პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
სათამაშო ბიზნესი ახალქალაქში

ქვეყანაში არსებული ზოგადი მდგომარეობის შესწავლის შემდეგ, გადავწყვიტეთ, სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებული საკითხები მუნიციპალურ დონეზე განგვეხილა. ამისთვის ახალქალაქი შევარჩიეთ.

ამას ორი მიზეზი აქვს:

  • სამცხე-ჯავახეთში, თბილისისა (83) და აჭარის (40) შემდეგ, ყველაზე მეტი, – 11  მოქმედი სათამაშო ბიზნეს ობიექტია, აქედან მნიშვნელოვანი დატვირთვა ახალქალაქზე მოდის;
  • ახალქალაქის მოსახლეობის 90% ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელია. ეთნიკურ უმცირესობებს ჩვენს ქვეყანაში ბევრი დაბრკოლება აქვთ დასაქმების და სოციალური ინტეგრაციის კუთხით. ამან შესაძლოა წაახალისოს მიჯაჭვულობა აზარტულ თამაშებზე.

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი ადგილობრივ ბიუჯეტში ირიცხება. ამდენად, მისი განვითარება ხელს უწყობს მუნიციპალიტეტის შემოსავლის ზრდას. მაგრამ ასევე ამწვავებს იმ გამოწვევებს, რაც ეთნიკურ უმცირესობებს სოციალური, პოლიტიკური და კულტურული ინტეგრაციის კუთხით აქვთ ჩვენს ქვეყანაში. ამ ტექსტში გვინდა ვისაუბროთ  ადგილობრივი ხელისუფლების როლზე ამ გამოწვევების შესამცირებლად.

ჩვენი კომენტარი

ახალქალაქის ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა შეიმუშაოს მუნიციპალიტეტის განვითარების ახალი სტრატეგია. სტრატეგიამ აზარტული თამაშებისგან მომდინარე ეკონომიკური და სოციალური ზიანის ანალიზის საფუძველზე უნდა განსაზღვროს ამ ზიანის შემცირების გეგმა.

რა გავლენა აქვს სათამაშო ბიზნესს ახალქალაქის მოსახლეობის კეთილდღეობაზე?

რეგიონში სათამაშო ობიექტების სიმრავლე გეოგრაფიული მდებარეობით აიხსნება. სამცხე-ჯავახეთი ესაზღვრება თურქეთს, სადაც სათამაშო ბიზნესი აკრძალულია. რის გამოც ამ ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში სწორედ აზარტული თამაშებისთვის შემოდიან. თუმცა ტურისტებთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობაც ხშირად მიმართავს გართობის ამ ფორმას, რაც მათ სოციალურ მდგომარეობას ართულებს. ახალქალაქელების შემოსავლის ძირითადი წყარო სოფლის მეურნეობა, სოციალური დახმარება ან საზღვარგარეთ სეზონური სამუშაოებია. ადგილობრივი მედიის ცნობით, მოსახლეობა იმდენად დამოკიდებულია აზარტულ თამაშებზე, ხშირად საზღვარგარეთ გამომუშავებულ თანხას ამაში ხარჯავენ. სათამაშო ბიზნესი განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში აქტიურდება, როცა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები ნაკლებად ინტენსიურია და მოქალაქეებიც სეზონური სამუშაოებიდან უკან ბრუნდებიან.

რა უნდა გააკეთოს თვითმმართველობამ?

აზარტულ თამაშებზე მიჯაჭვულობას დასაქმებისა და სოციალიზაციის ალტერნატიული საშუალებების სიმწირეც უწყობს ხელს. ამიტომ ამ საკითხზე მუშაობა თვითმმართველობის განვითარების გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა გახდეს.

ახალქალაქისთვის განვითარების სტრატეგია რამდენჯერმე შეიქმნა. სტრატეგიის დოკუმენტები ადგილობრივი ეკონომიკის დივერსიფიცირებას,  სოციალური ინტეგრაციის ინსტრუმენტების, განათლების, კულტურის გენდერული თანასწორობის ფოკუსით განვითარებას უჭერდა მხარს. ბოლო მათგანი 2024 წლამდე პერიოდს მოიცავდა. ჩვენთვის უცნობია მისი შესრულების შედეგები. ოფიციალური ინფორმაციით კი, მუნიციპალიტეტს ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების ახალ გეგმაზე მუშაობა ჯერჯერობით არ დაუწყია.


სტატია მომზადებულია პროექტის, ,,საზოგადოების მედეგობის გაზრდა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ინფორმაციისა და ანალიზის ხელმისაწვდომობის გზით“ ფარგლებში, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) მიერ გაცემული ფონდებით და გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. მოსაზრებები, მიგნებები და დასკვნები, რომლებიც გადმოცემულია ტექსტში ეკუთვნის მხოლოდ ავტორებს და აუცილებლად არ ასახავს IWPR-ისა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობის შეხედულებებს.

 

 

მასალა მოამზადეს
თამარ გვასალია
თამარ გვასალია
ავტორი
ვახუშტი მენაბდე
ვახუშტი მენაბდე
რედაქტორი