საქართველოში დეკრეტული შვებულების შემთხვევებში ქალების და ბავშვების სოციალური კეთილდღეობა უზრუნველყოფილი არ არის. არადა, ევროკავშირის კანონმდებლობითა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წესების მიხედვით, მშობიარობამდე და მშობიარობის შემდეგ მათთვის შესაბამისი შემოსავალი გარანტირებული უნდა იყოს.
რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?
საქართველოში კერძო სექტორში დასაქმებულ ქალებს ხშირად არჩევანის გაკეთება უწევთ პროფესიულ/კარიერულ და ოჯახურ ცხოვრებას შორის. მიზეზი დეკრეტული შვებულების არასაკმარისი ანაზღაურებაა.
ჩვენი კომენტარი:
საქართველოში დეკრეტული შვებულების ხანგრძლივობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია, თუმცა შრომის კოდექსით დადგენილი მაქსიმუმ 1000 ლარიანი ანაზღაურება დედისა და ბავშვის სოციალური უზრუნველყოფისათვის სრულიად არასაკმარისია.
რა უნდა ვიცოდეთ?
ევროკავშირისა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დეკრეტული შვებულების ანაზღაურების შესახებ დადგენილი მინიმალური სტანდარტები ეხება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორს. ასევე არაფორმალურად დასაქმებულ ქალებს.
რა არის პრობლემა?
- საქართველოში კერძო სექტორში დეკრეტული შვებულება მაქსიმუმ 1000 ლარით ერთჯერადად ანაზღაურდება;
- დეკრეტულ შვებულებას ანაზღაურებს სახელმწიფო;
- დასაქმებულისთვის ხელფასის შენარჩუნება დამოკიდებულია დამსაქმებლის კეთილ ნებაზე;
- არაფორმალურ სექტორში დასაქმებული ქალების შესახებ კანონი არაფერს ამბობს. ბავშვის გაჩენის შემთხვევაში ისინი სრულიად უსახსროდ რჩებიან.
რას ნიშნავს დეკრეტული შვებულების ადეკვატური ანაზღაურება?
- დასაქმებულ პირს სრულად უნარჩუნდება ხელფასი;
- ანაზღაურება დედისა და ბავშვის ჯანმრთელობისა და ცხოვრების შესაბამისი პირობების ;
- ანაზღაურება უტოლდება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საქმიანობის შეწყვეტისას მიღებულ ხელფასს ან ხელფასის
რა არის მნიშვნელოვანი?
- თუ საქართველო საერთაშორისო სტანდარტს გაიზიარებს, კერძო სექტორში დასაქმებული ქალები დეკრეტული შვებულების სათანადო ანაზღაურებას მიიღებენ. დახმარების გარეშე აღარ დარჩებიან არაფორმალურად დასაქმებული, თვითდასაქმებული და უმუშევარი ქალებიც.
- საერთაშორისო გამოცდილება ითვალისწინებს მშობლის და ბავშვის ფინანსური უზრუნველყოფის სხვადასხვა მოდელს, რომლის მიხედვითაც, მხოლოდ სახელმწიფოს ან მხოლოდ დამსაქმებლის პასუხისმგებლობის გარდა, დეკრეტული შვებულების ანაზღაურებაში მონაწილეობას ორივე მათგანი იღებს.