ეკონომიკური ზრდა ქვეყანაში ადამიანთა ცხოვრების დონის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია, ხოლო მისი მთავარი ინდიკატორი მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) დათვლაა. ეს სტატია სწორედ ეკონომიკური ზრდისა და ცხოვრების დონის ურთიერთმიმართებას მიმოიხილავს კრიტიკულად და იმ ფაქტორებზე ამახვილებს ყურადღებას, რომლებიც ამ ინდიკატორში არ არის გათვალისწინებული.
რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?
ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის პარალელურად უნდა ვიცოდეთ, როგორ ხდება მისი გაანგარიშება, რათა ავხსნათ მისი გავლენა მოსახლეობის ცხოვრების დონეზე. ქვეყნის ეკონომიკური ზრდა, შესაძლოა, ყოველთვის დადებითად არ აისახებოდეს მოსახლეობის გარკვეული ჯგუფების კეთილდღეობასა და ქვეყნის განვითარებაზე.
ჩვენი კომენტარი
მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკურ ზრდაზე საუბრისას ერთმანეთისგან განვასხვავოთ რაოდენობრივი და ხარისხობრივი ზრდა. ყოველთვის უნდა დავსვათ შეკითხვა - ვის და რის ხარჯზე იზრდება ეკონომიკა? მშპ-ის დათვლის მეთოდოლოგია, ერთი მხრივ, ყურადღებას ამახვილებს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე, თუმცა, მეორე მხრივ, უგულებელყოფს ისეთ განზომილებებს, როგორებიცაა:
- ეკონომიკური ზრდით შექმნილი დოვლათის გადანაწილების თანასწორობა;
- ეკონომიკური საქმიანობით გამოწვეული ეკოლოგიური საფრთხეები;
- შრომითი უფლებების დარღვევისა და მოცალეობის გაქრობით განპირობებული ემოციური თუ ფიზიკური რესურსების გამოფიტვა;
- ზრუნვის შრომის უგულებელყოფა.
რა უნდა ვიცოდეთ?
- მშპ ქვეყნის ტერიტორიაზე წარმოებული საქონლისა და მომსახურების საბაზრო ფასებში გამოხატული მთლიანი ღირებულებაა:
მშპ=მოხმარება+ინვესტიცია+სამთავრობო დანახარჯები+(ექსპორტი-იმპორტი);
- ითვლება სამი მეთოდოლოგიის მიხედვით. ესენია: წარმოების მეთოდი (წარმოებული პროდუქტის ღირებულება, გადასახადების და სუბსიდიების გათვალისწინებით), დანახარჯების მეთოდი (ინსტიტუციური ერთეულების მიერ გაწეული დანახარჯები, იმპორტ-ექსპორტის გათვალისწინებით) და შემოსავლების მეთოდი (ხელფასები, კომპანიების მოგება და სხვა შემოსავლები);
- მშპ ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი მშპ-ის მოსახლეობის რაოდენობაზე გაყოფით გამოითვლება. მაგალითად, 2022 წელს საქართველოს მშპ-მ მიმდინარე ფასებში წლიურად 71.8 მილიარდი ლარი შეადგინა, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე წლიურად - 19 452 ლარი;
- მშპ მიმდინარე ფასებით დაითვლება, თუმცა მისი დაანგარიშება, ინფლაციის დონის გათვალისწინების გარეშე, არ გვაძლევს რეალურ სურათს. მაგალითად, სამომხმარებლო ფასების დონე 2023 წლის იანვარში, 2022 წლის იანვართან შედარებით, 9.44%-ით გაიზარდა;
- ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით, ინფლაციის დონე საქართველოსთვის ოპტიმალურია, როდესაც ის 3%-ს შეადგენს. შესაბამისად, დღეს არსებული მაღალი ინფლაციის პირობებში, გაზრდილ შემოსავალს ყოველთვის არ აქვს მეტი მსყიდველუნარიანობა, რადგან ხარჯებიც იზრდება;
- საქსტატი ითვლის რეალური მშპ-ის ზრდის მაჩვენებელსაც, რომელშიც ინფლაციაცაა გათვალისწინებული.
საყურადღებოა, რომ ეკონომიკური ზრდის ფონზე, მშპ არ ითვალისწინებს სხვადასხვა ტიპის ეკონომიკური საქმიანობით გამოწვეულ სოციალურ, ეკოლოგიურ და კულტურულ ზიანს. მაგ., მსხვილი ჰიდროელექტრო სადგურის აშენებამ ან ბუნებრივი წიაღისეულის მოპოვებამ შეიძლება გამოიწვიოს ეკონომიკური ზრდა, თუმცა:
- დააზიანოს ადგილობრივი საარსებო ბუნებრივი გარემო;
- საფრთხე შეუქმნას დასაქმებულთა და ადგილობრივთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას;
- შეზღუდოს ადგილობრივთა ტრადიციული ეკონომიკური საქმიანობა და, შესაბამისად, გააუარესოს მათი ფინანსური მდგომარეობა;
- გაანადგუროს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები.