პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
იპოთეკური სესხები და გამოსახლების პრევენციის სტანდარტები – საერთაშორისო გამოცდილება
ივლისი 24, 2023

იპოთეკური სესხი არის უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხი, რომლის საშუალებითაც ფიზიკურ პირებს შეუძლიათ უძრავი ქონების შეძენა. იპოთეკური სესხის წილი (რომელიც შინამეურნეობების ვალის მშპ-თან ფარდობიდან ითვლება), სხვა სესხებთან შედარებით, საქართველოში კვლავაც მაღალია (2021-2022 წლის მონაცემებით დაახლოებით მშპ-ს 15-18%-ს შეადგენს). გარდა ამისა, გაზრდილია უძრავი ქონების ფასი, განსაკუთრებით,  ბოლო ერთ წლის განმავლობაში.

იმის გამო, რომ უძრავი ქონება იტვირთება ვალდებულებით და სწორედ იპოთეკური სესხის საფუძველზე შეიძლება ადამიანები დარჩნენ უსახლკაროდ, აუცილებელია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კანონმდებლობის არსებობა და რეგულირება, რომელიც დაიცავს ადამიანებს უსახლკარობისგან.

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

იპოთეკური სესხი მრავალწლიანი პასუხისმგებლობაა და არასტაბილური ეკონომიკის მქონე ქვეყანაში მცხოვრები ადამიანებისთვის განსაკუთრებით რთული ვალდებულებაა. ფაქტობრივად, წარმოუდგენელია, ადამიანებმა განსაზღვრონ, როგორი შემოსავალი ექნებათ ათწლეულების განმავლობაში. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყანაში არ არსებობს უმუშევრობის დაზღვევა ან შემწეობა. 

გარდა ამისა, საქართველოში არ არის გამართული საბინაო პოლიტიკა, შესაბამისად, ადამიანები იძულებულნი არიან, გრძელვადიანი და ძვირი კრედიტით დააფინანსონ საცხოვრებელის შეძენა, რასაც შეიძლება მოჰყვეს დავალიანების დაგროვება, გამოსახლება და უსახლკარობა. 

იმისთვის, რომ ადამიანების სასესხო ვალდებულება ამ შედეგით არ დასრულდეს,  არსებობს საერთაშორისო სტანდარტები, რომლებიც  ადამიანებს ქუჩაში დარჩენისგან იცავს. საჭიროა, თვალი გადავავლოთ ამ გამოცდილებას, რათა ნათელი გახდეს, რა ნაკლოვანებები აქვს ქართულ კანონმდებლობას.

ჩვენი კომენტარი

ხელმისაწვდომი და დაბალპროცენტიანი იპოთეკური სესხი და უკანასკნელი საცხოვრებლიდან გამოსახლების აკრძალვა შეიძლება იყოს გამოსავალი საცხოვრებლის დაკარგვისაგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბანკებსა თუ კერძო იპოთეკარებს შეუძლიათ ისევ ისე განაგრძონ ოჯახების გამოსახლება და ღია ცის ქვეშ დატოვება, როგორც ამას აქამდე აკეთებდნენ საქართველოში. 

რა საერთაშორისო ინსტრუმენტები იცავს ადამიანს გამოსახლებისგან?

  • უფლება საცხოვრისზე აღიარებულია ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტით. მე-7 ზოგად კომენტარში გაეროს შესაბამისი კომიტეტი (UN CESCR) განმარტავს, რომ სახელმწიფოები ვალდებულნი არიან, მიიღონ საკანონმდებლო ზომები, რათა არსებობდეს სათანადო გარანტიები იპოთეკური სესხის სააღსრულებლო პროცედურებისას. ეს გარანტიები მოიცავს იძულებითი გამოსახლების აკრძალვას, გამოსახლებამდე ყველა შესაძლო ალტერნატიური ზომის მიღებას  დაინტერესებულ პირების ჩართულობით და სხვა. 
  • ევროპის სოციალური ქარტიის 31-ე მუხლი ავალდებულებს სახელმწიფოებს, ხელი შეუწყონ საცხოვრებლის ადეკვატური სტანდარტის ხელმისაწვდომობას, მიიღონ ზომები უსახლკარობის პრევენციისა და შემცირებისთვის, უზრუნველყონ საცხოვრებელზე ფასების ხელმისაწვდომობა მათთვის, ვისაც სათანადო სახსრები არ გააჩნიათ. მაგალითად, საქმეში, ევროპის ბოშათა უფლებათა ცენტრი (errc) იტალიის წინააღმდეგ, სოციალურ უფლებათა ევროპული კომიტეტი განმარტებით, მონაწილე სახელმწიფოები უნდა დარწმუნდნენ, რომ გამოსახლება გამართლებულია და შესრულდება იმ პირობებით, რომლებიც პატივს სცემს დაინტერესებული პირების ღირსებას, ამავე დროს, აუცილებელია, ხელმისაწვდომი იყოს ალტერნატიული საცხოვრებელი.  

რა კეთდება გამოსახლების თავიდან ასარიდებლად?

  • გამოსახლება უნდა იყოს მხოლოდ უკანასკნელი ღონისძიება და მანამდე აუცილებელია ყველა ალტერნატიული მექანიზმის ამოწურვა. მაგალითად, გაიმართოს დამატებითი მოლაპარაკება იპოთეკარსა და მოვალეს შორის ისეთი შეთანხმების მისაღწევად, რომელიც ორივე მხარის პირობებს დააკმაყოფილებს. 
  • რეკომენდაციები ითვალისწინებს ვალის რესტრუქტურიზაციას ან რეფინანსირებასაც. სესხის რესტრუქტურიზაცია შეიძლება მოიცავდეს კრედიტის ვადის გაგრძელებას, დაფარვის გადავადებას, საპროცენტო განაკვეთის შეცვლას, გადახდის გარკვეული ხნით შეჩერების შეთავაზებას და სხვა.

საგულისხმოა, რომ ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს განმარტებით,  მოსამართლეს უნდა ჰქონდეს უფლება, შეაჩეროს გამოსახლება, როდესაც სახლის მესაკუთრეები აპროტესტებენ ხელშეკრულებებში უსამართლო მუხლებს, მაგალითად, მეტისმეტად მაღალ საპროცენტო განაკვეთებს.

სტატია მომზადდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით. გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ფრიდრიხ ებერტის ფონდის მოსაზრებებს. მისი კომერციული მიზნით გამოყენება იკრძალება ფონდის წერილობითი ნებართვის გარეშე.
მასალა მოამზადეს
ნინო ხელაძე
ნინო ხელაძე
ავტორი
მერაბ ქართველიშვილი
მერაბ ქართველიშვილი
რედაქტორი
ია ერაძე
ია ერაძე
რედაქტორი
მარიამ სვიმონიშვილი
მარიამ სვიმონიშვილი
რედაქტორი