პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
სად იცხოვრონ სტუდენტებმა?
ოქტომბერი 12, 2022

საცხოვრისის საკითხი გადაჯაჭვულია ისეთ სოციალურ-ეკონომიკურ ფაქტორებთან, როგორებიცაა: ადგილმდებარეობის ცვლილება, დასაქმების, განათლების ხელმისაწვდომობა და სხვა. ეს კი განსაკუთრებით აქტუალურია სტუდენტების შემთხვევაში, როდესაც ბევრი მათგანი იცვლის საცხოვრებელ ადგილს.

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში უნივერსიტეტები ნაწილობრივ უზრუნველყოფენ სტუდენტურ საცხოვრებლებს და ამგვარად ცდილობენ, გადაჭრან  სტუდენტებისთვის საცხოვრისის კრიზისი. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა არის საერთო საცხოვრებელი, რაში ეხმარება ის სტუდენტს და როგორია საუკეთესო გამოცდილება.

ჩვენი კომენტარი

ხელმისაწვდომი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის არსებობა განათლების მიღების მნიშვნელოვან გარანტიებს ქმნის. სახელმწიფო განათლების პოლიტიკის განხორციელებისას ამ საკითხებს უნდა ითვალისწინებდეს, ხოლო სახელმწიფო უნივერსიტეტები, რომელთა მიზანი არ არის ფინანსური მოგება, უნდა ეხმარებოდნენ სტუდენტებს და მათთვის უფრო ხელმისაწვდომს უნდა ხდიდნენ სწავლას.

რა არის პრობლემა?

სტუდენტური საცხოვრებლები უფრო მეტად სჭირდებათ იმ სტუდენტებს, რომლებიც ქალაქს/საცხოვრებელ პუნქტს იცვლიან.

  • ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა 2022 წლის შემდეგ, რადგან თითქმის ყველა ქვეყანაში ბინებზე ქირის ფასმა საგრძნობლად მოიმატა;
  • ამავე დროს, ძალიან ბევრ ქვეყანაში სტუდენტურ საცხოვრებლებში არ არის საკმარისი ადგილები.  

პარალელურად, პრივატიზაციის პირობებში, იკვეთება, რომ უმაღლესი სასწავლო დაწესებულების სტუდენტურ საცხოვრებლებს კერძო ინვესტორები აშენებენ. ეს კი დამატებით პრობლემებს ქმნის და ვერ აგვარებს საკითხს, რადგან: 

  • მაგალითად, ნიგერიაში კერძო ინვესტორის მიერ აშენებულ საერთო საცხოვრებელში (მიუხედავად სახელმწიფო უნივერსიტეტების მიერ გაწეული შეღავათებისა) ცხოვრება უფრო ძვირია, ვიდრე უნივერსიტეტის მფლობელობაში არსებულ შენობებში.
  • მაგალითად, აშშ-ში კერძო უნივერსიტეტების კამპუსებში ცხოვრება უფრო ძვირია, ვიდრე საჯარო უნივერსიტეტის სტუდენტურ საცხოვრებლებში. 

რა უნდა ვიცოდეთ?

  • ევროპაში სტუდენტური საცხოვრებლის პრობლემა მოგვარებულია ისეთ ქვეყნებში, სადაც მეტად არის განვითარებული სოციალური გარანტიები, მაგალითად, სკანდინავიის ქვეყნებში;
  • სხვებთან შედარებით უფრო მეტ სტუდენტს აქვს საერთო საცხოვრებელში ცხოვრების შესაძლებლობა ისეთ ქვეყნებში, სადაც საბინაო პოლიტიკის განხორციელების ისტორიული გამოცდილება არსებობდა. მაგალითად, ყოფილი სოციალისტური ბანაკის ქვეყნები.

რიცხვებში

  • ფინეთში სტუდენტების 20-35% ცხოვრობს სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებულ საცხოვრებელში. ამავე დროს, სტუდენტებს ფინეთში შეუძლიათ, სახელმწიფოსგან საცხოვრებლის 80%-მდე დაფინანსება მოითხოვონ;
  • რუმინეთში სტუდენტების საბინაო გადასახადის დაახლოებით 40% იფარება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბევრი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება კი 100%-მდე ფარავს სტუდენტების საცხოვრებლის ხარჯებს;
  • ევროპის 28 ქვეყნიდან დაახლოებით მესამედში (უკრაინა, სლოვაკეთი, ფინეთი, რუსეთი, ნიდერლანდები, ლატვია, შვედეთი, სლოვენია და რუმინეთი) სტუდენტების 25%-ზე მეტი ცხოვრობს სტუდენტურ საცხოვრებელში.
სტატია მომზადდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით. გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ფრიდრიხ ებერტის ფონდის მოსაზრებებს. მისი კომერციული მიზნით გამოყენება იკრძალება ფონდის წერილობითი ნებართვის გარეშე.
მასალა მოამზადეს
ნინო ხელაძე
ნინო ხელაძე
ავტორი
მერაბ ქართველიშვილი
მერაბ ქართველიშვილი
რედაქტორი