დემოკრატიულ ქვეყნებში სოციალური ინკლუზიის და ინტეგრაციის ერთ-ერთი ასპექტია მშობლიური და სახელმწიფო ენების სწავლისთვის თანაბარი პირობების შექმნა. ენა ინდივიდთა თვითგამოხატვის პირველადი საშუალება და იდენტობის განუყოფელი ნაწილია.
რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?
საქართველოს მოსახლეობის ბოლო აღწერის მიხედვით, მოსახლეობის დაახლოებით 13% ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელია. აქედან დაახლოებით 6% ეთნიკური აზერბაიჯანელია, 5%-მდე ეთნიკური სომეხი. სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში კი, სადაც ისინი მეტწილად ცხოვრობენ, მნიშვნელოვანი გამოწვევაა სახელმწიფო ენის სათანადო ცოდნა, აგრეთვე პრობლემურია მათი თანაბარი მონაწილეობა ქვეყნის სოციო-ეკონომიკურ ცხოვრებაში.
ჩვენი კომენტარი
მშობლიური და სახელმწიფო ენის სათანადო ცოდნა ეთნიკურ უმცირესობებს უქმნის თანაბარ პირობებს, მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. სახელმწიფო სისტემურად უნდა მიუდგეს ამ გამოწვევას მრავალგანზომილებიანი, კომპლექსური და გრძელვადიანი პოლიტიკის შემუშავების გზით.
რას გვეუბნება კონსტიტუცია?
კონსტიტუციის მიხედვით, საქართველო არის სოციალური სახელმწიფო და ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე. აგრეთვე, სახელმწიფო უზრუნველყოფს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თანაბარ სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას.
უზენაესი კანონი ადგენს, რომ სახელმწიფო ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთში − აგრეთვე აფხაზური. ამავე დროს, იცავს ქვეყანაში ენათა და კულტურათა თანაარსებობის საუკუნეთა განმავლობაში ჩამოყალიბებულ ტრადიციას. ასევე, საქართველოს მოქალაქეებს, განურჩევლად მათი ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისა, უფლება აქვთ ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე შეინარჩუნონ და განავითარონ თავიანთი კულტურა, ისარგებლონ დედაენით პირად ცხოვრებაში ან საჯაროდ.
რას გვეუბნება საერთაშორისო რეგულაცია?
სახელწმიფო ვალდებულია იზრუნოს ეთნიკურ უმცირესობათა იდენტობის შენარჩუნებაზე და ამავე დროს, მათ საზოგადოებაში ინტეგრაციაზე. ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ ევროპის საბჭოს ჩარჩო კონვენციის მიხედვით, სახელმწიფო ენის ცოდნა ერთი-ერთი მნიშვნელოვანი საშუალებაა მათი ინტეგრაციისთვის. კონვენცია ხაზს უსვამს უმცირესობათა ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში მონაწილეობის უზრუნველყოფასაც, რაც გულისხმობს განათლებაზე, დასაქმებასა თუ სოციალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობას.
დეტალურად იხილეთ:
- სახელმწიფო და მშობლიური ენა – რა უნდა ვიცოდეთ
- განათლების უფლება ეთნიკურ უმცირესობებში – რა უნდა ვიცოდეთ?
საქართველომ მდგრადი განვითარების მიზნების და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებშიც აიღო სოციალური და ეკონომიკური ინკლუზიის ვალდებულება. ასოცირების შესახებ ხელშეკრულება ითვალისწინებს სხვადასხვა ჯგუფისათვის, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობისთვის ინკლუზიური სამუშაო ბაზრის, სოციალური დაცვის, სოციალური ჩართულობისა და ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის გატარებას. მდგრადი განვითარების მიზნების მიხედვით გათვალისწინებულია ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობა და საჯარო სექტორში ინკლუზიურობის ხელშეწყობა.
ენასთან დაკავშირებული სამართლებრივი ჩარჩო საქართველოში
ენა და განათლება
სკოლამდელი და ზოგადი განათლება − სახელმწიფო ენის შესახებ კანონი ითვალისწინებს განათლების მიღების შესაძლებლობას როგორც სახელმწიფო, ისე არასახელმწიფო ან/და ეთნიკური უმცირესობის ენებზე, ამავე დროს განსაზღვრავს, რომ სახელმწიფო ენის ერთიანი პროგრამა ითვალისწინებს ბილინგვური სწავლების დანერგავს. სკოლამდელი განათლების შესახებ კანონის მიხედვით, დაწესებულება უფლებამოსილია ბავშვებს მიაწოდოს სააღმზრდელო და საგანმანათლებლო მომსახურება მათ მშობლიურ ან/და არასახელმწიფო ენაზე. ხოლო, არაქართულენოვან საბავშვო ბაღებში ქართულ ენაზე საბაზისო საკომუნიკაციო უნარების განვითარება სავალდებულოა. ასევე, სავალდებულოა არაქართულენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ქართული ენის, როგორც საგნის სწავლება.
პროფესიული და უმაღლესი განათლება - ეთნიკურ უმცირესობებს შესაძლებლობა აქვთ პროფესიულ სასწავლებლებში შერჩევის პროცედურა გაიარონ მშობლიურ ენებზე. ამის შემდგომ მათ სთავაზობენ ქართული ენის შემსწავლელ მოდულს, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში ეძლევათ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა. უმაღლესი განათლების საფეხურზე კი არსებობს 1+4 პროგრამა, რომელიც გულისხმობს სავალდებულო ზოგადი უნარების ტესტის ჩაბარებას უმცირესობათა ენებზე და შემდგომ ქართულ ენაში მოსამზადებელ ერთწლიან სავალდებულო პროგრამას. მისი წარმატებით დაძლევის შემდეგ სტუდენტებს შეუძლიათ აირჩიონ პროგრამა ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად.
ზრდასრულთა განათლება − ეთნიკური უმცირესობებისთვის სახელმწიფო ენის სწავლა ხელმისაწვდომია სსიპ „ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის“ რეგიონულ ცენტრებში, ასევე, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, მობილური ჯგუფების საშუალებით ან დისტანციურად, ჰიბრიდულ რეჟიმში. დღეს ეს სასწავლო პროგრამა ხელმისაწვდომია სხვადასხვა სამიზნე ჯგუფისთვის და ასაკობრივი კატეგორიისთვის.
ენა და დასაქმება
ეთნიკური უმცირესობების დასაქმების მხრივ ქვეყანაში მოქმედებს სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების ხელშეწყობის პროგრამები, ასევე არსებობს სტაჟირების შესაძლებლობა საჯარო სამსახურებში 1+4 პროგრამის მონაწილეებისთვის, თუმცა, ვინაიდან საქართველოში დასაქმების პოლიტიკა უმეტესწილად ფრაგმენტულია, ეს პროგრამები მნიშვნელოვან გავლენას ვერ ახდენს ეთნიკურ უმცირესობათა ეკონომიკურ მონაწილეობაზე.
უფრო დეტალურად: ეთნიკური უმცირესობების მონაწილეობა შრომის ბაზარზე - არსებული გამოწვევები და საერთაშორისო მიდგომა
ენა და სახელმწიფო სერვისებზე მისაწვდომობა
სახელმწიფო ენის შესახებ კანონი განსაზღვრავს, რომ იმ მუნიციპალიტეტში, სადაც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები კომპაქტურად ცხოვრობენ, სახელმწიფო უზრუნველყოფს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოებთან მათ მშობლიურ ენაზე თარჯიმნის დახმარებით ურთიერთობას. ასევე, კანონი ითვალისწინებს ეთნიკური უმცირესობების მიმართ განსახვავებული წესის დადგენას, რომელიც განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის ორგანოში ეთნიკური უმცირესობის ენაზე წარდგენილი განცხადების, საჩივრის და მასზე გაცემული პასუხის თარგმნას. კანონი განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ მიღებული ნორმატიული აქტის ამ ეთნიკური უმცირესობის ენაზე თარგმნის შესაძლებლობასაც.
სახელმწიფო სტრატეგიის დოკუმენტი
სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სტრატეგია პირველ პრიორიტეტად განსაზღვრავს სახელმწიფო ენის ცოდნის გაძლიერებას ინტეგრაციის მხარდასაჭერად. სტრატეგიაში მითითებულია, რომ სახელმწიფომ ენის სწავლების გაძლიერების მიზნით დაისახა ამოცანები განათლების თითოეულ საფეხურსა და ზრდასრულთა და არაფორმალური განათლების პროგრამებში. აგრეთვე, აღნიშნულია, რომ ძალისხმევა დაეთმობა ისეთი პროგრამებისა და სერვისების განვითარებას, რომლებიც უკავშირდება დასაქმებას, სამეწარმეო საქმიანობაში ჩართვასა და თვითდასაქმების ეფექტურობის ამაღლებას. ამის განსაზღვრა პოლიტიკის დოკუმენტში მისასალმებელია, თუმცა ეს ღონისძიებები ზოგადად არის გაწერილი და სათანადო გაზომვის შესაძლებლობას არ იძლევა.
