ევროკავშირის სასამართლო, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის დაცვის კუთხით, ევროკავშირის ყველაზე ეფექტიან ინსტიტუტად ჩამოყალიბდა. მის ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებს ,,ჭეშმარიტად რევოლუციურსაც“ კი უწოდებენ. წინამდებარე სტატია სწორედ მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს (ECJ) საინტერესო განმარტებებს მიმოიხილავს სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ.
რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?
უკანასკნელ წლებამდე, სასამართლოს დამოუკიდებლობაზე მსჯელობისას, ECJ ვენეციის კომისიისა და სტრასბურგის სასამართლოს განმარტებებს ეყრდნობოდა. თუმცა, ევროკავშირის ზოგიერთ წევრ სახელმწიფოში არსებული მძიმე გამოწვევების ფონზე, მან საკუთარი სტანდარტების განვითარება დაიწყო. ეს გამოწვევები საქართველოსთვისაც კარგად ნაცნობია. შესაბამისად, საყურადღებოა ევროკავშირში მათზე რეაგირების გზების შესწავლა.
ჩვენი კომენტარი
ECJ იღებს ვალდებულებას, სულ მცირე ისე დაიცვას სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც ამას ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და განმარტავს სტრასბურგის სასამართლო. ის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მართლმსაჯულებაში ნებისმიერი სახის გავლენის გამორიცხვას, ისევე როგორც საზოგადოების აღქმებს სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ.
რას მოიაზრებს სასამართლოს დამოუკიდებლობა ევროკავშირში?
დამოუკიდებლობის კომპონენტები
2018 წელს მიღებულ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში, რომელიც პორტუგალიაში მოსამართლეთა ხელფასების შემცირებას შეეხებოდა, ევროკავშირის სასამართლომ აღნიშნა, რომ ევროკავშირის კანონმდებლობის დაცვა წევრ სახელმწიფოთა შორის მტკიცე თანამშრომლობის პრინციპს უკავშირდება. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირის ტერიტორიაზე ეფექტიანი სამართლებრივი დაცვა ვერ იქნება რეალიზებული თითოეულ სახელმწიფოში სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტირების გარეშე. ამავე გადაწყვეტილებაში ECJ-მ სასამართლოს დამოუკიდებლობის კონცეფციის მთავარი კომპონენტები გამოკვეთა. მისი თქმით, დამოუკიდებელია სასამართლო, რომელიც თავის ფუნქციებს ასრულებს:
- ავტონომიურად;
- რაიმე ტიპის იერარქიული წნეხის ან სუბორდინაციის გარეშე;
- ნებისმიერი სახის მითითების ან ინსტრუქციის არარსებობის პირობებში;
- რომელიც დაცულია გარე ჩარევების ან ზეგავლენებისაგან.
საზოგადოებრივი აღქმები
ECJ-ის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განმარტება შეეხება იმას, თუ რას ნიშნავს დამოუკიდებლობა მოსამართლეთა დანიშვნა-გათავისუფლების საკითხების გადაწყვეტისას. ევროკავშირის სასამართლო მიუთითებს, რომ ამ დროს „ადამიანებს არ უნდა უჩნდებოდეთ გონივრული ეჭვი, გარე ფაქტორების ზეგავლენების მიმართ მართლმსაჯულების შეუვალობისა და ნეიტრალურობის თაობაზე.“
საზოგადოებრივი აღქმების საკითხს ECJ-მ განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია პოლონეთის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებაში, რომელიც მოსამართლეთა საპენსიო ასაკის დაწევას შეეხებოდა. სასამართლომ საკუთარი არგუმენტაცია მნიშვნელოვანწილად სწორედ იმ ფაქტს დააყრდნო, რომ განხორციელებული რეფორმები, სინამდვილეში, მოსამართლეთა კონკრეტული ჯგუფის სისტემისგან ჩამოშორებას ისახავდა მიზნად.
კანონმდებლობის გამართულობა
სასამართლოს თქმით, „წევრ სახელმწიფოებს მოეთხოვებათ, რომ თავიდან აიცილონ მართლმსაჯულების ორგანიზაციული მოწყობის მომწესრიგებელ კანონმდებლობაში ნებისმიერი სახის რეგრესი.“ კანონმდებლობის საკითხზე მსჯელობისას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განმარტება ECJ-მ გააკეთა მოსამართლეთა დისციპლინირებაზე მსჯელობისას. ECJ-ის მიხედვით, კანონმდებლობა არ უნდა აღძრავდეს ეჭვებს, რომ დისციპლინირების განმახორციელებელი ორგანოს ფუნქციები და უფლებამოსილებები „შესაძლოა გამოიყენონ გარე წნეხის ან მოსამართლეთა საქმიანობაზე პოლიტიკური კონტროლის ინსტრუმენტად.“
სტატია მომზადდა კომენტარის მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია კომენტარი და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებებს