ეთნიკური უმცირესობები ენობრივი ბარიერის გამო ხშირად მნიშვნელოვან სირთულეებს აწყდებიან, მაგალითად, შრომის ბაზარზე, განათლებაზე, ჯანდაცვასა და სხვა სოციალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის მხრივ.
გარდა ამისა, ოფიციალური ენის არცოდნა გარკვეულწილად ხელს უშლის კულტურის, ტრადიციების გაზიარებას და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მეტ ჩართულობას.
რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?
ქართული ენის არცოდნა ეთნიკური უმცირესობებისთვის ინტეგრაციისა და სხვადასხვა სფეროსა თუ საქმიანობაზე წვდომის ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლებაა. კვლევების მიხედვით, უმცირესობების დიდ ნაწილს უჭირს ქართულ ენაზე საუბარი ან საერთოდ არ ფლობს სახელმწიფო ენას. ეს ნიშნული 60%-70%-მდე მერყეობს, რაც ნათლად აჩვენებს პრობლემის მასშტაბს.
შესაბამისად, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ როგორია საერთაშორისო მიდგომები და სახელმწიფოს ვალდებულებები.
ჩვენი კომენტარი
ეთნიკურ უმცირესობებს დაბრკოლებების გარეშე უნდა შეეძლოთ მნიშვნელოვანი მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის კულტურულ, სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში. ინტეგრაციის ერთი-ერთი მთავარი საშუალება სახელმწიფო ენის ცოდნაა.
რა უნდა ვიცოდეთ?
ეთნიკური უმცირესობების ენის აღიარება და დაცვა
ეთნიკურ უმცირესობების ენობრივი უფლებების დაცვა ეფუძნება ორ მთავარ პრინციპს, რომლებიც მოცემულია საერთაშორისო დოკუმენტებში:
- იდენტობის შენარჩუნებისა და განვითარების უფლება − ენა როგორც ინდივიდუალური, ასევე კოლექტიური იდენტობის არსებითი კომპონენტია. შესაბამისად, ენის ირგვლივ არსებული საკითხები განსაკუთრებით ემოციური და მნიშვნელოვანია უმცირესობებისათვის, რომლებიც ცდილობენ შეინარჩუნონ განსხვავებულობა და კულტურული იდენტობა. ამიტომ, მათ უნდა შეეძლოთ საკუთარი ენის თავისუფლად გამოყენება როგორც კერძო, ასევე საჯარო სფეროში.
- არადისკრიმინაციული მოპყრობის უფლება − ყველა ადამიანი დაცული უნდა იყოს ენობრივი ნიშნით დისკრიმინაციისგან. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფომ ბლანკეტურად და დაუსაბუთებლად არ უნდა აკრძალოს ამა თუ იმ ენის გამოყენება.
სახელმწიფო ენის ცოდნის მნიშვნელობა
ქვეყნებს შეუძლიათ მიიღონ კანონები, რომლებიც მიზნად ისახავს სახელმწიფო ენის (ენების) განმტკიცებასა და დაცვას. თუმცა, ცხადია, ასეთ ნაბიჯებს არ უნდა მოჰყვეს ეთნიკური უმცირესობების მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა და სახელმწიფოს მიერ გათვალისწინებული პოლიტიკა უნდა ითვალისწინებდეს მყარ გარანტიებს, რათა უმცირესობებმა შეძლონ საკუთარი ენის ეფექტიანად გამოყენება.
საბოლოოდ,
ინტეგრაციისთვის აუცილებელია საზოგადოების ყველა წევრს თანაბარ პირობებში შეეძლოს, მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში. შესაბამისად, სახელმწიფო ვალდებულია იზრუნოს და თანაბრად ხელმისაწვდომი გახადოს სახელმწიფო ენის სწავლება. სახელმწიფო პოლიტიკა ორიენტირებული უნდა იყოს ხელშემწყობ და წახალისებაზე დაფუძნებულ მიდგომებზე:
- ქვეყანაში უნდა არსებობდეს საკმარისი შესაძლებლობები სახელმწიფო ენის შესასწავლად და ასეთი პროგრამები უნდა იყოს სათანადო/ადეკვატური ხარისხის;
- სახელმწიფო ენის სწავლა შესაძლებელი უნდა იყოს ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის, მათ შორის მათთვის, ვინც უკვე დასაქმებულია საჯარო ან კერძო სექტორში.
სტატია მომზადებულია პროექტის ,,საზოგადოების მედეგობის გაზრდა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ინფორმაციისა და ანალიზის ხელმისაწვდომობის გზით“ ფარგლებში, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) მიერ გაცემული ფონდებით, გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. მოსაზრებები, მიგნებები და დასკვნები, რომლებიც გადმოცემულია ტექსტში ეკუთვნის მხოლოდ ავტორებს და ისინი აუცილებლად არ ასახავს IWPR-ისა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობის შეხედულებებს.