პლატფორმა “კომენტარი” აერთიანებს პროფესიონალებს, რომლებიც ფართო საზოგადოებას სთავაზობენ კრიტიკულ ხედვას საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
სტუდენტური საცხოვრებლები საქართველოში
ოქტომბერი 12, 2022

რეგიონიდან ქალაქში სასწავლებლად ჩასულ სტუდენტებს საცხოვრებლის პოვნა უჭირთ. ხელმისაწვდომი სტუდენტური საცხოვრებლები ამ პრობლემის გადაჭრის საშუალება იქნებოდა, თუმცა ეს საკითხი საქართველოში მოუგვარებელია.

რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს თემა?

  • 2022 წლიდან თბილისსა და სხვა ქალაქებში ბინის ქირა საგრძნობლად გაძვირდა;
  • სტუდენტთა რაოდენობა კი წლიდან წლამდე იზრდება, ხოლო სტუდენტური საცხოვრებლების რაოდენობა არასაკმარისია.

ჩვენი კომენტარი

  • თბილისში, ფაქტობრივად, არ არსებობს უსაფრთხო და ხელმისაწვდომი საცხოვრებელი სტუდენტებისთვის, რაც ქმნის განათლებაზე ხელმისაწვდომობის პრობლემას;
  • საჭიროა, უნივერსიტეტებმა, სახელმწიფოსთან ერთად, მოაგვარონ ეს საკითხი და უზრუნველყონ სტუდენტები საცხოვრისით.

რა არის პრობლემა?

საქართველოს საჯარო უნივერსიტეტების თითქმის ნახევარი და კერძო უნივერსიტეტების ნახევარზე მეტი თბილისშია.

სტუდენტური საცხოვრებელი თბილისში მხოლოდ ერთ საჯარო უნივერსიტეტს აქვს - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს - და ის ორ შენობას მოიცავს.

  • ბაგების სტუდენტურ საცხოვრებელში არ არის ადეკვატური საცხოვრებელი პირობები, რადგან ის ძველი და ავარიულია;
  • ლისის საერთო საცხოვრებელი გათვლილია 300 სტუდენტზე, რომელთა დიდი ნაწილიც უცხოელი სტუდენტია.

2016 წელს ლისის საერთო საცხოვრებელში ცხოვრებისთვის განაცხადი 10 000-მა სტუდენტმა შეავსო, რაც კიდევ ერთხელ წარმოაჩენს სტუდენტური საცხოვრებლის საჭიროებას.

რა უნდა ვიცოდეთ?

  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაგების საერთო საცხოვრებელი 1975 წელს აშენდა, იგი 3 000 სტუდენტზე იყო გათვლილი. თუმცა, სახელმწიფოში მომხდარი მძიმე სოციო-ეკონომიკური თუ პოლიტიკური მოვლენებიდან გამომდინარე, ამ შენობებში, რომლებიც ახლა უკვე ავარიულია, დევნილები შეასახლეს;
  • შედეგად, აქ სტუდენტებისთვის მხოლოდ 396 ადგილია დარჩენილი; 

ამ ეტაპზე, საუბარი დაწყებულია 3000 ადგილიან სტუდენტური საცხოვრებლის მშენებლობაზე, თუმცა პანდემიის პერიოდში ინვესტორი ვერ მოიძებნა, პანდემიის შემდეგ კი ახალი გადაწყვეტილება არ გამოქვეყნებულა. ახლა სტუდენტებს ისღა დარჩენიათ: 

  • საცხოვრებელი ან თბილისში მცხოვრებ ნათესავებთან და ახლობლებთან ეძებონ,
  • ან გადაიხადონ ბინის ქირა, რომელიც ბევრად აღემატება სტუდენტური საცხოვრებლის ტარიფებს.

რიცხვებში:

  • „ევროსტუდენტის“ კვლევის მიხედვით, 26 ქვეყნიდან საქართველოში ყველაზე მაღალია (35%) იმ სტუდენტების წილი,  რომლებიც ფიქრობენ, რომ ძალიან სერიოზული ფინანსური სირთულეების წინაშე დგანან;
  • ამავე კვლევის მიხედვით, საქართველოში სტუდენტების 34%-ის შემოსავლების ნახევარზე მეტი ხმარდება საცხოვრებელ ხარჯებს;
  • სტუდენტების 48% მუშაობს იმისთვის, რომ დაფაროს საცხოვრებელი ხარჯები;
  • სტუდენტების საშუალო თვიური შემოსავალი 506 ლარია, ხოლო ბინის ქირის ფასი თბილისში 2022 წლის ივლისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 50%-ით გაიზარდა და საშუალოდ კვ.მ-ზე 8 დოლარს შეადგენს. 
სტატია მომზადდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით. გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ფრიდრიხ ებერტის ფონდის მოსაზრებებს. მისი კომერციული მიზნით გამოყენება იკრძალება ფონდის წერილობითი ნებართვის გარეშე.
მასალა მოამზადეს
ნინო ხელაძე
ნინო ხელაძე
ავტორი
მერაბ ქართველიშვილი
მერაბ ქართველიშვილი
რედაქტორი