პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
როგორი მართლმსაჯულებისთვის ღირს ბრძოლა?
აპრილი 3, 2023

მართლმსაჯულების განხორციელების პროცესი საზოგადოებრივი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. სასამართლო, რომელიც ღირებულებების შექმნის პროცესშია ჩართული, საზოგადოებასთან მუდმივი ანგარიშვალდებულების რეჟიმში იმყოფება, საკუთარ თავს ხალხის საჭიროებებზე ორიენტირებულ და მგრძნობიარე ინსტიტუტად განიხილავს. ზუსტად რას ნიშნავს სოციალურად მგრძნობიარე სასამართლო და როგორ უნდა მივაღწიოთ ასეთი მართლმსაჯულების შექმნას? სტატიის მიზანია, წარმოადგინოს საბაზისო პრინციპები, ისეთი მართლმსაჯულებისა, რომელიც საზოგადოების საჭიროებებსა და მოლოდინებს უპასუხებს.   

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

მართლმსაჯულების სისტემაზე მუშაობა მუდმივად არის პოლიტიკური დღის წესრიგის ცენტრალური საკითხი, რასაც ადასტურებს გასული 30 წლის მძიმე გამოცდილება. ჩვენ ვხედავთ, რომ სამართლიანი და დამოუკიდებელი ინსტიტუტების გარეშე სოციალური და პოლიტიკური მშვიდობის მიღწევა რთულია. მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა ევროკავშირის 12-პუნქტიანი გეგმის ნაწილია და მის შესრულებაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საქართველოს ევროპული პერსპექტივა.

ჩვენი კომენტარი

სოციალურად მგრძნობიარე მართლმსაჯულება ორ განზომილებას გულისხმობს: პრობლემების სისტემური აღმოფხვრისა და სოციალური სამართლიანობისკენ სწრაფვის გააზრებულ პროცესს და უნივერსალურად ხელმისაწვდომ სისტემას ყველასთვის, რომელიც პასუხობს ქალების, ბავშვების, შშმ პირების, სპეციფიკური გამოწვევების მქონე ჯგუფების საჭიროებებს.

რა აფერხებს სოციალურად მგძრნობიარე სასამართლოს შექმნას საქართველოში?

მართლმსაჯულების ფუნდამენტი მისი ხელმისაწვდომობაა. საქართველოში ჩატარებული კვლევებით იკვეთება ხელმისაწვდომობის კუთხით არსებული ძირითადი პრობლემები. ადამიანები, რომლებსაც ბოლო წლებში მართლმსაჯულების სისტემასთან ჰქონიათ შეხება, მიუთითებენ, რომ:

  • საქმის განხილვის ვადები და პროცესის განმავლობაში გასაწევი ხარჯები ყველაზე მეტად უშლის ხელს სასამართლოსადმი მიმართვიანობას; 
  • მნიშვნელოვან ფაქტორებად რჩება სასამართლოსადმი უნდობლობა, შურისძიების საფრთხე და სასამართლოსთვის წარსადგენი დოკუმენტების მომზადება. 

ჩამოთვლილი ფაქტორები ასახავს ეკონომიკურ, სოციალურ და ინსტიტუციურ ბარიერებს, რომელთა გადალახვაც აუცილებელია მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობისათვის. 

გარდა მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობისა, აუცილებელია, რომ პროცესი იყოს სამართლიანი და დამოუკიდებელი ყოველგვარი გავლენებისგან. ქართული მართლმსაჯულების ,,ელიტიზმი“ ნათლად მჟღავნდება სასამართლოს შიდა და გარე ავტონომიის კრიზისში. 

  • შიდა ფაქტორები მიემართება ინდივიდუალური მოსამართლეების დამოუკიდებლობას მართლმსაჯულების სისტემაში არსებული კორპორატიული გავლენებისგან;
  • გარე ფაქტორები მიემართება სასამართლოზე პოლიტიკური კლასის გავლენებს.

საქართველოში მართლმსაჯულების სისტემა მუდმივად წარმოადგენდა საყრდენს პოლიტიკური ელიტისთვის. სხვადასხვა ხელისუფლების პირობებში მისი ბუნება იცვლებოდა, აბსოლუტური დაქვემდებარების მდგომარეობიდან პოლიტიკურ და სასამართლო ელიტებს შორის თანამშრომლობით ურთიერთობებამდე

ნათელია, რომ პოლიტიკურ ჯგუფებს არ აქვთ ამ პრობლემების აღიარების სურვილი. მაგალითად, სასამართლო სისტემაში არსებული კლანური მმართველობის შესახებ პარლამენტისთვის წარდგენილი დადგენილების პროექტი ჩავარდა, არადა, შეიძლებოდა, იგი მართლმსაჯულების სისტემაში მნიშვნელოვანი ცვლილებების წინაპირობა გამხდარიყო. 

როგორი აისახება ეს საზოგადოების განწყობაზე?

