პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
რას გულისხმობს და როგორ მუშაობს გარდამავალი მართლმსაჯულება?

წარსულის დავიწყება დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა ავტორიტარული რეჟიმების მსხვრევის და სახელმწიფოს ხელახალი შენების მშვიდობიან გზად. თუმცა სამართლიანობამ სახელმწიფოებს კოლექტიურ ტრავმებზე სრულფასოვანი რეაგირება მოსთხოვა. ამ იდეაზე დაყრდნობით განვითარდა გარდამავალი მართლმსაჯულება. სტატია მოკლედ ხსნის, რას ნიშნავს და როგორ მოქმედებს გარდამავალი მართლმსაჯულება

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოს მოსახლეობას მუდმივად კონფლიქტების, ინსტიტუციური რღვევის ან რეპრესიული პოლიტიკის პირობებში უწევს ცხოვრება. ამის გათვალისწინებით, ჩვენთან გამართლებული იქნებოდა გარდამავალი მართლმსაჯულების მექანიზმების გამოყენება. ის საზოგადოებას წარსულ უსამართლობაზე სამართლიანობის მიღწევის შესაძლებლობას მისცემდა. 

ჩვენი კომენტარი

საქართველოში დღემდე არცერთ ხელისუფლებას არ უცდია წარსულის ანალიზი და საერთო ტრავმებზე რეაგირება. ეს ყოველ ჯერზე ამძაფრებს დაპირისპირებას ხალხსა და სისტემას შორის, აძლიერებს უნდობლობას პოლიტიკური სისტემის მიმართ, ხელს უწყობს ნიჰილიზმს. საქართველომ უნდა დაიწყოს გარდამავალი მართლმსაჯულების ინსტრუმენტების გამოყენება, რაც ხელს შეუწყობს ადამიანის უფლებების მძიმე, წარსული დარღვევების აღიარებას, მათზე სამართლიან რეაგირებას და სახელმწიფოს ძალადობრივი პოლიტიკის პრევენციას

რას ნიშნავს გარდამავალი მართლმსაჯულება?

გარდამავალი მართლმსაჯულება ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემურ დარღვევებზე სამართლიანი პასუხია. ის საზოგადოებას ეხმარება აღიდგინოს მორალური და სოციალური ძალა. იგი პოსტ-კონფლიქტურ სისტემაში მშვიდობის, შერიგების, დემოკრატიის შენებას ცდილობს.

მისი მიზანია: სიმართლის დადგენა წარსულზე - რა და რატომ მოხდა; მსხვერპლის და მისი განცდების აღიარება; ბრალდებულ პირთა გამოვლენა და პასუხისმგებლობა; წარსული დარღვევების კომპენსირება და მომავალი რეპრესიის პრევენცია. 

როგორ და რა ინსტრუმენტებით მოქმედებს გარდამავალი მართლმსაჯულების იდეა?

არსებობს რამდენიმე გზა, მათ შორის:

სისხლისსამართლებრივი დევნა წარსულ დარღვევებში ბრალეულ პირთა პასუხისმგებლობის პირდაპირი, ყველაზე მკაცრი ფორმაა. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია სამართლიანობის აღდგენის მყარი პოლიტიკური ნება, რადგან ხშირად ბრალდებულები პასუხისმგებლობის არიდებას უშუალოდ ხელისუფლებაში დარჩენით ან ახალ პოლიტიკურ ელიტასთან შეკავშირებით ცდილობენ. 

სიმართლის დამდგენი კომისიები უფლებათა სისტემური დარღვევის შემთხვევებს სწავლობს. მათი მიზანი ფაქტების გამოვლენა და ობიექტური ანალიზია. ამ მექანიზმებს სადამსჯელო ფუნქცია არ აქვთ. ისინი მოკვლევის შედეგებს ითვალისწინებენ და მხოლოდ რეკომენდაციებს გასცემენ კონკრეტულ პირთა პასუხისმგებლობის შესახებ. კომისიები ცდილობენ ახსნან, რა და რატო მოხდა, როგორ შეიძლება მსგავსი ფაქტების სამომავლო პრევენცია. 

რეპარაცია მსხვერპლთა გამოვლენას, მიყენებული ზიანის შეფასებას, ასევე კომპენსირებას გულისხმობს. ის დაზარალებულთათვის ღირსეული ცხოვრების, ხოლო საზოგადოებისთვის, ნდობის და სოლიდარობის დაბრუნებას ცდილობს. მსხვერპლის ტრავმული გამოცდილების ანაზღაურება შეუძლებელია. შესაბამისად, რეპარაციის მიზანი მსხვერპლის ემოციური და ფიზიკური ტრავმის აღიარება უფროა (მაგ., რესტიტუცია, რეაბილიტიაცია), ვიდრე მისი „გამოსყიდვის“ მცდელობა (თუმცა, როგორც ერთ-ერთი გზა, არც ზიანის ფულადი ანაზღაურება გამოირიცხება)

ინსტიტუციური რეფორმები - ავტორიტარულ რეჟიმებში  ხშირია ადამიანის უფლებათა სისტემური დარღვევსახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან. რეპრესიული რეჟიმების დასრულების შემდეგ საჭიროა სახელმწიფო ორგანოების არსებული ფორმის, მათი საქმიანობის, დაკოპლექტების წესის არსებით ცვლილება. ეს ძირეული ინსტიტუციური რეფორმებით მიიღწევა. 

მასალა მომზადდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისისამხრეთ კავკასიის რეგიონის დაფინანსებით, პროექტის ფარგლებშიინკლუზიური და კონსენსუალური პოლიტიკური გარემოს მხარდაჭერა საქართველოში“. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის "კომენტარს" და შესაძლებელია არ გამოხატავდეს ფონდის შეხედულებებს.

მასალა მოამზადეს
თამარ გვასალია
თამარ გვასალია
ავტორი
ვახუშტი მენაბდე
ვახუშტი მენაბდე
რედაქტორი