პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
რა საფრთხეს წარმოშობს აზარტული თამაშების ბიზნესის ზრდა?

ლიბერალური დემოკრატიის ფარგლებში განვითარებულმა ეკონომიკურმა სისტემამ ნოყიერი ნიადაგი შეუქმნა აზარტული თამაშების ინდუსტრიის (იგივე სათამაშო ბიზნესი) განვითარებას, შეასუსტა ამ სფეროში რეგულაციები და სახელმწიფოს როლი მის მართვაში. დროთა განმავლობაში ეს სფერო ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ წყაროდ იქცა, განსაკუთრებით კი – ღარიბი ქვეყნებისთვის. მაგრამ ამ ვითარებამ საზოგადოების სოციალურ ქსოვილს შეუქმნა საფრთხე.

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

ბოლო პერიოდში საქართველოში მნიშვნელოვნად განვითარდა სათამაშო ბიზნესი, ის ერთ-ერთი ყველაზე მზარდი სფერო გახდა, მოიმატა როგორც ინვესტიციების, ასევე მისი მოხმარების მაჩვენებელმა, მათ შორის არასრულწლოვანებშიც. ამ ყველაფერს კი აქვს რესურსი, გააღრმაოს სოციალურ-ეკონომიკური უთანასწორობა, შეაფერხოს მცირე მეწარმეობის განვითარება, ხელი შეუწყოს უმუშევრობის, დანაშაულის, თამაშზე დამოკიდებულების ზრდას და სხვა.   

ჩვენი კომენტარი

სახელმწიფოს როლი აზარტული თამაშების რეგულირებაში უნდა გაიზარდოს. ცენტრალურმა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ  უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ამ სფეროდან მომდინარე რისკების პრევენციაზე. აუცილებელია იმგვარი გეგმის შემუშავება, რაც საზოგადოებას სოციალური და ეკონომიკური განვითარების მრავალფეროვან ალტერნატივას შესთავაზებს, შეამცირებს აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებისა და უთანასწორობის მაჩვენებლის ზრდის საფრთხეებს.

რამ შეუწყო ხელი სათამაშო ბიზნესის განვითარებას?

დიდი ხნის განმავლობაში სათამაშო ბიზნესი ბევრ ქვეყანაში მკაცრ რეგულაციას ექვემდებარებოდა, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპაშიც. კვლევები გვაჩვენებს, რომ ამ სფეროს განვითარებას პოლიტიკურ დონეზე მემარჯვენე იდეოლოგიების გაძლიერებამ და რეგულაციების შემსუბუქებამ შეუწყო ხელი. ეს ხედვა უარყოფს აზარტული თამაშების თანმდევ საფრთხეებს, უპირისპირდება როგორც მისი აკრძალვის, ასევე რეგულირებისა და მკაცრი საგადასახადო პოლიტიკის იდეას. ზოგიერთი ავტორი მიიჩნევს, რომ საზოგადოებას დიდი დრო დასჭირდა იმ სოციალური საფრთხეების გააზრებისთვის, რაც ამ ბიზნესს ახლდა თან. მემარჯვენეებმა ამით ისარგებლეს და ხელსაყრელი გარემო შექმნეს აზარტული თამაშების ინდუსტრიის განვითარებისთვის.

რა არგუმენტები უპირისპირდება მემარჯვენე მიდგომას?

თანამედროვე  კვლევები აღიარებს, რომ ადამიანს სურვილის შემთხვევაში გართობის ამ ფორმაზე წვდომა უნდა ჰქონდეს. თუმცა, მეორე მხრივ, სათამაშო ბიზნესის ზრდიდან მომდინარე საფრთხეების დასაზღვევად, საჭიროა სახელმწიფოს პასუხისმგებლობის გაძლიერება, მისი სოციალური შედეგების შესწავლა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის მხარდაჭერა. ეს კი სახელმწიფოს მიერ სათამაშო ბიზნესის მკაცრ რეგულაციას, საფრთხეების გამოვლენასა და პრევენციას მოითხოვს.


სტატია მომზადებულია პროექტის, ,,საზოგადოების მედეგობის გაზრდა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ინფორმაციისა და ანალიზის ხელმისაწვდომობის გზით“ ფარგლებში, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) მიერ გაცემული ფონდებით და გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. მოსაზრებები, მიგნებები და დასკვნები, რომლებიც გადმოცემულია ტექსტში, ეკუთვნის მხოლოდ ავტორებს და  აუცილებლად არ ასახავს IWPR-ისა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობის შეხედულებებს.

მასალა მოამზადეს
თამარ გვასალია
თამარ გვასალია
ავტორი
ვახუშტი მენაბდე
ვახუშტი მენაბდე
რედაქტორი