პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
არაფორმალური შრომის გამოწვევები – რა უნდა შედიოდეს სახელმწიფოს ინტერესებში?

საქართველოში უმუშევრობა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ქვეყანას არ აქვს გამართული სოციალური დაცვის სისტემა. ადამიანებს თავად უწევთ გაუმკლავდნენ არსებულ გაჭირვებას და იძულებული ხდებიან, ჩაერთონ არაფორმალურ დასაქმებაში, რადგან მათი უმეტესობა ვერ პოულობს სხვა სამსახურს. ამით კი მშრომელის ცხოვრება ხდება არაპროგნოზირებადი. 

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

არაფორმალური დასაქმება ერთგვარი გადარჩენის საშუალებაა იმ ქვეყნებში, სადაც სოციალური დაცვის სისტემა არასრული და ფრაგმენტულია.

ასეთია საქართველოც, სადაც უმუშევრად დარჩენილ ადამიანს სახელმწიფო საბაზისო სოციალურ დაცვასაც ვერ სთავაზობს, მაგალითად:

  • გარკვეული დროით ფინანსურად არ უზრუნველყოფს; 
  • ყველას თანაბრად არ აძლევს პროფესიული განვითარების/გადამზადების საშუალებას;
  • არ სთავაზობს დასაქმების ხელშემწყობ პროგრამებს, რომლებშიც გათვალისწინებული იქნება ადამიანის გამოცდილება და პროფესიული უნარ-ჩვევები.

ამის ფონზე, ქვეყანაში კი დაბალია  არაფორმალურ შრომაში ჩართულ პირთა დაცულობის დონე, რადგან მშრომელების უფლებებს არ იცავს კანონი.

ჩვენი კომენტარი:

  • სახელმწიფომ შეიმუშავოს მკაფიო და პრაქტიკული ინსტრუმენტი, რათა არაფორმალური შრომა ეტაპობრივად გახდეს ფორმალური; 
  • სახელმწიფომ იზრუნოს არაფორმალურად დასაქმებულების ინფორმირებულობაზე, დაანახოს ფორმალური დასაქმების უპირატესობები და სიკეთეები,  თუ რა სარგებელი ექნებათ მათ ფორმალურ დასაქმებაში ტრანზიციას;  
  • საჭიროა, გაიზარდოს დასაქმების სააგენტოს კომპეტენციები. მარტივად ხელმისაწვდომი გახდეს გადამზადებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამები, რადგან არაფორმალურ შრომაში ჩართული პირები შემდგომში მარტივად დასაქმდნენ შესაბამის  ვაკანსიებზე; 
  • სახელმწიფომ დაიცვას არაფორმალურად დასაქმებულების უფლებები. ამ ნაწილში საჭიროა შრომის ინსპექციის მანდატის გაძლიერება; 
  • დღეს, ფაქტობრივად, არ არსებობს საბაზისო სოციალური დაცვის გარანტიები, ფორმალური დასაქმებაც არ სთავაზობს  მშრომელს ღირსეულ ხელფასსა და აუცილებელ ბენეფიტებს. ამ მოცემულობაში კი ნაკლებ მიმზიდველია არაფორმალი მშრომელების ნაწილისათვის, რადგან გაფორმალურების შემთხვევაში მოუწევთ  ისევ დაბალ ანაზღაურებაზე მუშაობა და დამატებითი გადასახადების გადახდა. 

რა არის პრობლემა?

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სახელმწიფოს არ განუხორციელებია ისეთი რეფორმები, რომლებიც შექმნიდა შესაბამის გარემოს არაფორმალური შრომის ფორმალიზების მიმართულებით. 

2022 წლიდან საქართველოს მთავრობამ აამოქმედა სხვადასხვა პროექტი, რომლებიც დასაქმების ხელშეწყობას, მათ შორის, არაფორმალური შრომის ფორმალიზებას, ეხება. ამ ქვეპროგამის მიხედვით, დასაქმებულმა თავად უნდა გამოიჩინოს ინიციატივა და მოსთხოვოს დამსაქმებელს, რომ მისი შრომითი ურთიერთობა გაფორმალურდეს. 

სახელმწიფოს მხრიდან, რიგ შემთხვევებში, არაფორმალური მშრომელების წინააღმდეგ იკვეთება ძალადობრივი ბრძოლის შემთხვევები,  რომლის ხშირი ობიექტებიც არიან გარემოვაჭრეები. ადგილობრივი მუნიციპალიტეტები უკრძალავენ გარემოვაჭრეებს სხვადასხვა ლოკაციაზე ვაჭრობას. სახელმწიფოს მხრიდან შრომის ფორმალიზების  მოთხოვნისას არ ხდება მშრომელის საჭიროებების გათვალისწინება, რათა იგი არ დარჩეს შემოსავლისა და საარსებო მინიმუმის გარეშე.

