ბოლო წლებია სასკოლო კვების საკითხი განათლების სფეროში ალბათ ყველაზე ხშირად განხილული საკითხია. მცირე გამონაკლისების გარდა, ფაქტობრივად არ არსებობს ჯგუფი, ვინც სკოლაში კვების დანერგვას არ ითხოვს და არ ეთანხმება. მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ, სახელმწიფოს მხრიდან ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა და სკოლაში შიმშილის პრობლემა კვლავ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.
რატომ უნდა მაინტერესებდეს
„ერთია, როდესაც მოსწავლე სკოლის დროს არის მშიერი და მეორე, როდესაც ბავშვი სახლშიც ვერ იღებს ნორმალურად საკვებს. სამწუხაროდ, ასეთი მოსწავლეები ჩვენთან მრავლად არიან“ − სკოლის ექიმი
საქართველოში 635,000-მდე მოსწავლეა. მათგან დაახლოებით 567,000 საჯარო სკოლებში სწავლობს. მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო შეფასებებში საგანგაშოა, როგორც ზუსტი და საბუნებისმეტყველო, ისე წიგნიერების მიმართულებით. მაგალითად, მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის (PISA) 2022 წლის ანგარიშის მიხედვით, 6 საფეხურიდან მათემატიკაში, კითხვასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში პირველ საფეხურს ვერ ძლევს ჩვენი მოსწავლეების 65%-ზე მეტი, რაც მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება კვლევაში მონაწილე სხვა ქვეყნების მაჩვენებლებს.
კვლევები ასევე აჩვენებს, რომ მნიშვნელოვანი განსხვავებებია სხვადასხვა ჯგუფს შორის, რაც სოციო-ეკონომიკური ფაქტორებით არის გამოწვეული. მარტივად რომ ვთქვათ, ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ პირობებში, ოჯახების დიდი ნაწილი ვერ ახერხებს სასკოლო დანაკარგების აღმოფხვრას, რაც ჯგუფებს შორის უთანასწორობას იწვევს.
ამ კონტექსტში, სასკოლო კვება მნიშვნელოვანი ინტერვენციაა სოციალური, მოსწავლეთა ჯანმრთელობის მდგომარეობისა და აკადემიური მოსწრების გაუმჯობესების კუთხით. ამავდროულად, სწორი მიდგომების პირობებში, მას შეუძლია დიდი წვლილი შეიტანოს ადგილობრივი წარმოებისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მხრივაც.
როგორია სახელმწიფოს პოზიცია
სასკოლო კვების საკითხზე თითქმის ხუთი წელია რაც საზოგადოებაში აქტიური მსჯელობა მიმდინარეობს. მიუხედავად ამისა, სახელმწიფოს მხრიდან რაიმე ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა. ქრონოლოგიურად რომ მივყვეთ, პირველად სახელმწიფოს მხრიდან ამ საკითხზე განცხადება ეკატერინე ტიკარაძემ გააკეთა, მას შემდეგ რაც საზოგადოებრივი ჯგუფები გააქტიურდნენ და ნიკა მელიამ თბილისის მერობის არჩევნებში საჯარო სკოლებში უფასო კვების დაპირება გააჟღერა. ჯანდაცვის მაშინდელი მინისტრის თქმით, ამ საკითხზე სახელმწიფო იმ დროისთვის უკვე ორი წელი მუშაობდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს ეკატერინე ტიკარაძემ 2021 წელს თქვა, გამოდის, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში 2019 წლიდან იდგა. ამაზე საუბრობს მაშინდელი პრემიერ-მინისტრიც და პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარიაც.
საზოგადოებრივი მოთხოვნის საპასუხოდ, განათლების სამინისტროს მხრიდან ამაზე ერთ-ერთი პირველი განცხადება 2020 წელს, მაშინდელი მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის მხრიდან გაკეთდა. პერიოდულად ანალოგიური შინაარსის განცხადებები კეთდებოდა − რომ სამინისტრო „მუშაობს,“ მაგ. სხვადასხვა მოდელებზე, დაფინანსებაზე, კონცეფციაზე და მალე წარმოადგენენ მეტ დეტალს.
2023 წელს მიხეილ ჩხენკელი გიორგი ამილახვარმა შეცვალა, რომელმაც სასკოლო კვების მხრივ იგივე „პოლიტიკა“ გააგრძელა. უფრო კონკრეტულად, თავდაპირველად მისი მხრიდან კეთდებოდა განცხადებები, რომ პირველ ეტაპზე ინფრასტრუქტურის პრობლემა იყო მოსაგვარებელი, ხოლო ფინანსური ნაწილი პრობლემას არ წარმოადგენდა.
სულ ბოლოს, 2023 წლის 6 ივნისს, პარლამენტის წინაშე გამოსვლისას, მინისტრმა ისაუბრა, რომ „უახლოეს პერიოდში, დაახლოებით ერთი-ორი თვის ფარგლებში, უკვე შევძლებთ, ვთქვათ კონკრეტული მოდელები, ვადები, რომელ სკოლაში, რომელ რეგიონში როგორ დავიწყებთ სასკოლო კვების პროგრამას.“
შეჯამებისათვის, როგორც დავიწყეთ, ისევე გავაგრძელებთ − 5 წლის შემდეგ, სახელმწიფოს მხრიდან კვლავ არანაირი ნაბიჯი არ გადაუდგამს და სასკოლო კვების დანერგვის საკითხი კვლავ ნაკლებ პერსპექტიულად მოჩანს. ცხადია, ეს თემა შესაძლოა წინასაარჩევნოდ პოპულისტურად გამოიყენონ, მაგრამ ქმედების მხრივ, სახელმწიფო ისევ იქ არის, სადაც 2019 წელს იყო.
ჩვენი კომენტარი
სასკოლო კვება ყველაზე დიდი სოციალური დაცვის მექანიზმია, რომლითაც, 2022 წლის მონაცემებით, 418 მილიონი ბავშვი სარგებლობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. პროგრამა, სხვადასხვა ფორმით, თითქმის ყველა ქვეყანაში არსებობს, ბავშვების საჭიროებების და გამოწვევების გათვალისწინებით.
საქართველოში საარსებო შემწეობას 16 წლამდე 236 ათასი ბავშვი იღებს. მოსწავლეთა უმრავლესობის აკადემიური მოსწრება საკმაოდ დაბალია, მათ შორის უთანასწორობა კი − მაღალი. გაეროს ბავშვთა ფონდის 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, სასკოლო საათების დროს მოსწავლეთა მხოლოდ 27% იკვებება ყოველდღიურად, ხოლო არასდროს არ იკვებება − 35%. მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონე ბავშვებში შიმშილის შემთხვევები მნიშვნელოვნად უფრო ხშირი, 45%-ია. ამავდროულად, კვება ოჯახებისათვის დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული. ეს ყველაფერი ნეგატიურ გარემოს ქმნის სოციალიზაციის კუთხით და ხელს უშლის მასწავლებლებს სწავლებისას:
„ჩემს შვილს რამდენჯერმე გავატანე ლანჩ-ბოქსი სახლიდან, მაგრამ ხელუხლებელი მოიტანა უკან. სხვებს რომ არ აქვთ საჭმელი, მერიდება ჭამაო“ − მშობელი.
„შესვენებაზე რომ გამოვდივარ, გული მიკვდება, რამდენიმე ბავშვი ჭამს ლობიანს და დანარჩენები მშივრები უყურებენ. საშინელი სანახავია“ − მასწავლებელი.
საბოლოოდ,
აუცილებელია დროულად და ეფექტიანად დაიწყოს სკოლებში კვება. უფრო კონკრეტულად:
- აუცილებელია სასკოლო კვება იყოს უფასო, უნივერსალური და მოიცავდეს საჯარო სკოლის ყველა მოსწავლეს;
- პროგრამის მასშტაბიდან გამომდინარე, მისი ერთიანად დანერგვა პრაქტიკულად წარმოუდგენელი იქნება. შესაბამისად, შესაძლოა მისი ეტაპობრივად დანერგვა, მაგ. დაწყებითი საფეხურის პირველი 4 კლასი, შემდგომ − დაწყებითი საფეხური სრულად (6 კლასი), შემდგომ - საბაზო (7-9) და ა.შ.;
- სრულმასშტაბიან დანერგვამდე, გონივრული იქნება პროგრამის პილოტირება სხვადასხვა ტიპის სკოლებში, ხოლო შედეგების შესწავლის შემდგომ − მისი საყოველთაოდ გავრცელება;
- პროგრამის მოცულობიდან და საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მისი დანერგვა პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება ინტერსექტორული მუშაობისა და მაღალი საზოგადოებრივი მონაწილეობის გარეშე. მნიშვნელოვანია როგორც განათლების სპეციალისტების, ასევე თავად მასწავლებლების, მშობლების, ნუტრიციოლოგების, სათემო ორგანიზაციების და სხვა დაინტერესებული ჯგუფების პროცესებში ჩართულობა;
- პირველ ეტაპზე შესაძლებელია პროგრამის ცენტრალიზებულად შემუშავება და განხორციელება, ხოლო შემდგომ − მისი დელეგირება მუნიციპალიტეტებისათვის. ამ მხრივ, შესაძლოა ლოკალურ კონტექსტზე მორგებული გაცილებით მრავალფეროვანი პროგრამების მიღება.
- გათვალისწინებული უნდა იყოს სკოლებს შორის განსხვავებები, რაც გამორიცხავს უნიფიცირებულ მიდგომას. შესაბამისად, საჭირო იქნება სხვადასხვა მოდელების გამოყენება. მაგ., ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა საკვები სკოლაში დამზადდეს, ზოგან − მიიტანონ; ზოგან, განსაკუთრებით ცენტრისაგან დაშორებულ და რთულად მისადგომ, მცირეკონტინგენტიან სკოლებში შესაძლოა კონკრეტულმა ოჯახმა ან/და კვების ობიექტმა უზრუნველყოს;
- საერთაშორისო კვლევების მიხედვით, სასკოლო კვებაში ინვესტირებული $1 თითქმის ათმაგ უკუგებას იძლევა. ამისათვის მნიშვნელოვანია პროგრამის ადგილობრივ კონტექსტთან, სოფლის მეურნეობის განვითარებასთან დაკავშირება. ამ შემთხვევაში, ის ხელს შეუწყობს ადგილობრივ წარმოებას, თემის განვითარებას და დასაქმების ზრდას.
წინასაარჩევნო კონტექსტის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია პარტიებმა კონკრეტული გეგმები წარმოადგინონ იმის შესახებ, თუ როგორ დანერგავენ კვების პროგრამას. ასევე, წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, თუ ამ საკითხის ზეპარტიულობაზეც შეთანხმდებიან.
ავტორი: გიორგი ჭანტურია