშე, როგორებიცაა:

  • ტრეფიკინგი;
  • კრიმინალური წრეები;
  • ადგილობრივ მოსახლეობასთან შედარებით მკვეთრად უსამართლო სამუშაო პირობები.

ამ სიტუაციაში კი ძალიან რთულდება მათი უფლებების დაცვა, რადგან ისინი, ქვეყნიდან გაძევების შიშით, ვერ მიმართავენ შესაბამის სახელმწიფო უწყებებსა თუ ორგანოებს. 

უფრო დეტალურად

ქვეყნების ნაწილი თანხმდება, რომ იმ შემთხვევაშიც კი, როცა არალეგალურ მიგრაციასთან გვაქვს საქმე, ყველა მიგრანტის საბაზისო უფლებები უნდა იყოს დაცული. მაგალითად, შეეძლოს მას, მიმართოს შესაბამის ორგანოებს:

  • პოლიციას, 
  • სოციალურ სამსახურებს;
  • დაიცვას თავი ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობისგან, მათ შორის, სამუშაო ადგილზე
  • და სხვ.

საკუთარი მოქალაქის უფლებების დაცვაში განსაკუთრებული როლი უნდა შეასრულოს მოქალაქის ქვეყნის დიპლომატიურმა სამსახურმა და, თუ საჭირო გახდება, მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდოს საკუთარ მოქალაქეს, რითაც ხელს შეუწყობს მისი უფლებების დაცვას. 

თანამედროვე ქართული მიგრაციის მცირე ისტორიული ექსკურსი

საბჭოთა კავშირის პერიოდში კავშირის გარეთ მიგრაცია წარმოუდგენელი იყო. მისი დაშლის შემდეგ არაერთმა ეკონომიკურმა სექტორმა კოლაფსი განიცადა, მათ შორის, სოფლის მეურნეობამ. მოსახლეობის დიდი ნაწილი შემოსავლის გარეშე დარჩა და თავის გადასარჩენად გზების ძიება დაიწყო. 

90-იან წლებში სამოქალაქო ომის, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ომისა და ტერიტორიების ოკუპაციის გამო კიდევ უფრო მეტი ადამიანი გახდა იძულებული, დაეტოვებინა ქვეყანა. მიგრაციის ძირითად მიმართულებებს რუსეთი და უკრაინა წარმოადგენდა. 

ევროკავშირის ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, სადაც საქართველოს მოქალაქეებმა გზა გაიკვალეს, იყო საბერძნეთი. საბერძნეთი ევროპაში პირველი და მსოფლიოში მეორე ქვეყანაა ქართველი ემიგრანტების რაოდენობით. საბერძნეთს ნელ-ნელა მიემატა ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა: ესპანეთი, გერმანია, აშშ, იტალია და მეზობელი თურქეთი. 

მიგრაციის სახიფათო გზები 

არალეგალურ მიგრაციაში წასვლა ხშირად სერიოზულ რისკებს უკავშირდებოდა და დღემდე ასეა. მაგალითად, არსებობს ქართველი ემიგრანტების მონათხრობები, თუ როგორ მგზავრობდნენ ისინი საათების განმავლობაში ავტობუსების საბარგულებით, რათა დანიშნულების ადგილამდე ჩაეღწიათ. ეს არაადამიანურ ტანჯვასთან იყო დაკავშირებული. 

საქართველოს მოქალაქეები სახიფათო გზას დღესაც ირჩევენ, როდესაც აშშ-ში არალეგალურად,  მექსიკის საზღვრის გადაკვეთით ცდილობენ გადასვლას. ერთ-ერთი ასეთი მარშრუტი მდინარე რიო გრანდეზე გადის, უბედური შემთხვევები კი აქ ძალიან ხშირია. გარდა ამისა, ადამიანები, რომლებიც ზემოხსენებულ გზას ირჩევენ, თანახმანი არიან, ჩაბარდნენ ამერიკულ პოლიციას და შემდეგ მოითხოვონ თავშესაფარი. 

რატომ არ გვაქვს ზუსტი სტატისტიკური მონაცემები არალეგალური მიგრანტების შესახებ

პრობლემის იდენტიფიცირებისა და გადაჭრის გზების მოსაძებნად, ძალიან მნიშვნელოვანია მკაფიო სურათის არსებობა, თუმცა, არალეგალური მიგრაციის ბუნებიდან გამომდინარე, არალეგალურ მიგრაციაში ჩართული ადამიანების რიცხვისა და მახასიათებლების სრულყოფილად აღწერა შეუძლებელია, 

რადგან, შესაძლოა, საზღვრის გადაკვეთა ლეგალურად შეძლოს მიგრანტმა, თუმცა დაარღვიოს ქვეყანაში კანონიერად ყოფნის პირობები და იქცეს არალეგალად. 

არალეგალური შრომითი მიგრაციის გავლენა ეკონომიკაზე 

არალეგალურ შრომით მიგრაციას გავლენა აქვს როგორც მიმღები, ასევე მიგრანტის წარმოშობის ქვეყნის ეკონომიკაზე. 

გავლენა მიმღები ქვეყნის ეკონომიკაზე 

შრომით მიგრაციაში, განსაკუთრებით კი არალეგალურ შრომით მიგრაციაში ჩართული ადამიანები, როგორც წესი, თანხმდებიან ისეთ ანაზღაურებას, როგორსაც ადგილობრივი კადრი არ დათანხმდებოდა.

ამას განაპირობებს რიგი მიზეზები:

  • სამუშაო საათების რაოდენობა, რომელიც არალეგალი მუშახელის შემთხვევაში დაურეგულირებელია; 
  • მინიმალური ხელფასის ზღვარის არ არსებობა;
  • დაბალკვალიფიციური სამუშაო,
  • და სხვ. 

ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს აქვთ მოთხოვნა დაბალკვალიფიციურ მუშახელზე და მათი დაკმაყოფილება მიგრანტების ხარჯზე ხდება, რაც მათი ეკონომიკისთვის მომგებიანია. 

შრომითი მიგრაციის გავლენა წარმოშობის ქვეყნის ეკონომიკაზე 

შრომით მიგრაციას წარმოშობის ქვეყნისაზე შესაძლოა ჰქონდეს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი გავლენაც.

უარყოფით გავლენად შეიძლება ჩაითვალოს:

  • ადამიანური რესურსის, მათ შორის, მაღალკვალიფიციური კადრების, გადინება, რომლებსაც ქვეყნის განვითარებაში განსაკუთრებული როლი უნდა შეესრულებინათ; 
  • სხვადასხვა სფეროში კვალიფიციური კადრების დეფიციტი;
  • ფულადი გზავნილების უარყოფითი გავლენა მიმღებ ოჯახებსა თუ ინდივიდებზე, რომლებიც კარგავენ ეკონომიკაში პირდაპირი მონაწილეობის სურვილსა და მოტივაციას; 
  • უარყოფით გავლენაზე საუბრისას არ შეიძლება გვერდი ავუაროთ სოციალურ ფაქტორებსაც, როგორიცაა ოჯახის წევრებისგან მოშორებით ცხოვრება, მცირეწლოვანი შვილების მშობლების გარეშე აღზრდა და ამ ყველაფერთან დაკავშირებული ფსიქო-ემოციური პრობლემები.

დადებით გავლენად შეიძლება ჩაითვალოს ფულადი გზავნილების მოცულობა და ქვეყანაში დარჩენილი მოქალაქეების ფინანსური უზრუნველყოფა.

შრომითი მიგრაციის ეფექტი საქართველოს ეკონომიკაზე 

საქართველოს ეკონომიკაზე ძლიერი გავლენა აქვს ფულად გზავნილებს. კერძოდ, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 13% სწორედ ფულად გზავნილებზე მოდის. ამ მონაცემებით საქართველო მსოფლიოში 23-ე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის კი მე-2 ადგილს იკავებს. 

ფულადი გზავნილები შეიძლება მშპ-ის ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ შემადგენლად განვიხილოთ, იმის გათვალისწინებით, რომ პანდემიისას, პრაქტიკულად, მხოლოდ გზავნილების იმედად დარჩა ქვეყანა, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლისა და პირდაპირი ინვესტიციების კრიტიკულად კლების გამო, ხოლო გზავნილების ოდენობა კი 9%-მდე გაიზარდა. 

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის აგვისტოში ქვეყანაში 334 მილიონი აშშ დოლარის გზავნილი შემოვიდა და შემდეგნაირად გადანაწილდა:

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველო მსოფლიოში მე-16 ადგილზეა უცხოეთიდან ფულადი გზავნილების მიხედვით. 

და ბოლოს 

მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 23% ემიგრანტია. მათი რამხელა ნაწილია არალეგალური შრომითი მიგრანტი, ამაზე საუბარი რთულია, თუმცა, სავარაუდოა, რომ დიდი ნაწილი სწორედ არალეგალურ მიგრაციაზე მოდის. 

ერთი შეხედვით „უხილავი“ ადამიანების გავლენა, რომელთა ზუსტი სტატისტიკა არ აქვს ქვეყანას, ქართულ ეკონომიკაზე ძალიან დიდია და ტენდენცია კი აჩვენებს, რომ იგი მომავალში მხოლოდ გაიზრდება. 

სტატია მომზადდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით. გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ფრიდრიხ ებერტის ფონდის მოსაზრებებს. მისი კომერციული მიზნით გამოყენება იკრძალება ფონდის წერილობითი ნებართვის გარეშე.
მასალა მოამზადეს
ანა გვალია
ანა გვალია
ავტორი
მერაბ ქართველიშვილი
მერაბ ქართველიშვილი
რედაქტორი