რა გამოწვევებია?
ევროპის საბჭოს ჩარჩო კონვენციის მრჩეველთა კომიტეტი ჩარჩო კონვენციის აღსრულებასთან დაკავშირებით თავის ბოლო მოსაზრებაში საუბრობს, რომ სახელმწიფო ენის ცოდნის გასაუმჯობესებლად გატარებული ზომების შედეგად საკითხი სტრუქტურულად და სისტემურად ჯერ კიდევ ვერ გადაიჭრა, განსაკუთრებით სკოლამდელ, დაწყებით და საშუალო საფეხურებზე. კრიტიკა მიემართება როგორც სასწავლო მასალების ხარისხს, ასევე მასწავლებელთა მომზადება/გადამზადებას.
რაც შეეხება უმაღლეს განათლებას, კომიტეტი მიუთითებს 1+4 პროგრამის წარმატებაზე, თუმცა, იმავდროულად, აღნიშნავს მისი განვითარების აუცილებლობას. მიუხედავად პროგრამის გარკვეულწილად დადებითი შედეგებისა, რამაც ხელი შეუწყო ეთნიკური უმცირესობების მიერ უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობას, ის ვერ უზრუნველყოფს თანაბარი პირობების შექმნას. ამასთან, პროგრამით მოსარგებლეთა მიერ სწავლის მიტოვების მაჩვენებელიც მაღალია − უმაღლესი განათლების საფეხურს მხოლოდ დაახლოებით 20% ამთავრებს.
გარდა ამისა, სახალხო დამცველი საპარლამენტო ანგარიშში მიუთითებს, რომ ჟვანიას ცენტრის სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის ბენეფიციართა რაოდენობა ბოლო წლებში იზრდება, თუმცა 2019-2022 წლებში მონაწილეთა მხოლოდ 51.6%-მა დაასრულა პროგრამა წარმატებით. ასევე, 2019-2022 წლებში პროგრამაში მონაწილეთა მხოლოდ 1.3% იყო საჯარო სექტორში დასაქმებული.
რაც ეხება საჯარო სერვისებზე ეთნიკური უმცირესობების წვდომას, მიუხედავად საკანონმდებლო დონეზე არსებული გარკვეული გარანტიებისა, მაინც არსებობს დაბრკოლებები, მაგალითად, ენობრივი ბარიერი და მომსახურების გამწევ დაწესებულებებში მათი მშობლიური ენის მცოდნე პირების არასაკმარისი რაოდენობა. ქვემო ქართლსა და კახეთში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელებისთვის განსაკუთრებული გამოწვევაა ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა. ასევე პრობლემურია მუნიციპალური პროგრამების თაობაზე სათანადო ინფორმირების ნაკლებობაც.
რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ?
სახელმწიფო ენის არასათანადო ცოდნა აღრმავებს ეთნიკური უმცირესობების სოციალურ და ეკონომიკურ გამოწვევებს, თუმცა, ეს ერთადერთი სირთულე არ არის, რომელთა წინაშეც ისინი დგანან. საჭიროა პრობლემების სისტემური გადაწყვეტა და ისეთი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება, რომელიც დაეფუძნება უკვე განხორციელებული პროგრამების და მიდგომების კრიტიკულ ანალიზს. თუმცა, ცხადია, რომ პირველადი და საბაზისო ბარიერი, რომლის მოგვარებაც აუცილებელია, სწორედ ენის საკითხია. მნიშვნელოვანია სწავლების ბილინგვური მოდელის სათანადოდ დანერგვა და ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც საშუალებას მისცემს ეთნიკურ უმცირესობებს, ერთი მხრივ, გაიღრმაონ მშობლიური ენის ცოდნა და მეორე მხრივ − საფუძვლიანად შეისწავლონ სახელმწიფო ენა.
სტატია მომზადებულია პროექტის ,,საზოგადოების მედეგობის გაზრდა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ინფორმაციისა და ანალიზის ხელმისაწვდომობის გზით“ ფარგლებში, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) მიერ გაცემული ფონდებით, გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. მოსაზრებები, მიგნებები და დასკვნები, რომლებიც გადმოცემულია ტექსტში ეკუთვნის მხოლოდ ავტორებს და ისინი აუცილებლად არ ასახავს IWPR-ისა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობის შეხედულებებს.