„პირველად ხდება ისე, რომ სოციალურ დახმარებას იღებს იმაზე მეტი ადამიანი, ვიდრე არის სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრებ ადამიანთა რაოდენობა, ანუ ღარიბებზე მეტი იღებს სოციალურ დახმარებას..“ – ირაკლი კობახიძემ ეს განცხადება 26 ნოემბერს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
შემთხვევითი არ არის, რომ ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეში, 1 დეკემბერს, ცნობილი გახდა საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის გაუქმების გადაწყვეტილება. ოფიციალურ მიზეზად დასახელდა „შრომის ბაზარზე სამუშაო ძალის დეფიციტი“, ხოლო პროგრამის ბენეფიციარებისთვის ალტერნატივად კერძო სექტორში დასაქმება განისაზღვრა.
სწორედ აქ იკვეთება მთავრობის რეალური ლოგიკა:
თუ „ღარიბებზე მეტი“ იღებს დახმარებას, მაშინ დახმარება ზედმეტია.
თუ ბაზარზე „მოთხოვნაა“, მაშინ უმუშევრობა ინდივიდის პრობლემაა.
თუ ადამიანი აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს ოდნავ სცდება, ის აღარ საჭიროებს სახელმწიფოს მხარდაჭერას.
რას ამბობს სტატისტიკა
2025 წლის ნოემბრის მონაცემებით საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა აჭარბებს 706 000 ადამიანს, საიდანაც 247 000-ზე მეტი ჩართულია საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში. საერთო ჯამში საარსებო შემწეობას საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 19% იღებს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი 2024 წელს იყო 9.4%.
ცხადია - 19% აღემატება 9%-ს. ზედაპირულად ამ მონაცემების შედარება მართლაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ სოციალური დახმარება „ზედმეტად ბევრ“ ადამიანს აქვს. თუმცა აუცილებელია დავსვათ მთავარი კითხვა: რას ნიშნავს სიღარიბე სახელმწიფოსთვის და ნიშნავს თუ არა აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს ზემოთ ყოფნა იმას, რომ ადამიანი აღარ საჭიროებს მხარდაჭერას.
აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი უკიდურესი მინიმუმია და არ ასახავს ღირსეული ცხოვრებისთვის საკმარის პირობებს. ადამიანი შეიძლება სტატისტიკურად აღარ ითვლებოდეს აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს მიღმა, მაგრამ მაინც ცხოვრობდეს მუდმივ სიღარიბეში და სრულად იყოს დამოკიდებული სახელმწიფოს მინიმალურ ტრანსფერებზე.
მართლა მცირდება თუ არა სიღარიბე?
წინა ხელისუფლების პირობებში აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი 9 წლის განმავლობაში, 2004-2012 წლებში, 30-38%-ს შორის მერყეობდა. ყველაზე კარგი საილუსტრაციო მაგალითია 2007 წელი, როდესაც ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა 12.6% იყო, თუმცა იმავე წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის რეკორდულად მაღალი რაოდენობა - 39% - დაფიქსირდა, ბავშვებში სიღარიბე კი - 42%. ეს კარგად აჩვენებს, რომ ეკონომიკური ზრდა ავტომატურად არ იწვევს სიღარიბის თუ უთანასწორობის შემცირებას. ეს მონაცემები ნეოლიბერალურ მმართველობასაც კარგად წარმოაჩენს, რომელიც სრულად უგულებელყოფს სოციალური პოლიტიკის საჭიროებას.
რამ განაპირობა აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებლის შემცირება?
2012 წლის ბოლოს საქართველოს მოსახლეობის ერთი მესამედი აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფებოდა, 2024 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 9.4% გახდა, რაც ცხადია მნიშვნელოვანი შემცირებაა. მართალია, 2012 წელს მთავრობის ცვლილების შემდეგ სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის მაჩვენებელი მცირდება, თუმცა, ამავე დროს, ბოლო 12 წელიწადში მნიშვნელოვნად გაიზარდა სოციალურ დახმარებაზე დამოკიდებული ადამიანების რაოდენობაც. თუკი 2012 წელს საარსებო შემწეობას იღებდა 435 961 ადამიანი (მთლიანი მოსახლეობის 11.7%), 2025 წლის ბოლოს ეს რიცხვი 706 000-ს აჭარბებს (19%).
ეს ნიშნავს, რომ სიღარიბის შემცირება დიდწილად სოციალური ტრანსფერების შედეგია და არა სოციალური უსაფრთხოების სისტემის სტრუქტურული ცვლილების თუ სამუშაო ბაზრის გარდაქმნის.
დღეს სახელმწიფო უკიდურესად გაჭირვებულ ადამიანებს სთავაზობს მინიმალურ დახმარებას: 16 წლამდე ბავშვისთვის თვეში 200 ლარს, ზრდასრულისთვის კი მაქსიმუმ 60 ლარს. ეს თანხები ვერ უზრუნველყოფს სიღარიბის დაძლევას და ვერც ეკონომიკურ გაძლიერებას. სოციალური დახმარების არსებული პაკეტები არასაკმარისი და ფრაგმენტულია, რის შედეგადაც ადამიანები წლების განმავლობაში რჩებიან სიღარიბეში. ამას ემატება სიღარიბის შეფასების პრობლემური ალგორითმი, რომელიც ხშირად სისტემის მიღმა ტოვებს ღარიბ ოჯახებს, მათ შორის უსახლკაროებს, რომლებსაც სტატუსის მიღებაც კი უჭირთ.
ამ კონტექსტში ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ დახმარებას იღებს იმაზე მეტი ადამიანი, ვიდრე „ღარიბია“, წარმოადგენს ნეოლიბერალური მიდგომის გაგრძელებას. ეს მიდგომა სიღარიბეს აღიქვამს როგორც სტატისტიკურ გადახრას და არა როგორც სტრუქტურულ სოციალურ პრობლემას. თუ ეს ლოგიკა პრაქტიკაში განხორციელდა, აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი კვლავ გაიზრდება, რადგან ადამიანები, რომლებმაც აბსოლუტური სიღარიბის ზღვარი სოციალური დახმარების ხარჯზე გადალახეს, დახმარების შემცირების ან გაუქმების შემთხვევაში უკან დაბრუნდებიან. ამის თქმის საფუძველს ის გვაძლევს, რომ ქვეყანას ამ დრომდე არ გააჩნია სიღარიბეში ჩავარდნისგან დამცავი პრევენციული მექანიზმები, იქნება ეს მინიმალური ხელფასი, უმუშევრობის დაზღვევა/შემწეობა თუ სხვა სოციალური უსაფრთხოების სისტემები.
უფრო დეტალურად იხილეთ: სოციალური დახმარების სისტემების გადახედვა ინკლუზიური კეთილდღეობისთვის
უფრო დეტალურად იხილეთ: მიზნობრივი სოციალური დახმარების სისტემა: ცენტრალური და მუნიციპალური სერვისების გამოწვევები
ღარიბაშვილის დასაქმების პროგრამა VS კობახიძის ღია ბაზარი
2022 წელს ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაიწყო საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავდა სოციალურად დაუცველების გააქტიურებას და დასაქმებას. 3 წლის თავზე შეგვიძლია შევაფასოთ ეს პროგრამა, როგორც არასისტემური და პრობლემური. ამ პროგრამის ჩაშვების საწყის ეტაპზევე ვწერდით, რომ არ შეიძლება ასეთი მნიშვნელოვანი პროგრამა პრემიერ-მინისტრის ნება-სურვილით იწყებოდეს და ის არ ემყარებოდეს გრძელვადიან, სისტემურ პოლიტიკას: „...პარალელურად, ქვეყანას არ აქვს ერთიანი, სისტემური სოციალური პოლიტიკა, რასაც ადასტურებს ერთიანი კოდიფიცირებული დოკუმენტის არარსებობაც. კვლავ შეჩერებულია „სოციალური კოდექსის“ მიღების საკითხი, მაშინ როდესაც ვხედავთ პრემიერ-მინისტრის ერთჯერად, არასისტემურ ინიციატივებს დასაქმების გასააქტიურებლად, რომელიც შეიძლება ნებისმიერ დროს შეიცვალოს ან შეწყდეს. გარდა ამისა, ფაქტობრივად არ გვაქვს ინფორმაცია, როგორ მუშაობს ეს პროგრამა, რადგან ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა შეზღუდულია...“
უფრო დეტალურად იხილეთ: 2022 წლის მუშაობის გასააქტიურებელი პოლიტიკა და სოციალურად დაუცველები
უფრო დეტალურად იხილეთ: როგორ ებრძვის სახელმწიფო უმუშევრობას? – პრობლემის აღიარებიდან მუშაობის გასააქტიურებელ პოლიტიკამდე
აღნიშნული პროგრამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტში წლების მიხედვით შემდეგი თანხა იყო გათვალისწინებული:
- 2022 წელს - 48 103 400 ლარი
- 2023 წელს - 107 265 000 ლარი
- 2024 წელს - 109 007 300 ლარი
- 2025 წელს - 112 805 000 ლარი
როგორც ახლა ხდება ცნობილი ეს პროგრამა 2026 წელს აღარ გაგრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ პროგრამა თავისთავად ხარვეზიანი იყო, უნდა დავსვათ კითხვა, რა ალტერნატივას სთავაზობს ამჟამად სახელმწიფო ამ ადამიანებს. პასუხი ფინანსთა სამინისტროს განმარტებაში უნდა ვეძიოთ, მათი განცხადებით ახლა კერძო სექტორში ჭარბი მოთხოვნაა და სახელმწიფო უნდა დაეხმაროს ადამიანებს დასაქმდნენ ღია ბაზარზე.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ანგარიშში ვკითხულობთ, რომ საზოგადოებრივი სამუშაოების პროგრამაში:
- 2024 წელს ამ სამუშაოებზე ჩართული იყო 31 192 პირი;
*სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაში მითითებულია, რომ 247 485 ადამიანია ჩართული საზოგადოებრივ სამუშაოებზე, თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ აქ მოიაზრება ამ პროგრამაში დასაქმებული პირების ოჯახის წევრებიც.