მართლმსაჯულება განყენებული ფენომენი არ არის, რაც გამოიხატება მის თვისებაში, იყოს პროგნოზირებადი. ეს თვისება ორგვარი ბუნებისაა. ის ან უსამართლობისა და მიკერძოებულობის განცდიდან მომდინარეობს, ან პირიქით. ქართული საზოგადოებაში ეს განწყობები ცხადად ჩანს გახმაურებულ, საზოგადოებისთვის საინტერესო საქმეებთან დაკავშირებით. ასევე ისეთ დროს, როცა ძალაუფლებრივი დისბალანსი მხარეებს შორის აშკარაა. მოსალოდნელი გადაწყვეტილების განცდა საზოგადოებაში ნასაზრდოებია იმის გააზრებით, თუ როგორი შედეგია მეტად სავარაუდო პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური თუ კულტურული ფაქტორების გათვალისწინებით. 

პროგნოზირებადობის ასეთი განცდა მუდმივად აისახება საზოგადოებრივ კვლევებში, რომლებიც სასამართლოსგან საზოგადოების გაუცხოებასა და მის მიმართ უნდობლობას აჩვენებს. მაგალითად, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) 2020 წლის მონაცემებით, მოსახლეობის ნახევარზე მეტის აზრით, სასამართლო არა არის თავისუფალი პოლიტიკური გავლენებისგან. მსგავს ტენდენციას აჩვენებს 2022 წლის IRI-ის კვლევაც, რომლის მიხედვითაც, სასამართლოს მიმართ დადებითად მხოლოდ 38%, უარყოფითად კი 48%-ია განწყობილი.

რა არის გასაკეთებელი?

საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის გაჯანსაღებაზე მუშაობა წლების განმავლობაში მიმდინარეობდა ე.წ. ინსტიტუციური დიზაინის პერსპექტივიდან. ეს მიდგომა არ არის საკმარისი ძირეული პრობლემების მოსაგვარებლად, რაც რეფორმების არაერთმა ეტაპმა აჩვენა. ფრაგმენტულ ცვლილებებს არ შესწევს უნარი, დაუპირისპირდეს ძალაუფლების ღერძებს და სისტემის მართვის მანკიერ ლოგიკას

ამდენად, საჭიროა, შევცვალოთ სასამართლოზე მუშაობის პერსპექტივა. ახალი მიდგომა უნდა ეფუძნებოდეს:

  1. სისტემური ჩავარდნების და მათი მიზეზების აღიარებას;
  2. პოლიტიკური, კლანური და სხვა გავლენების შეფასებას;
  3. ხალხისთვის რეალურად ხელმისაწვდომი და სოციალურად მგრძნობიარე სისტემის შენების იდეას;

რა არის ამისათვის საჭირო?

მართლმსაჯულების გათავისუფლება პოლიტიკური და კლანური გავლენებისგან სამართლიანი მართლმსაჯულების შექმნის საფუძველია. ეს კი მხოლოდ ისეთი სისტემური ცვლილებით მიიღწევა, რომელიც უმრავლესობის ერთპიროვნულ გავლენას საფუძველს გამოაცლის. ამისათვის საჭიროა სასამართლოსა და პოლიტიკურ სისტემაში კონსენსუსზე ორიენტირებული მექანიზმების დანერგვა.

დამატებით, სასამართლოს მიმართ საზოგადოების გაუცხოების აღმოფხვრისა და სოციალურად მგრძნობიარე მართლმსაჯულების შესაქმნელად საჭიროა:

  • ხალხზე ორიენტირებული მართლმსაჯულების კონცეფციის პოლიტიკურ დღის წესრიგში დაყენება. ამ პრინციპის პრაქტიკაში რეალიზება გულისხმობს მართლმსაჯულების დროულობასა და პროაქტიულობას, ხალხის სამართლებრივი საჭიროებების სრულფასოვან გათვალისწინებას, ინკლუზიური სერვისების სისტემის შექმნას, რათა აღმოიფხვრას სისტემური პრობლემები;
  • საზოგადოების ფართო ჯგუფებისთვის ხარისხიანი სამართლებრივი დახმარების უზრუნველსაყოფად, სახელმწიფოს იურიდიული დახმარების სამსახურის ინსტიტუციური და ადამიანური რესურსით გაძლიერება;
  • მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის ფინანსური, სოციალური, კულტურული თუ ფიზიკური ბარიერების აღმოფხვრა, რაც მოსახლეობის პერსპექტივიდან სამართლებრივი საჭიროებების კვლევასა და ანალიზს მოითხოვს.  

მხოლოდ ფუნდამენტური ცვლილებები შეიძლება გახდეს იმის წინაპირობა, რომ მართლმსაჯულებასა და საზოგადოებას შორის არსებული გაუცხოება დაიძლიოს. საზოგადოებას უნდა გაუჩნდეს მოლოდინი, რომ სასამართლო სამართლიანობისა და თანასწორობის ღირებულებების შემქმნელია.

 

სტატია მომზადდა ,,კომენტარის“ მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებითსტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ,,კომენტარი“ და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებებს

მასალა მოამზადეს
თორნიკე გერლიანი
თორნიკე გერლიანი
ავტორი
სოფო ვერძეული
სოფო ვერძეული
რედაქტორი