პარალელურად:

  • შრომის ბაზარზე შეინიშნება სეგმენტაცია, ფორმალური სექტორი არ არის მდგრადი, ამის ფონზე ხშირად ირღვევა მშრომელის უფლებები;
  • არაფორმალურ  შრომაში ჩართული ადამიანები, როგორც წესი, არიან  ღარიბები. ისინი მუშაობენ ბევრს და ზოგჯერ რამდენიმე სამსახურშიც კი, მაგრამ ვერ ახერხებენ ეკონომიკური დოვლათის დაგროვებასა და პროფესიულ განვითარებას;
  • დამსაქმებელი, რომელიც არაფორმალურად ასაქმებს, ხშირად  შედის შრომით ურთიერთობებში დასაქმებულთან ისე, რომ შემდგომ თავს არიდებს შრომითი ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობის აღებას/შესრულებას.

რა შეიძლება გაკეთდეს პრობლემის მოსაგვარებლად?

არსებული გამოწვევები, რომელთა წინაშეც დგას სახელმწიფო საჭიროებს ინტერსექციულ შესწავლას. 

  • პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი მექანიზმი შეიძლება იყოს ფორმალიზების  წამახალისებელი პოლიტიკა;
  • სახელმწიფო უწყებებმა საერთო კოორდინირებით იმუშავონ ცვლილებაზე, რომელიც ორიენტირებული იქნება როგორც არაფორმალური სექტორის, ასევე არაფორმალური შრომის ფორმალიზებაზე. 

მნიშვნელოვანია, აქტიურად ტარდებოდეს კვლევები არაფორმალურ მშრომელებთან, ხშირად ახლდებოდეს სტატისტიკური მონაცემები მათ შესახებ, რადგან ეს სასარგებლო იქნება როგორც ადვოკატირებისათვის, ასევე შრომის სტანდარტების შემუშავებისათვის. ამგვარი ინფორმაციის შეგროვება სახელმწიფოს დაეხმარება ისეთ სოციალურ საკითხებზე გაამახვილოს ყურადღება, როგორებიცაა:  

  • არასრუწლოვანთა შრომა 
  • შინ შრომა
  • გარე ვაჭრობა
  • და სხვ. 

არაფორმალურ მშრომელთაგან ბევრი ვერ ახერხებს სიღარიბისგან თავის დაღწევას. სინამდვილეში, ის პირობები, რომლებშიც ისინი მუშაობენ, ემსახურება მათი არახელსაყრელი მდგომარეობისა და სიღარიბის შენარჩუნებას. იმისათვის, რომ სახელმწიფომ შეძლოს არსებული პრობლემების აღმოფხვრა და პრევენცია, უნდა დაინახოს საკუთარი როლი და არ ეცადოს ცალკეული ინდივიდების ბრალეულობის გამოკვეთას. 

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციები

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ 2015 წელს ჟენევაში გამართულ 104-ე სესიაზე წარადგინა რეკომენდაციები, რომლებიც ეხება არაფორმალურიდან ფორმალურ ეკონომიკაზე გადასვლას:

  • ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყონ მშრომელებისა და ეკონომიკური ერთეულების ფორმალურ ეკონომიკაში გადასვლას ისე, რომ  მეწარმეობის შესაძლებლობა იყოს უზრუნველყოფილი და მშრომელი არ დარჩეს შემოსავლისა და საარსებო მინიმუმის გარეშე; 
  • ხელი შეუწყოს საწარმოებისა და ღირსეული სამუშაო ადგილების შექმნას, შენარჩუნებას და მდგრადობას ფორმალურ ეკონომიკაში, ასევე აღკვეთოს ფორმალური ეკონომიკის სამუშაო ადგილების არაფორმალიზაცია.

ILO-ს რეკომენდაციების მიხედვით, ფორმალურ ეკონომიკაზე გადასვლის ხელშემწყობი თანმიმდევრული და ინტეგრირებული სტრატეგიების შემუშავებისას ქვეყნებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი:

  •  არაფორმალურ ეკონომიკაში მშრომელებისა და ეკონომიკური ერთეულების მახასიათებლების, გარემოებებისა და საჭიროებების მრავალფეროვნება; 
  • არაფორმალურ ეკონომიკაში მოქმედი ყველა ადამიანის უფლებების ეფექტური ხელშეწყობა და დაცვა. 

სახელმწიფოს მიზანი უნდა იყოს მდგრადი განვითარება, სიღარიბის აღმოფხვრა, ეკონომიკური ზრდის სტრატეგიების ხელშეწყობა და ფორმალურ ეკონომიკაში ღირსეული სამუშაო ადგილების შექმნა. მნიშვნელოვანია შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოს შექმნა ან არსებულის გაძლიერება, რომელსაც ექნება კონტროლის მანდატი და  ეფექტურად შეძლებს შრომის ინსპექტირებას.

გამოწვევები

არაფორმალური შრომა/სექტორი საქართველოსა და მსოფლიოში დასაქმებულთა მნიშვნელოვან წილს მოიცავს. 

გარკვეულ ქვეყნებში მისი მაჩვენებელი მზარდია, რასაც ხელი შეუწყო COVID-19-ის პანდემიამ. არსებობს ვარაუდები, რომ დროთა განმავლობაში დასაქმების ახალი ფორმებიც გამოჩნდება, რომლებიც დაკავშირებული იქნება ახალ გამოწვევებთან. 

პანდემიის მიერ გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმა გამოააშკარავა არაფორმალური დასაქმების სისუსტეები და მისი არასტაბილურობა. ILO-ს ინფორმაციით, არაფორმალურად დასაქმებული ადამიანების ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო არასტაბილური გახდა პანდემიის პერიოდში, როდესაც ქვეყნებში ჩაკეტვები (ე.წ. ლოქდაუნი) გამოცხადდა. ეს პროცესები განსაკუთრებით მძიმედ აისახა იმ ქვეყნებზე, სადაც სოციალური დაცვა არ აღმოჩნდა სისტემური და კარგად ორგანიზებული, მათ შორის, საქართველოზეც.

რა უნდა შედიოდეს სახელმწიფოს ინტერესებში?

სახელმწიფომ მოქალაქეებისათვის ფორმალური დასაქმება სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებით მიმზიდველი უნდა გახადოს, ამაში კი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სოციალური დაცვის სისტემა და  დამატებითი სარგებელი.

  • მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს: ღირსეული პენსია; ღირსეული მინიმალური ხელფასი; უმუშევრობის შემწეობა/დაზღვევა; დასაქმების ხელშეწყობა; დეკრეტული შვებულება; დაცული, უსაფრთხო შრომითი პირობები, ხელმისაწვდომი ჯანდაცვა და ა.შ. 

სახელმწიფომ უნდა გააძლიეროს და გაზარდოს შრომის ინსპექციის როლი, რადგან ის ქვეყანაში დასაქმებულთა საკანონმდებლო უფლებების აღსრულებაზე პასუხისმგებელი ძირითადი ორგანოა.

  • შრომის ინსპექციამ უნდა შეიმუშაოს ისეთი ინსტრუმენტი, რომელიც შეძლებს, ეტაპობრივად ხელი შეუწყოს არაფორმალური დასაქმებისა და სექტორის გაფორმალურებას და ორიენტირებული იქნება მშრომელებისა და ეკონომიკური ერთეულების მხარდაჭერა/წახალისებაზე.
  • შრომის ინსპექციამ აქტიურად უნდა გასცეს  შრომითი ხელშეკრულების გაფორმების რეკომენდაციაც ისეთ შემთხვევებში, როდესაც დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის სხვა ტიპის ზეპირი ან წერილობითი შეთანხმებაა. 

საჭიროა  ქმედითი ნაბიჯების გატარება, რადგან არაფორმალურად დასაქმებული ადამიანები იმყოფებიან უთანასწორო გარემოში. მნიშვნელოვანია, სახელწიფომ იზრუნოს მოქალაქეზე, შესთავაზოს მას სისტემური, ორგანიზებული სოციალური დაცვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოქალაქეები კვლავაც ბევრს იშრომებენ არაფორმალურ სექტორში, მაგრამ მაინც იქნებიან სიღარიბეში, სოციალური დაცვის, დამატებითი სარგებლისა და ეკონომიკური სტაბილურობის მიღმა.

სტატია მომზადდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით. გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ფრიდრიხ ებერტის ფონდის მოსაზრებებს. მისი კომერციული მიზნით გამოყენება იკრძალება ფონდის წერილობითი ნებართვის გარეშე.
მასალა მოამზადეს
ომარ გორდეზიანი
ომარ გორდეზიანი
ავტორი
მერაბ ქართველიშვილი
მერაბ ქართველიშვილი
რედაქტორი