საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი უკვე არის შრომითი მიგრანტი ან მომავალში გეგმავს ქვეყნის დატოვებას. ამ პროცესის სრულად შეჩერება შეუძლებელია, თუმცა ქვეყნისთვის უპირველეს ამოცანას უნდა წარმოადგენდეს ისეთი ეკონომიკური და სოციალური გარემოს შექმნა, რომელიც ორიენტირებული იქნება მოქალაქეების ღირსეულ დასაქმებაზე.
რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?
- საქართველოდან მიგრაციის ტალღა 2019 წლამდეც მზარდი იყო და ემიგრანტთა დიდი წილი სწორედ შრომით მიგრანტებზე მოდიოდა;
- თუმცა ეს ტენდენცია კოვიდ პანდემიისგან გამოწვეული შეზღუდვების შერბილების შემდეგ განსაკუთრებით გაძლიერდა, რასაც ადასტურებს 2021 წლის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები.
ჩვენი კომენტარი
2019 წელს, მმართველი პარტიის მაშინდელმა თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, მოსახლეობას მოუწოდა სამუშაო საზღვარგარეთ ეძებნათ, რადგან “2 მილიონ სამუშაო ადგილს საქართველოში ვერცერთი ეკონომიკა ვერ შექმნის.”
- ამით მან, პრაქტიკულად, გაათავისუფლა სახელმწიფო პასუხისმგებლობისგან, ეზრუნა საკუთარი მოქალაქეების საქართველოში დასაქმებაზე.
- სახელმწიფოს პოლიტიკა ან მიზანი მოსახლეობის სხვა ქვეყანაში ლეგალურ შრომით მიგრანტად გაგზავნა არ უნდა იყოს.
რა არის პრობლემა?
- საქართველოს მოსახლეობა 3,6 მილიონს ოდნავ აღემატება. რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება;
- ამ ფონზე, ქვეყნიდან შრომისუნარიანი ადამიანების მასობრივი გადინება აფერხებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას;
- ყოველი ადამიანი, რომელიც სამუშაოდ მიდის სხვა ქვეყანაში, საქართველოსთვის ნიშნავს დაკარგულ გონებრივ და ფიზიკურ რესურსს;
- რაც მალე გამოიწვევს ქვეყანაში (ზოგიერთ სფეროში უკვე ასეც არის) კვალიფიციური კადრების ნაკლებობას ბევრი მიმართულებით.
რა უნდა ვიცოდეთ?
- მიგრანტად ითვლება ადამიანი, რომელმაც დატოვა ქვეყანა ბოლო 12 თვეში და სულ მცირე 183 დღე (შეიძლება იყოს რამდენიმე გასვლის ჯამი) იმყოფებოდა სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე;
- შრომითი მიგრაცია არის დასაქმების მიზნით საკუთარი ქვეყნის დატოვება და სხვა ქვეყანაში გამგზავრება.
- ბოლო წლებში ჩატარებული კვლევების თანახმად, საზოგადოების მთავარი პრობლემებია: სამუშაო ადგილების სიმწირე, სიღარიბე და პროდუქტზე ფასების ზრდა.
რიცხვებში
2018 წლის მონაცემებით მიგრაციის ძირითადი ქვეყნები 838 000 ქართველი მიგრანტისთვის:
- რუსეთი - 450 000
- ევროკაშირის 28 ქვეყანაში - 167 553 (ყველაზე მეტი 81 000 მიგრანტი საბერძნეთშია, 22 000 გერმანიაში, ხოლო 12 000 - იტალიაში)
- უკრაინა - 65 042
- აზერბაიჯანი - 50 173
- სომხეთი 40 794
- ამერიკის შეერთებული შტატები - 24 456 (2015 წლის მონაცემით)