პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
როგორ გავეცნოთ სასამართლოს გადაწყვეტილებებს?

სასამართლო გადაწყვეტილებებზე მოქალაქეების წვდომის მიზანი საზოგადოებრივი ზედამხედველობის გაზრდაა. ეს მექანიზმი ხელს უშლის, დახურულ კარს მიღმა, მიკერძოებული გადაწყვეტილებების მიღებას. წინამდებარე სტატია მიმოიხილავს მოქალაქის შესაძლებლობას მოიპოვოს და გაეცნოს სასამართლო გადაწყვეტილებებს. 

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

ზოგიერთი სასამართლო გადაწყვეტილების მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი განსაკუთრებით მაღალია. თუმცა მოქალაქე მათზე სრულფასოვან წვდომას ორი მიზეზის გამო ვერ ახერხებს:  

  • სასამართლოები გადაწყვეტილებებს რეგულარულად არ აქვეყნებენ; 
  • მოთხოვნის შემთხვევაში კი, პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით, როგორც წესი, სასამართლოები გადაწყვეტილების გაცემაზე უარს ამბობენ. 

ჩვენი კომენტარი 

სასამართლოები გადაწყვეტილებების გამოქვეყნების ვალდებულებას არ ასრულებენ, რაც ხელს უშლის საზოგადოებრივი ზედამხედველობის განხორციელებას მათ საქმიანობაზე. პარლამენტის მომზადებული კანონპროექტი ამ საკითხს მოუგვარებელს ტოვებს. ამავე დროს, პროექტს შემოაქვს პრობლემური პროცედურები და ვადები, რაც დამატებით გაურთულებს მოქალაქეს სასამართლო აქტებზე წვდომას. 

 

რა უნდა ვიცოდეთ

    • კანონით, სასამართლოები ვალდებულნი არიან რეგულარულად თავად გამოაქვეყნონ გადაწყვეტილებები, თუმცა ამას არ აკეთებენ;
    • სასამართლოებს, მოქალაქეთა მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში კი, გადაწყვეტილებების გაცემის არაერთგვაროვანი პრაქტიკა აქვთ;
    • ძირითადად, სასამართლო უარს ამბობს გადაწყვეტილების სრული ტექსტის გაცემაზე
  • 2019 წელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია ღია სასამართლო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების სრული ტექსტის, დაინტერესებული მხარისთვის გადაცემის აკრძალვა
  • შესაბამისად, ამ შინაარსის ნორმები 2020 წლის 1 მაისიდან ძალადაკარგულია. ახალი წესი კი პარლამენტს ამ დრომდე არ მიუღია;

რაზე იმსჯელა საკონსტიტუციო სასამართლომ?

საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელა ნორმებზე, რომლებიც გამორიცხავდა ღია სასამართლო სხდომაზე მიღებული აქტების სრული ტექსტის გაცემას საჯარო ინფორმაციის სახით. სრული ტექსტი გულისხმობს დოკუმენტს, რომელშიც პერსონალური მონაცემები დაფარული არ არის. სასამართლოს მსჯელობით, საჭიროა

  • შემუშავდეს მექანიზმი, რომელიც დაადგენს პირის ნებას მის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნების თაობაზე;
  • ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს მოსამართლემ უფლებებს შორის გონივრული ბალანსის დაცვით.

საქართველოს პარლამენტმა, საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის გადაწყვეტილების პასუხად, საქართველოს პარლამენტმა ახლახანს მოამზადა კანონპროექტი, რომელიც სასამართლოდან გადაწყვეტილების გამოთხოვის ახალ წესს დაადგენს.

რას გვთავაზობს კანონპროექტი?

კანონპროექტი ფორმალურად ეხმიანება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და ადგენს, რომ პერსონალური მონაცემების დაფარვის შესახებ შესაბამისი პირის მიერ ნების გამოხატვის შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილებას მოსამართლე მიიღებს. თუმცა, შინაარსობრივად, პროექტი მთელ რიგ ბუნდოვანებას და ახალ პრობლემას წარმოშობს

კერძოდ

  • კანონპროექტი პრაქტიკულად კრძალავს ძველი გადაწყვეტილებების (იგულისხმება 2023 წლის 1 მაისამდე მიღებული) გაცემას 2025 წლის 1 მაისამდე;
  • ახალ გადაწყვეტილებებში კი (იგულისხმება 2023 წლის 1 მაისის შემდეგ მიღებული) პერსონალური მონაცემების დაფარვის შესახებ მოსამართლის გადაწყვეტილება ძალაში მიღებიდან მხოლოდ 1 წელში შევა.
  • კანონპროექტით უარესდება საჯარო ინფორმაციის გაცემის ვადა. თუკი დღეს ინფორმაციის გაცემა საჯარო დაწესებულებას დაუყოვნებლივ ევალება, სასამართლოს გადაწყვეტილების გაცემისთვის 10 დღიანი ვადა ექნება.  

რაც მთავარია, ღიად რჩება მთავარი პრობლემა - სასამართლოების მიერ გადაწყვეტილებების გამოუქვეყნებლობა და კანონის მოთხოვნების დარღვევა. კანონპროექტი ამ საკითხზე არაფერს ამბობს.  

 

სტატია მომზადდა ,,კომენტარის“ მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებითსტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ,,კომენტარი“ და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებებს

 

მასალა მოამზადეს
ნინა ჩიხლაძე
ნინა ჩიხლაძე
ავტორი
სოფო ვერძეული
სოფო ვერძეული
რედაქტორი