- ანგარიშის მიხედვით, 2020-2024 წლებში დასაქმების მოთხოვნით სააგენტოს მიმართა - 73 507-მა ადამიანმა, ხოლო ღია ბაზარზე დასაქმდა 32 804 ადამიანი (44%).
ათიათასობით (40 703) ადამიანი, რომლებმაც მიმართეს დასაქმების სააგენტოს ვერ დასაქმდნენ მაშინ, როდესაც სახელმწიფო ამტკიცებს, რომ ბაზარზე მოთხოვნაა და მუშახელი არ არის. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ პრობლემა ინდივიდებში კი არა, არსებული შრომის ბაზრის სტრუქტურაშია.
ღია შრომის ბაზარი, რომელზეც ხელისუფლება გამუდმებით საუბრობს, რეალურად ნიშნავს დაბალანაზღაურებად, დაუცველ და არასტაბილურ სამუშაოებს. სამუშაო ძალის „დეფიციტი“ არ არის ადამიანების ნაკლებობის შედეგი, ეს არის ღირსეული სამუშაოების დეფიციტი. კერძო სექტორი არ სთავაზობს მოქალაქეებს არც ცხოვრებისთვის საკმარის ხელფასს, არც შრომით უსაფრთხოებას, ხოლო სახელმწიფო ამ რეალობას პასუხისმგებლობის მოხსნით პასუხობს. სოციალური დახმარების შემცირება ან/და საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამის გაუქმება ამ პირობებში არ ქმნის სამუშაო ადგილებს - ის ადამიანებს უბრალოდ აიძულებს შევიდნენ ექსპლუატაციულ შრომით ურთიერთობებში. ეს არის პოლიტიკა, რომელიც ბაზარს აჯილდოებს და მოქალაქეს სჯის.
ზოგადად, ბოლო პერიოდში იგივე ლოგიკა იკვეთება განათლების „რეფორმის“ გაცხადებულ მიზნებშიც, ერთ-ერთი ამოცანა სტუდენტების შრომის ბაზარზე სწრაფად გაშვებაა. ხელისუფლება სისტემურად ცდილობს ჩამოაყალიბოს იაფი სამუშაო ძალის რესურსი, იქნება ეს უნივერსიტეტების ფუნქციის დაკნინება, თუ Eagle Hills-ის ტიპის მეგაპროექტები, სადაც საქართველოს მოქალაქეებს დაბალკვალიფიციურ მუშახელად მოიაზრებენ. ასეთი პოლიტიკა არ ქმნის განვითარებას. ის ამაგრებს ეკონომიკურ მოდელს, რომელიც ქვეყნის მოქალაქეებს არა როგორც უფლებების მქონე სუბიექტებს, არამედ როგორც ბაზრისთვის საჭირო რესურს, ისე განიხილავს.
სწორედ ამიტომ, როდესაც პრემიერი ამბობს, რომ „ღარიბებზე მეტი იღებს დახმარებას“, ის რეალურად სიღარიბეზე კი არა, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე ლაპარაკობს და ამ პასუხისმგებლობის მოხსნას ამართლებს. ამ ლოგიკის გაგრძელება ნიშნავს არა სიღარიბის დაძლევას, არამედ მის რეპროდუქციას: მხარდაჭერის შემცირებას, შრომითი ექსპლუატაციის ნორმალიზებას და საზოგადოების ყველაზე დაუცველი ჯგუფების ბაზრისთვის მსხვერპლად შეწირვას.

