არსებობს მითი, რომ ძლიერი საბაზრო ეკონომიკა ისეთ საზოგადოებრივ პირობებს ქმნის, რომლებშიც სოციალური უფლებები თვითაღსრულებადია, სახელმწიფოს კი ამაზე პასუხისმგებლობის აღება არ უნდა უწევდეს. ეს ხედვა ხელს უშლის ეროვნულ კანონმდებლობებში სოციალური უფლებების განმტკიცებასა და მათი სასამართლოს გზით აღსრულებას. თუმცა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სისტემა აღიარებს სასამართლოს როლს სოციალური უფლებების დაცვაში და ადგენს სტანდარტებს, რომლითაც მან სოციალური საკითხების განხილვისას უნდა იხელმძღვანელოს.
რა არის ეს სტანდარტები და როგორ უნდა ავამოქმედოთ ისინი?
რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?
საქართველოში, მზარდი მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო, სახელმწიფოსგან შემწეობის მიღება ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს უწევს. თუმცა მსურველი კიდევ უფრო მეტია და თითოეულს უამრავ დაბრკოლებასთან უწევს გამკლავება. თუ ადამიანი საარსებო შემწეობაზე უარს მიიღებს, მისი გასაჩივრება სასამართლოში შეუძლია. სხვა საკითხია, რამდენად სამართლიანად ხდება საჩივრის განხილვა და გადაწყვეტილებების მიღება. შესაბამისად, უნდა ვიცოდეთ, რომელი სტანდარტების გამოყენება შეუძლია სასამართლოს საქმის განხილვისას.
ჩვენი კომენტარი
საარსებო შემწეობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას სასამართლოებმა უფრო თამამი და პროგრესული მიდგომები უნდა შექმნან. ამის საფუძველს მათ სოციალური სახელმწიფოს შესახებ კონსტიტუციური ჩანაწერი და საერთაშორისო სტანდარტები აძლევს.
რა უნდა ვიცოდეთ?
როდესაც სახელმწიფო უგულებელყოფს სოციალურ უფლებებს, მისი პასუხი ყოველთვის მარტივია: „არ გვაქვს რესურსები“. თუმცა იმისათვის, რომ სახელმწიფომ თავიდან არ აირიდოს სოციალური უფლებების დაცვა და ბოროტად არ გამოიყენოს რესურსების სიმწირის არგუმენტი, საერთაშორისო დონეზე რამდენიმე პრინციპი ჩამოყალიბდა. სასამართლოებში საქმის განხილვის დროს ამ პრინციპების გათვალისწინება მნიშვნელოვანია:
- პროგრესული რეალიზების პრინციპით სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, გააკეთოს მაქსიმუმი, შესაძლებლობის ფარგლებში, რათა სათანადოდ დაიცვას სოციალური უფლებები და აიღოს გონივრული ვადა ამ უფლებების სრულყოფილი, ჯეროვანი აღსრულებისთვის;
- საბაზისო მინიმუმის პრინციპი სახელმწიფოს ავალდებულებს, უზრუნველყოს სოციალური უფლებების მინიმალურ დონეზე დაცვა. სახელმწიფო ვერ გაამართლებს საკვებზე, პირველადი, გადაუდებელი ჯანდაცვის და მსგავს სერვისებზე წვდომის შეზღუდვას საკმარისი რესურსის უქონლობით. საბაზისო მინიმუმის პრინციპი ავალდებულებს სახელმწიფოს, გაზარდოს ამ მიმართულებით დახარჯული რესურსები და არ დაუშვას არსებული მდგომარეობის გაუარესება.
როგორ უნდა შეამოწმოს სასამართლომ ამ პრინციპების დაცვა?
რა თქმა უნდა, სასამართლოს არ აქვს პირდაპირი მანდატი, შეცვალოს სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკა. თუმცა მას შეუძლია, შეაფასოს, შეესაბამება თუ არა სახელმწიფო პოლიტიკა კონსტიტუციასა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო აქტებს. ამ მიზნით სასამართლოებისთვის საერთაშორისო დონეზე შეფასების სამი ძირითადი კრიტერიუმი ჩამოყალიბდა: გონივრულობის, შესაბამისობის და ადეკვატურობის ტესტი. სასამართლოს შეუძლია, ამ ტესტის გამოყენებით შეაფასოს სახელმწიფოს ვალდებულებების შესრულება პროგრესული რეალიზებისა და საბაზისო მინიმუმის პრინციპების ფარგლებში და, საჭიროების შემთხვევაში, მოსთხოვოს სახელმწიფოს სათანადო მოქმედება.
საერთო სასამართლოებისთვის მნიშვნელოვანი გზამკვლევია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაც. თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს მიდგომა სოციალური დახმარების უფლებასთან მიმართებით მოკრძალებულია. მიუხედავად ამისა, მის პრაქტიკაში ვხვდებით საიმედო მსჯელობებსაც სოციალურ დახმარებასთან დაკავშირებით დისკრიმინაციის აკრძალვის, არსებითი თანასწორობის პრინციპის შესახებ. სასამართლო ამ საკითხს ბოლო პერიოდში ღირსების უფლების ფარგლებშიც განიხილავს. თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ, სოციალური სახელმწიფოს იდეაზე დაფუძნებით, უფრო თამამი და პროგრესული სტანდარტები უნდა შექმნას. ეს დაეხმარება საერთო სასამართლოებსაც, გააუმჯობესონ საარსებო შემწეობასთან დაკავშირებული საქმეების განხილვის პრაქტიკა.
მომდევნო სტატიებში იმაზეც ვისაუბრებთ, როგორ განიხილება საარსებო შემწეობასთან დაკავშირებული სასამართლო დავები.
სტატია მომზადდა ,,კომენტარის“ მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ,,კომენტარი“ და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებებს